Thumbnail

'ძალიან რთული თამაში გველის' - მაკაბის მწვრთნელი დინამო თბილისზე

ჰაიფას მაკაბის მთავარმა მწვრთნელმა ბარაკ ბახარმა დინამო თბილისთან მატჩის წინ პრესკონფერენციაზე ისაუბრა. საქართველოს ჩემპიონი კონფერენსლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე ისრაელის გუნდთან პირველ შეხვედრას 22 ივლისს, "დინამო არენაზე" ჩაატარებს.

ცნობისთვის, მაკაბიმ, დინამო თბილისის მსგავსად, კონფერენსლიგაში ჩემპიონთა ლიგიდან გადაინაცვლა, სადაც პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე ალმათის ქაირათთან წააგო (1:1, 0:2).

ბარაკ ბახარი (ჰაიფას მაკაბის მთავარი მწვრთნელი): "ბუნებრივია, განვიცდით ჩემპიონთა ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპიდან გამოვარდნას. გვსურდა, მაქსიმალურად შორს წავსულიყავით, მაგრამ იმედია, რომ წარუმატებლობას სწრაფად დავივიწყებთ და მომავალ შეხვედრებში ხასიათს გამოვისწორებთ.

ვიცით, რომ დინამო თბილისი არის დიდი ტრადიციების და გამოცდილების მქონე, ტიტულოვანი კლუბი. რაც შეეხება ხვალინდელ დაპირისპირებას, ვნახეთ მეტოქის ბოლო მატჩები და ძალიან, ძალიან რთული თამაში გველის. შევეცდებით, გავაკეთოთ ის, რაც შეგვიძლია, დანარჩენს კი თამაში გვიჩვენებს. რა თქმა უნდა, ჩვენი სურვილია, მივაღწიოთ გამარჯვებას. 

რა თქმა უნდა, ლადო დვალიშვილისა და გიორგი დარასელიას პერიოდი კლუბისთვის წარმატებული იყო, მაგრამ ჩვენც შევეცდებით, გავიმეოროთ ის წარმატებები და ამისთვის მცდელობა არ დავაკლოთ. ხვალაც შევეცდებით, წარმატებას მივაღწიოთ". 

დინამო თბილისისა და ჰაიფას მაკაბის საპასუხო დაპირისპირება ისრაელში 27 ივლისს გაიმართება. წყვილში გამარჯვებული კონფერენსლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპზე გავა, სადაც პოდგორიცას ბუდოჩნოსტსა (მონტენეგრო) და ტორსჰავნს (ფარერები) შორის მოგებულს შეხვდება

კომენტარები

ბოლო ამბები