Thumbnail

ტოჩინოშინის მე-500 გამარჯვება უმაღლესში - სუმოს ახალი დიდი ჩემპიონი ჰყავს

ნიკო კვარაციხელი პროფილის ფოტო
ნიკო კვარაციხელი
  • მონღოლი ტერუნოფუჯი სუმოს სამყაროს 73-ე იოკოძუნაა
  • ტოჩინოშინის გამარჯვება კოტოეკოსთან საიუბილეო იყო

სუმოს სამყაროს ახალი, რიგით 73-ე დიდი ჩემპიონი (იოკოძუნა) ჰყავს - 29 წლის მონღოლი ტერუნოფუჯი. დღეს სპეციალურმა კომიტეტმა 7-ვე ხმით მხარი დაუჭირა ამ გადაწყვეტილებას. 21 ივლისს დირექტორთა საბჭო ამ ინიციატივას ოფიციალურად დაამტკიცებს. 

ტერუნოფუჯი 73-ე სუმოისტია, ვინც დიდი ჩემპიონი გახდა და მხოლოდ მეშვიდე უცხოელია, ვინც იოკოძუნას რანგს მიაღწია. 7-დან 5 იოკოძუნა მონღოლია. 

ტერუნოფუჯი მხოლოდ მე-7 დიდი ჩემპიონი არაიაპონელია

სხვათა შორის, კომიტეტმა, ჰაკუჰოს, რომელმაც შესანიშნავი, 15-0 ბალანსით მოიგო ნაგოიას ბაშო, რამდენიმე შენიშვნა გამოუტანა, მათ შორის ბოლო დღეს გადამწყვეტი ორთაბრძოლის მოგების შემდეგ გამარჯვების ემოციურად აღნიშნისათვის. 

ტერუნოფუჯიმ ეს ბაშო 14-1 ბალანსით დაასრულა და ჰაკუჰოსთან ბრძოლამდე ინარჩუნებდა იმპერატორის თასის მოპოვების შანსს. მონღოლს 2018-2019 წლებში ზედიზედ ოთხი ბაშოს გამოტოვება მოუწია, ის ძალიან დაქვეითდა - მეხუთე დივიზიონში, მაგრამ 2019 წლის ნოემბრის ბაშო იმპერატორის თასის მოგებით დაასრულა. ამის შემდეგ მან ჯამში 4-ჯერ მოიგო იმპერატორის თასი. ასე რომ, სექტემბრის ბაშოზე ორი იოკოძუნა იჭიდავებს: ჰაკუჰო და ტერუნოფუჯი. 

📺 ჰაკუჰო v ტერუნოფუჯი [ნაგოია ბაშო. მე-15 დღე]

შეგახსენებთ, რომ ტოჩინოშინმა (ლევან გორგაძე) ნაგოიას ბაშო 7-8 ბალანსით დაასრულა და რეიტინგში ოდნავ დაქვეითდება. ქართველი სუმოისტი ამჟამად აღმოსავლეთის მე-12 მაეგაშირაა. ტოჩინოშინი 7 ბაშოს განმავლობაში ფლობდა ოძეკის რანგს, ახლა კი ზედიზედ 4 ბაშოზე დააფიქსირა უარყოფითი ბალანსი. ლევანს კარიერაში 617 გამარჯვება დაუგროვდა. სხვათა შორის, ასპარეზობის ბოლო დღეს მან შესანიშნავი ილეთით დაამარცხა მეტოქე და ეს მისი მე-500 გამარჯვება იყო უმაღლეს დივიზიონში (მაკუუჩი). 

📺 ტოჩინოშინი v კოტოეკო. მე-500 გამარჯვება მაკუუჩიში [ნაგოია ბაშო. მე-15 დღე]

ბოლო იოკოძუნები

64. აკებონო 1993-2001
65. ტაკანოჰანა 1994-2003
66. ვაკანოჰანა 1998-2000
67. მუსაშიმარუ 1999-2003
68. ასაშორიუ 2003-2010
69. ჰაკუჰო 2007-
70. ჰარუმაფუჯი 2012-2017
71. კაკურიუ 2014-2021
72. კისენოსატო 2017-2019
73. ტერუნოფუჯი 2021-

კომენტარები

ბოლო ამბები