Thumbnail

'ეს მთელი ცხოვრება დაამახსოვრდება' - გაფრინდაშვილის საპასუხო საჩუქარი მესის

დათო მანჯავიძე პროფილის ფოტო
დათო მანჯავიძე
  • მსოფლიო ჭადრაკის ლეგენდამ არგენტინელ ვარსკვლავს მოოქროვილი ჭადრაკი გაუგზავნა
  • გასულ თვეში, 80 წლის იუბილესთან დაკავშირებით, ნონამ მესისგან მაისური მიიღო

ესპანური ბარსელონასა და არგენტინის ნაკრების ვარსკვლავმა ლიონელ მესი, ნონა გაფრინდაშვილისგან ძვირფასი საჩუქარი მიიღო. ეს იყო ყურადღების ჟესტი მსოფლიო ჭადრაკის ლეგენდისგან, რომელმაც ცოტა ხნის წინ საჩუქრით თავად მესიმ დააფასა.

შეგახსენებთ, რომ ივნისში მსოფლიოს ხუთგის ჩემპიონმა ჭადრაკში 80 წლის იუბილესთან დაკავშირებით, ლიონელ მესისგან ავტოგრაფიანი მაისური მიიღო. ოქროს ბურთის 6-გზის მფლობელმა ჭადრაკის ქართველ ლეგენდას მაისური გამოუგზავნა, რომელსაც ესპანურენოვანი წარწერა ჰქონდა: “ნონა, დაბადების დღეს გილოცავ!”.

გაფრინდაშვილმა საპასუხო საჩუქარზე ფიქრი მაშინვე დაიწყო და მიზნის განხორციელებაში კომპანია “ზარაფხანა“ დაეხმარა, სადაც საგანგებოდ ლიონელ მესისთვის, მოოქროვილი ფიგურებით, სამეფო ჭადრაკი დაამზადეს და კოპა ამერიკაზე გამარჯვება მიულოცეს.

ნონა გაფრინდაშვილი: “რაც მესისგან საჩუქრად მაისური მივიღე, იმის შემდეგ ვფიქრობდი, საპასუხოდ რა საჩუქარი შემერჩია. მჯეროდა, რომ "კოპა ამერიკას" მოიგებდა და მინდოდა, გამარჯვება განსაკუთრებულად მიმელოცა. ამ დროს დამიკავშირდნენ “ზარაფხანიდან“ და მითხრეს, რომ მოოქროვილი სამეფო ჭადრაკის დამზადება სურდათ, რაც ჩემთვის დიდი სიურპრიზი იყო. ეს იქნება არა ჩემი, არამედ საქართველოს სახელით გაგზავნილი საჩუქარი. მახსოვს, როდესაც მესიმ თბილისში 2015 წლის სუპერთასზე ითამაშა, მთელი სტადიონი ყვიროდა “მესი! ბარსა!“. ვფიქრობ, ეს სიმბოლური საჩუქარია და მთელი ცხოვრება დაამახსოვრდება“.

მესის საჩუქრის წარდგენა ჭადრაკის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებაზე მოხდა, რომელიც საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის ორგანიზებით, ვერის ბაღში გაიმართა. ჭადრაკის საერთაშორისო ფედერაცია 1924 წელს საფრანგეთის დედაქალაქ პარიზში დაფუძნდა, ჭადრაკის საერთაშორისო დღე კი, მთელს მსოფლიოში, 1961 წლიდან აღინიშნება.

კომენტარები

ბოლო ამბები