Thumbnail

აქ Bella Ciao-ს არ მღერიან - როგორ გადაიმტერა ლაციოს ახალწვეულმა ფანები

ლუკა გაბიდაური პროფილის ფოტო
ლუკა გაბიდაური
  • ლაციოს ახალწვეულმა ელსეიდ ჰიუსაიმ თანაგუნდელებთან Bella Ciao იმღერა
  • 27 წლის ალბანელი მცველის საქციელმა კლუბის ფაშისტი ფანატები გააბრაზა

ნაპოლიდან ლაციოში გადასულ ალბანელ მცველს ელსეიდ ჰიუსაის რომალური კლუბის გულშემატკივრები გაუბრაზდნენ და ამის მიზეზი ის გახდა, რომ 27 წლის ფეხბურთელმა ცნობილი სიმღერა Bella Ciao იმღერა. 

ჰიუსაი ნეაპოლის კლუბში 2015-2021 წლებში გამოდიოდა, ცოტა ხნის წინ კი რომის ლაციოში თავისუფალი აგენტის სტატუსით გადავიდა. ალბანელ ფეხბურთელს, ტრადიციისამებრ, ახალი თანაგუნდელების წინაშე უნდა ემღერა და ამისთვის მან ის სიმღერა შეარჩია, რომელსაც მეორე მსოფლიო ომის დროს იტალიელი პარტიზანები მღეროდნენ და ანტიფაშისტური წინააღმდეგობის მოძრაობის ჰიმნად მიიჩნევა.  

ალბანელმა მცველმა რეპერტუარი სწორად ვერ შეარჩია

ჰიუსაიმ "ბელა ჩაო" იმღერა, ამის ამსახველი ვიდეო კი მისმა თანაგუნდელმა ლუის ალბერტომ თავის Instagram-ზე გამოაქვეყნა. ამ ყველაფერზე უკიდურესად ნეგატიური რეაქცია ჰქონდათ ლაციოს ფანებს, რომლებიც ცნობილი არიან თავიანთი ფაშისტური შეხედულებებით. ისინი ლანძღავდნენ და ემუქრებოდნენ ჰიუსაის, ლუის ალბერტო კი იძულებული გახდა, მოგვინებით ვიდეო სულ წაეშალა.

"კლუბი ვალდებულია, დაიცვას თავისი ერთ-ერთი წევრი და აღკვეთოს ნებისმიერ ფაქტი, რომელიც რამენაირად დაკავშირებულია პოლიტიკასთან, რასაც ამ შემთხვევაში არაფერი აქვს საერთო იმ არაფორმალურ და მეგობრულ კონტექსტთან, რომელშიც მოხდა ეპიზოდი. გუნდის სეზონისწინა სამზადისი უნდა გაგრძელდეს მაქსიმალური სპორტული სულისკვეთებით და მშვიდ ატმოსფეროში, როგორიც აქამდე იყო", - ნათქვამია ლაციოს განცხადებაში. 

ლაციოს ფანებისგან ფაშისტური ლოზუნგები, ჟესტები და სიმბოლიკა იშვიათი არ არის

რომის ლაციოს, რომელიც 1900 წელს დაარსდა, ისტორიაში 2-ჯერ იტალიის ჩემპიონატი, 7-ჯერ ქვეყნის თასი ხოლო 5-ჯერ ქვეყნის სუპერთასი, ასევე თითოჯერ თასების მფლობელთა თასი და უეფას სუპერთასი აქვს მოგებული. 

რომაული კლუბის ფანატთა ნაწილისთვის, რომლებიც ფაშისტური სიმბოლიკითა და ლოზუნგებით ჩნდებიან, ნამდვილი კერპია იტალიის ყოფილი პრემიერ-მინისტრი და მთავრობის მეთაური, ქვეყნის ნაციონალური ფაშისტური პარტიის ლიდერი ბენიტო მუსილონი (1883-1945). 

კომენტარები

ბოლო ამბები