Thumbnail

'ის შეცდომები აღარ უნდა გავიმეოროთ' - რა თქვა ცხადაძემ მაკაბისთან მატჩის წინ

ლუკა გაბიდაური პროფილის ფოტო
ლუკა გაბიდაური

დინამო თბილისის მთავარმა მწვრთნელმა კახა ცხადაძემ ჰაიფას მაკაბისთან დაპირისპირების წინ პრესკონფერენციაზე ისაუბრა. საქართველოს ჩემპიონი კონფერენსლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე ისრაელის გუნდთან პირველ შეხვედრას 22 ივლისს, "დინამო არენაზე" ჩაატარებს. 

კახა ცხადაძე (დინამო თბილისის მწვრთნელი)

...ჩემპიონთა ლიგიდან გამოვარდნაზე: "სამწუხაროა, რომ ჩემპიონთა ლიგაზე ვერ მივაღწიეთ შედეგს, რომელიც ჩვენ და მთელ ქვეყანას უნდოდა. ძალიან უხეში ინდივიდუალური შეცდომების გამო მივიღეთ ეს შედეგი და ადრეც აღვნიშნე, რომ მსგავს დონეზე ასეთი შეცოდმების დაშვება არ შეიძლება. ასევეა ხვალინდელ თამაშშიც, მეტოქეს მაღალი დონის ფეხბურთელები ჰყავს და არ შეიძლება შეცდომების დაშვება. ძალიან მტკივნეული იყო ნეფთჩისთან მარცხი, არცერთ მატჩში მარცხს არ ვიმსახურებდით, თუ ვინმეს განსხვავებული აზრი აქვს, შემიძლია ყველას შევედავო. მაგრამ მაკაბისთან ეს ორი თამაში არის შანსი, მოტივაციის თავლსაზრისით, რომ ფეხბურთელებმა თვითონაც დაივიწყონ ის წაგება და გულშემატკივრებსაც დაავიწყონ ის. მათ შეუძლიათ, რომ აქ წარმატებით ნეფთჩისთან წარუმატებლობა ისტორიას ჩააბარონ".

...როინ კვასხვაძის შესახებ: "ძალიან სერიოზული ფსიქოლოგიური წნეხი ჰქონდა. ურთიერთშეთანხმების საფუძველზე, იმ მდგომარეობიდან გამომდინარე, რაც კვასხვაძის თავს იყო, გადავწყვიტეთ, რომ ის დინამოში აღარ იქნება. ახლა ვითამაშებთ იმ კონტიგენტით, რაც გვყავს, მომავალში კი ვნახოთ, რა მოხდება. ძალიან ძნელია მეკარისთვის ასეთი ფსიქოლოგიური წნეხის ქვეშ თამაში და წარმატებებს ვუსურვებთ მას მომავალში."

ნეფთჩისთან მატჩების შემდეგ, კვასხვაძემ დინამო დატოვა

...მაკაბის შესახებ: "ძალიან სერიოზული მეტოქეა, ინდივიდუალურად ძლიერი ფეხბურთელები ჰყავს, საკმაოდ თანამედროვე ფეხბურთს თამაშობენ. საინტერესოა, ასეთ მეტოქესთან თავს როგორ წარმოვაჩენთ. ყველანაირად უნდა ვეცადოთ, რომ აგრესიულად ვითამაშოთ და მეტოქეს არ მივცეთ იმის საშუალება, რომ თავისი თამაში თავზე მოგვახვიოს, ინიციატივა არ უნდა დავუთმოთ და თუ ეს გამოგვივა, მაშინ ძალიან კარგი შანსი გვექნება. ცხადია, გარდა ამისა, თუ აღმოვფხვრით იმ ინდივიდუალურ შეცდომებს, რაც წინა შეხვედრებში გვქონდა, ნამდვილად საინტერესო თამაში იქნება."

...საკუთარ მომავალზე: "ვფიქრობ, დღეს ჩემზე საუბარი აქტუალური არ არის. ყველაფერი კომპლექსურია, არის კლუბის მოთხოვნები და არის სამწვრთნელო შტაბის მოთხოვნები. ჩვენ მოვედით ამ გუნდში იმისთვის, რომ გუნდს დავეხმაროთ. მომავალში კი ვნახოთ, რა მოხდება. საჭიროა გეგმა, არ შეიძლება 3-თვიანი, 6-თვიანი ან თუნდაც 1-წლიანი გეგმით წარმატებაზე ფიქრი. რაც შეეხება იმიჯს, ყველა წარუმატებელი თამაში ყოველთვის მწვრთნელის პასუხისმგებლობაა, ამიტომ, ყველანაირად ვცდილობთ, რომ ჩვენი შედეგი იყოს მაქსიმალური. დინამო თბილისთან ჩვენს თანამშრომლობას მომავალში ერთად გადავწყვეტთ".

გიორგი გაბედავა (დინამო თბილისის ფეხბურთელი)

...მაკაბისთან მატჩზე: "ძალიან ძნელია, როცა მეტოქეს ორივე თამაშში აჯობებ და მაინც დამარცხდები. ფსიქოლოგიურად ძალიან რთული მომენტია, თუმცა, ეს სწრაფად უნდა დავივიწყოთ და მაკაბისთან მატჩებზე გადმოვერთოთ. ვფიქრობ, გვაქვს შანსი დავამტკიცოთ, რომ კარგად თამაში ნამდვილად შეგვიძლია და ეს მაქსიმალურად უნდა გამოვიყენოთ. მაქსიმალურად უნდა გამოვასწოროთ ის ინდივიდუალური შეცდომები, რაც წინა მატჩებში გვქონდა. ეს შეცდომები აღარ უნდა განმეორდეს, უფრო ყურადღებით და მეტი მოტივაციით უნდა ვითამაშოთ".

დინამო თბილისი მაკაბისთან მნიშვნელოვანი მატჩისთვის ემზადება
📸 | დინამო თბილისი

დინამო თბილისისა და ჰაიფას მაკაბის საპასუხო დაპირისპირება ისრაელში 27 ივლისს გაიმართება. წყვილში გამარჯვებული კონფერენსლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპზე გავა, სადაც პოდგორიცას ბუდოჩნოსტსა (მონტენეგრო) და ტორსჰავნს (ფარერები) შორის მოგებულს შეხვდება.

კომენტარები

ბოლო ამბები