Thumbnail
  • მადრიდის რეალმა ახალწვეული დავიდ ალაბა ოფიციალურად წარადგინა
  • ავსტრიელი მცველი სამეფო კლუბში 4-ნომრიანი მაისურით ითამაშებს

ასეთი ცერემონიებისთვის ფლორენტინო პერესი ყოველთვის იცლის - რეალ მადრიდის პრეზიდენტს ლაპარაკი ნებისმიერ დროს კარგად გამოსდის და იმიტომ.

ეს განსაკუთრებული მომენტიაო, თქვა პერესმა და იქვე დაამატა, რომ “როცა რეალს ახალი ფეხბურთელი ჰყავს, ეს ყოველთვის განსაკუთრებული მომენტია.” ბოლო დროს არაერთხელ გაკრიტიკებულმა პერესმა ხაზგასმით დასძინა, რომ ეს არის კლუბი, რომელსაც ჩემპიონთა ლიგა 13-ჯერ აქვს მოგებული, რაც იმას ნიშნავს, რომ რომელიმე ფეხბურთელის დათანხმება თითქმის არასდროს უჭირს.

29 წლის ალაბამ, რომელიც ავსტრიის ნაკრების ლიდერია და მსოფლიოს თავი მიუნხენის ბაიერნიდან გააცნო, რეალთან კონტრაქტი დიდი ხანია, გააფორმა, თუმცა მადრიდელებმა ის ოფიციალურად ახლაღა წარადგინეს. რეკორდმაისტერიდან უფასოდ გადაბირებულმა მცველმა, რომელსაც ნახევარდაცვაშიც შეუძლია თამაში, თავისი ბედი მადრიდულ გრანდს 5 წლით, 2026 წლამდე დაუკავშირა.

პერესმა, როგორც სჩვევია, ბევრი ილაპარაკა - რეალიც აქო, ალაბაც და არც მიუნხენის ბაიერნის შექება დაავიწყდა. აი, ალაბას სიტყვა კი გაცილებით მოკლე და ბანალური გახლდათ. “ამაყი ვარ! მადლობელიც... აქ ყოფნა და ამ თეთრი ფორმის ჩაცმა ჩემთვის პატივია!” - აღნიშნა ავსტრიელმა, რომელმაც თავისი ორნახევარი წინადადება ყველასათვის ნაცნობი სიტყვებით დაასრულა: “Hala Madrid!”

მერე მაინც იძულებული გახდა, ცოტა ვრცლად ესაუბრა, რადგან ჟურნალისტებმა რამდენიმე კითხვა დაუსვეს. ალაბამ რეალის სასარგებლოდ არჩევანის გაკეთება იმით ახსნა, რომ “სურს, გაიზარდოს როგორც ფეხბურთელი და როგორც ადამიანი.” მან ისიც თქვა, რომ ბაიერნის შემდეგ ამისათვის მხოლოდ ერთი ოფცია ჰქონდა და ეს რეალ მადრიდი იყო. “ბავშვობაშივე შევნიშნე, რაოდენ განსაკუთრებული კლუბია რეალი,” - ესეც ალაბას სიტყვებია.

წარდგენის ყველაზე ემოციური მომენტი ის იყო, როცა ალაბას დედამ ცრემლები ვერ შეიკავა. ეს ჯერ კიდევ პრესკონფერენციის დასაწყისში მოხდა, როდესაც გაუშვეს ვიდეო, სადაც ნაჩვენები იყო ალაბას ბავშვობის მომენტები, ბაიერნში და ავსტრიის ნაკრებში გატანილი გოლები და მიღწეული წარმატებები.

ალაბას დედამ პრეზენტაციის დროს ცრემლები ვერ შეიკავა

აღსანიშნავია, რომ როცა ავსტრიელმა რეალში გადასვლა გადაწყვიტა, გუნდის მწვრთნელი ჯერ კიდევ ზინედინ ზიდანი გახლდათ და იმ დროს არც სერხიო რამოსის წასვლა იყო გადაწყვეტილი. ამ თემაზე ალაბამ ჟურნალისტებს უთხრა, რომ მისთვის სამწუხაროა ზიდანის მეორედ წასვლა, თუმცა ბაიერნში მუშაობის პერიოდიდან კარგად იცნობს კარლო ანჩელოტის და ახსოვს, რომ მასთან ძალიან კარგი ურთიერთობა ჰქონდა.

დავიდ ალაბამ კარიერა მარცხენა მცველის პოზიციაზე დაიწყო, ბოლოს დაცვის ცენტრში თამაშობდა, ავსტრიის ნაკრებში კი ნახევარდაცვაში უფრო სჭირდებათ ხოლმე - ხან საყრდენად, ხან ცენტრში და ხანაც გამთამაშებლად. კითხვაზე, რომელ პოზიციაზე ურჩევნია თამაში, ავსტრიელმა ასე უპასუხა: “მე ყველაფრისთვის მზად ვარ. საბოლოოდ, ეს მხოლოდ მწვრთნელის გადასაწყვეტია. მე მას სრულიად ვენდობი!”

ყოფილ თანაგუნდელ ტონი კროოსთან შეხვედრა უხარია, კონკურენცია კი არ აშინებს, რაც ლოგიკურია, რადგან სერხიო რამოსი უკვე წავიდა და დიდი შანსია, რეალი რაფაელ ვარანმაც დატოვოს.

ბოლო დღეებში ვრცელდებოდა ცნობები, რომ რეალში რამოსის ნომერი არავის სურდა. დავიდ ალაბა რეალში სწორედ მისი მე-4 ნომრით ითამაშებს, რაც ასე ახსნა: “კლუბში მითხრეს, რომ სხვა ნომერი თავისუფალი არ იყო, ის კი ნამდვილად არ მინდოდა, რომ რომელიმე ახალი თანაგუნდელისთვის ნომერი მეთხოვა.”

ფაქტია, პერესსაც სურდა, რომ რამოსის ნომერი ალაბას აეღო. ფლორენტინოს ამაზე არაფერი უთქვამს, მაგრამ ისედაც გასაგებია...

 

კომენტარები

ბოლო ამბები