Thumbnail

PREVIEW | დინამო თბილისი კონფერენსლიგაზე - მეტოქე ძლიერი და გამოცდილია

ქეთო რაზმაძე პროფილის ფოტო
ქეთო რაზმაძე

საქართველოს ჩემპიონი დინამო თბილისი ჩემპიონთა ლიგას გამოეთიშა, მაგრამ ევროთასებზე თამაშს აგრძელებს. კახა ცხადაძის გუნდი უეფას კონფერენსლიგაში ერთვება, სადაც მე-2 საკვალიფიკაციო ეტაპზე ჰაიფას მაკაბის შეხვდება.

დინამო ჩემპიონთა ლიგაში ბაქოს ნეფთჩისთან ორივე შეხვედრაში ერთნაირი ანგარიშით (1:2) დამარცხდა. ჩემპიონთა ლიგიდან გადმოსულია მაკაბიც, რომელიც ყაზახეთის ჩემპიონ ალმატის ყაირატთან გამოვარდა.

აღსანიშნავია, რომ დინამო თბილისს ისრაელის გუნდის წინააღმდეგ ოფიციალური შეხვედრა არასდროს უთამაშია. ქართულ კლუბს პირველად ხვდება მაკაბიც. სხვათა შორის, ამ გუნდის ღირსებას 2009-2012 წლებში საქართველოს ნაკრების ყოფილი თავდამსხელი ლადო დვალიშვილი იცავდა, რომელმაც იქ დიდი კვალი დატოვა და 113 თამაშში 51 გოლი გაიტანა.

ზოგადად, ჰაიფას მაკაბი ევროთასებზე სტაბილურად ასპარეზობს და რიგ შემთხვევებში წარმატებასაც აღწევს. ასე, მაგალითად, ორჯერ აქვს ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე ნათამაშები - 2002/03 და 2009/10 წლების სეზონში, თუმცა, ორჯერვე ჯგუფში ჩარჩა, რადგან ძლიერი მეტოქეები ჰყავდა - ჯერ მანჩესტერი (რომელსაც შინ 3:0 მოუგო), ლევერკუზენი და ოლიმპიაკოსი, მერე კი ბორდო, ბაიერნი და იუვენტუსი. გარდა ამისა, სამჯერ მოხვდა ევროპალიგის ჯგუფშიც - 2006/07, 2011/12 და 2013/14 წლების სეზონებში, ხოლო 1998/99 წლებში თასების თასზე მეოთხედფინალამდე მივიდა!

ამრიგად, ისრაელის გუნდს ზურგს საკმაოდ კარგი ისტორია და დიდი გამოცდილება უმაგრებს. მაკაბის გასულ სეზონშიც ერთი ნაბიჯი დააკლდა ევროპალიგის ჯგუფურ ეტაპამდე და პლეი ოფში ტოტენჰემთან წააგო, მანამდე კი ყაზახური ყაირატი და რუსული როსტოვი დაამარცხა. ჰაიფელები შიდა ასპარეზზეც გამორჩევიან - 13-ჯერ გახდნენ ისრაელის ჩემპიონები, 6-ჯერ თასი მოიგეს.

დინამო თბილისი ბოლო დროს იდეალური ფორმისგან შორსაა. მიუხედავად იმისა, რომ კახა ცხადაძის გუნდმა ბაქოს ნეფთჩისთან ბოლომდე იბრძოლა და ობიექტურად, თამაშით აჯობა კიდეც, მაინც ორივე მატჩი წააგო. თბილისურმა გუნდმა აზერბაიჯანელებთან 180 წუთში ბევრი მოულოდნელი შეცდომა დაუშვა და მეტოქეს 3 გოლი "აჩუქა". ცხადია, ასეთ დონეზე მსგავსი შეცდომები დასჯადია.

ზოგადად, ქართულ კლუბს არცთუ ისე სახარბიელო პერიოდი აქვს და უკანასკნელ სამ შეხვედრაში დამარცხდა, თუ ნეფთჩისთან მატჩების გარდა, საქართველოს ჩემპიონატში ჩატარებულ ბოლო შეხვედრასაც მივიღებთ მხედველობაში. გუნდი როინ კვასხვაძემ დატოვა, რომელსაც ნეფთჩის წინააღმდეგ ორივე თამაშში სერიოზული შეცდომები ჰქონდა.

დინამო-მაკაბის დაპირისპირებას შვეიცარიელ მსაჯთა ბრიგადა განსჯის, მთავარი არბიტრი კი ლუკას ფანდრიხი იქნება.

საინტერესო ფაქტები

⚽ ეს გუნდები აქამდე ერთხელ შეხვედრიან, 2016 წლის ივნისში, ამხანაგურ მატჩში, რომელიც დინამოს გამარჯვებით დასრულდა - 2:0. გოლები გიორგი ქვილითაიამ და ოთარ კიტეიშვილმა გაიტანეს.

⚽ ჰაიფას მაკაბის ბოლო 5 მატჩში ერთხელ გავიდა 2.5-ზე მეტი გოლი და 3-ჯერ ორივე გუნდმა გაიტანა.

⚽ დინამო თბილისის ბოლო 5 მატჩში 4-ჯერ 2.5-ზე მეტი გოლი გავიდა და ასევე 4-ჯერ ორივე გუნდმა გაიტანა.

⚽ აღსანიშნავია, რომ კახა ცხადაძის გუნდმა ბოლო 5 თამაშში 4 მარცხი განიცადა და ოთხჯერვე ერთნაირი ანგარიშით - 1:2 (მათ შორის, ბოლო 3 ზედიზედ).

⚽ მაკაბის ისტორიაში ევროთასების საუკეთესო გოლეადორებში მე-3 ადგილზე ლადო დვალიშვილია 11 გოლით. ის მხოლოდ იანივ კატანს (15) და ალონ მიზრაჰის (15) ჩამორჩება.

ლადო დვალიშვილი მაკაბიში ჯორჯო კიელინის წინააღმდეგ [2009]

დინამო თბილისს ბოლო ორი საშინაო მატჩი წაგებული აქვს, ხოლო მაკაბის ბოლო 5 საგარეო თამაშიდან მხოლოდ 1 აქვს მოგებული, მაგრამ ასევე ერთხელ წააგო (3 ფრე).

⚽ დინამო თბილისმა ევროთასებზე ბოლო საშინაო მატჩი 2019 წელს მოიგო, როცა გაბალა 3:0 დაამარცხა. მას შემდეგ 7 მატჩიდან (შინ და სტუმრად) მხოლოდ ერთხელ იმარჯვა და ისიც სტუმრად უელსში, ქონას ქეი ნომანდსთან (1:0).

⚽ ჰაიფელებმა კი სტუმრად ბოლოს გასულ სეზონში იმარჯვეს, როცა როსტოვს 2:1 აჯობეს.

სავარაუდო შემადგენლობები

დინამო თბილისი (3-5-2): მიგინეიშვილი - ხვადაგიანი, პაპავა, ბენიო - სპორკსლედე, რადინი, ქარდავა, კუცია, ხარაბაძე - გაბედავა, მარუშიჩი

მაკაბი (4-3-3): კოენი - მეირ, პლანიჩი, გერსონი, გოლდბერგი - შერი, როდრიგესი, ფანი - ჰაზიზა, დავიდი, ატცილი

კომენტარები

ბოლო ამბები