Thumbnail
  • მილუოკი ბაქსი 1971 წლის შემდეგ პირველ ჩემპიონობას ზეიმობს
  • იანისმა თავის გუნდს ფინალის მეექვსე მატჩი 105:98 მოაგებინა
  • Greek Freak-მა საჩემპიონო თამაშში 50 ქულა ჩააგდო

მისია შესრულებულია - იანის ანტეტოკუნმპომ მილუოკი გააჩემპიონა! ეს ბაქსის პირველი ტიტულია ნახევარსაუკუნიანი პაუზის შემდეგ. ფინიქს სანსთან სუპერფინალური სერიის მეექვსე მატჩი მილუოკიმ 105:98 მოიგო და ეს გამარჯვება სწორედ Greek Freak-ის ეპიკური თამაშის დამსახურებაა.

იანისმა 50 ქულით (16/25, 17/19 საჯარიმო), 14 მოხსნითა და 5 დაფარებით შთამბეჭდავ ფინალურ სერიას ძახილის ნიშანი დაუსვა! ამით მან NBA-ს Closeout Game-ში ქულების რეკორდი გაიმეორა (ბობ პეტიტსაც 50 ქულა ჰქონდა 1958 წელს). ცხადია, იანისი ფინალების MVP-ც გახდა - ზეიმის დროს მას ცრემლების შეკავება გაუჭირდა, არენის წინ კი მილუოკის ჩემპიონობას 65 000-ზე მეტი ფანი ზეიმობდა.

50 ქულა საჩემპიონო მატჩში - იანისი ფინალების MVP გახდა

ბერძენმა განსაკუთრებით შთამბეჭდავად მეორე ტაიმში ითამაშა. ყველაზე კარგად მას კრის მიდლტონი ეხმარებოდა (17 ქულა, 6/13), კარგად ითამაშა ბობი პორტისმაც (16 ქულა). ჯრუ ჰოლიდეის ბევრი ქულა არ ჰქონია (12, 4/19), მაგრამ დაცვაში ითამაშა ძალიან საიმედოდ და პლეიმეიკერის რანგშიც ბრწყინავდა (11 ასისტი პლუს 9 მოხსნა).

ფინიქსიდან კრის პოლმა 26 ქულა და 5 პასი მიითვალა, დევინ ბუკერმა 19 ქულა ჩააგდო (8/22). 10-ქულიან ზღვარს გადასცდნენ დეანდრე ეიტონი (12 ქულა და 6 მოხსნა) და ჯეი კრაუდერი (15 ქულა და 13 მოხსნა). კამერონ პეინს 10 ქულა ჰქონდა. თუმცა ეს ყველაფერი არ აღმოჩნდა საკმარისი იმისათის, რომ ფინიქსს მილუოკი შეეჩერებინა.

თამამად შეიძლება ითქვას, რომ გადამწყვეტი მატჩი ფაქტობრივად იანისმა მოიგო. ბერძენმა ფინალურ სერიაში უკვე მეორედ შეძლო ერთ პერიოდში 20 ქულის ჩაგდება. მას უბრალოდ სასწაული დღე ჰქონდა, უფრო მეტიც: ეპიკური! 26 წლის იანისისგან ეს ლეგენდარული პერფორმანსი გამოვიდა. მას შემდეგ, რაც დაფარებების დათვლა დაიწყეს (1974), ფინალურ მატჩში 50/10 და 5 ბლოკშოტი არავის ჰქონია.

“მინდა, მილუოკის მადლობა გადავუხადო იმისათვის, რომ ჩემი დაიჯერეს. მეც ვენდობოდი ამ გუნდს. მიზნის მიღწევა ამ ქალაქისთვის და ამ ბიჭებისთვის მინდოდა. უბრალოდ ბედნიერი ვარ, რომ ეს შევძელით,” - განაცხადა ზეიმის დროს იანისმა.

“თამაშს თავს არ ვანებებ. დღევანდელი ამბავი ჩემთვის იმას ნიშნავს, რომ მუშაობა უნდა გავაგრძელო,” - აღნიშნა ფინიქსის ლიდერმა კრის პოლმა.

“ვხვდები, რომ დიდხანს ვიქნებით გულდაწყვეტილები, ეს მარცხი ძალიან მტკივნეულია. მთავარი მწვრთნელის რანგში ასეთი ტკივილი აქამდე არასდროს გამომიცდია. საერთო ჯამში, ის, რაც წელს გავაკეთეთ, ჩვენი კალათბურთელებისთვის უდიდესი წარმატებაა,” - ეს ფინიქსის მთავარი მწვრთნელის, მონტი უილიამსის სიტყვებია.

კომენტარები

ბოლო ამბები