Thumbnail

შავმა ლომმა ევროპის სუპერთასის განაცხადში კიდევ 4 მორაგბე შეიყვანა

დათო მანჯავიძე პროფილის ფოტო
დათო მანჯავიძე
  • ოთხეულშია საქართველოს ნაკრების გამოცდილი 9 ნომერი გიორგი ბეგაძე
  • რაგბი ევროპის ახალი ტურნირის ჯგუფური ეტაპი სექტემბერში დაიწყება

პირველმა ქართულმა პროფესიულმა ფრენჩაიზმა “შავი ლომი”, რომელიც სექტემბრიდან ახალ საკლუბო ტურნირში ჩაერთვება, წინა ხაზის მორაგბეები გასულ დღეებში დაასახელა, ახლა კი, უკანა ხაზის ჯერიც დადგა.

როგორც დღეს გახდა ცნობილი, “შავ ლომში” 9 და 10 ნომრის პოზიციებზე 4 მორაგბე შეარჩიეს: თენგიზ პერანიძე, გიორგი ბეგაძე, გიორგი ბაბუნაშვილი და დავით მოძღვრიშვილი. ამ მოთამაშეებში ყველაზე გამოცდილი 35 წლის ბეგაძეა, რომელიც საქართველოს ეროვნულ ნაკრებში უკვე 10 წელია თამაშობს და ზურგს 65 კეპი უმაგრებს.

მეოთხე ოთხი ⚫️ 🦁 🏉 #ცხრები & #ათები

Posted by შავი ლომი . Black Lion on Wednesday, July 21, 2021


შეგახსენებთ, რომ ახალ ტურნირში მონაწილეობას მიიღებენ როგორც ევროპული კლუბები, ასევე – ფრენჩაიზები. პირველი სუპერთასისთვის რვა გუნდი იბრძოლებს – თითო საქართველოდან, ბელგიიდან, ესპანეთიდან, პორტუგალიიდან, ნიდერლანდებიდან და ისრაელიდან, ორი რუსეთიდან.
საწყის ეტაპზე მონაწილე გუნდები რეგიონალური პრინციპით ორ კონფერენციად დაიყოფიან.

აღმოსავლეთ კონფერენციაში ითამაშებენ: შავი ლომი (საქართველო), ენისეი (რუსეთი), ლოკომოტივი პენზა (რუსეთი), თელავივ ჰითი (ისრაელი). დასავლეთ კონფერენციაში მოხვდნენ: ბრიუსელს დევილზი (ბელგია), დელტა (ნიდერლანდები), ლუსიტანოს XV (პორტუგალია), იბერიანზი (ესპანეთი).

ევროპის სუპერთასის ჯგუფური ეტაპი სექტემბერში დაიწყება. გუნდები შინ და გარეთ ექვს ტურს ითამაშებენ – ორ-ორს სექტემბერში, ოქტომბერში და დეკემბერში. თითოეული კონფერენციის ორ-ორი მოწინავე ნახევარფინალში გავა და პირველადგილოსნები მეორეებს აპრილში ეთამაშებიან, ფინალი კი მაისში გაიმართება.

კომენტარები

ბოლო ამბები