Thumbnail
  • 32 წყვილიდან ორს კალაშნიკოვა/გორგოძის დუეტი რეიტინგით სჯობს
  • სპორტული პრინციპით ტოკიოში ქართულ წყვილს აუცილებლად უნდა ეთამაშა

საქართველოში 1996 წლის მერე ყველაზე დიდი ოლიმპიური სკანდალია. მაშინ ატლანტაში, ოლიმპიურ თამაშებზე ქართულმა დელეგაციამ ვერ უზრუნველყო ოლიმპიური ჩემპიონის, ძიუდოისტი დავით ხახალეიშვილის დროული მისვლა აწონვაზე, რის გამოც მთავარ ფავორიტს თამაშებზე გამოსვლის უფლება არ მისცეს. ახლა, ჩოგბურთელი ოქსანა კალაშნიკოვა ამტკიცებს, რომ მან ტოკიოს ოლიმპიური თამაშების საგზური მოიპოვა, რისი წყალობითაც ქართული დელეგაცია 35-დან 37 სპორტსმენამდე გაიზრდებოდა, თუმცა დაუდევრობით, საქართველომ ეს ორი ლიცენზია დაკარგა. 

ოქსანა კალაშნიკოვას წყვილებში WTA-ის 4 ტიტული აქვს მოგებული

ოქსანა კალაშნიკოვა და ეკატერინე გორგოძე ამტკიცებენ, რომ მათ სპორტული პრინციპით მოიპოვეს ოლიმპიადაზე თამაშის უფლება, მაგრამ იქ ვერ მიდიან, რადგან ვიღაცას ოფიციალური განაცხადის გაგზავნა "დაავიწყდა". ჩოგბურთელებმა უკვე იჩივლეს საერთაშორისო სპორტულ არბიტრაჟში და, როგორც ჩვენთვის ცნობილია, არბიტრაჟმა ეს საქმე წარმოებაში უკვე მიიღო. 

📋 მეტი ამ თემაზე

მაშ ასე, რაში მდგომარეობს სკანდალი? ITF-ის (ჩოგბურთის საერთაშორისო ფედერაცია) 16 ივლისს დათარიღებულ დოკუმენტში ნათლად წერია, რომ საქართველოდან ოლიმპიურ თამაშებზე მხოლოდ ერთი ჩოგბურთელი იასპარეზებს, ნიკოლოზ ბასილაშვილი. მთავარია, რა მოხდა წინა დღეებში. მივყვეთ თანმიმდევრობით.

ტოკიოს 2020 წლის ოლიმპიური თამაშების წყვილთა თანრიგში 32 დუეტი იასპარეზებს. ჩვეულებრივი, WTA-ის ტურნირებისგან განსხვავებით, წყვილთა თანრიგში დუეტის ორივე მონაწილე ერთი ქვეყნიდან უნდა იყოს. არის ერთი შეზღუდვაც - თითოეულ ქვეყანას მხოლოდ ორი წყვილის გამოყვანა შეუძლია. 32-დან 31 წყვილი რეიტინგის მიხედვით, ერთი წყვილი კი მასპინძელ ქვეყანას ეკუთვნის. იაპონიას ქალთა თანრიგში შუკო აოიამასა და ენა შიბაჰარას დუეტი გამოჰყავს. 

როგორ დგება წყვილთა თანრიგის შემადგენლობა

1. WTA-ის წყვილთა რეიტინგის (14 ივნისის მდგომარეობით) ტოპ 10-ის მოთამაშე პირდაპირ იღებს ადგილს ოლიმპიურ ტურნირზე (თუ მას ქვეყანა წარადგენს). ჩოგბურთელი ირჩევს მეწყვილეს თავისი ქვეყნიდან, რომელიც რეიტინგის ტოპ 300-შია (ან ერთეულებში, ან წყვილებში).

2. კომბინირებული რეიტინგის მიხედვით (ორივე მონაწილის რეიტინგი). ასე კომპლექტდება 24-ე წყვილის ჩათვლით ოლიმპიური განაცხადი. 

3. როდესაც პირველი 24 მონაწილე წყვილი დაკომპლექტდება, ამის შემდეგ ძალაში შედის ე.წ. "ერთეულების პრიორიტეტი". 25-ედან ყველა საგზური ამ პრინციპით კომპლექტდება:

ა) ყველაზე მაღალი კომბინირებული რეიტინგით იმ მოთამაშეებიდან, რომლებიც ერთეულთა თანრიგში არიან ნომინირებულნი.

ბ) ყველაზე მაღალი კომბინირებული რეიტინგით იმ ერთი მოთამაშიდან, რომელიც ერთეულთა თანრიგშია ნომინირებული, მეორე კი არა.

გ) დარჩენილი კომბინირებული რეიტინგიდან ყველაზე მაღალი რეიტინგის მოთამაშეები.

4. ბოლოს დამატებული წყვილები, რომლებიც სიიდან გამოკლებული ჩოგბურთელების ნაცვლად მოხვდებიან ოლიმპიადაზე.

ყველგან მნიშვნელოვანია 14 ივნისის რეიტინგის მდგომარეობა. 16 ივნისს ITF-მა ყოველი ქვეყნის ოლიმპიურ კომიტეტს (და ფედერაციას) მიმართა ოლიმპიადაზე მოხვედრილთა სიით. 22 ივნისს თითოეულმა ქვეყანამ პასუხი დააბრუნა საერთაშორისო ფედერაციაში და დაადასტურა (ან არა) განაცხადები მონაწილეობაზე. ამ შემთხვევაშიც საუბარია ოლიმპიურ კომიტეტზე და ფედერაციაზე. 5 ივლისს ITF-მა გადაანაწილა გამოუყენებელი კვოტები. სწორედ 5 ივლისს ამოიწურა ტოკიოს ოლიმპიადაზე სპორტსმენთა განაცხადების მიღება. თუმცა ამის შემდეგაც შესაძლებელია ოლიმპიადის მონაწილეთა უარის შემთხვევაში, სპორტსმენების შეცვლა (ტურნირის პირველი რაუნდის დასრულებამდე). 

ქალების წყვილებში მასპინძლის კვოტით მოხვდა 1 წყვილი

იაპონია (შუკო აოიამა/ენა შიბაჰარა)

ქალთა წყვილთა თანრიგში ტოკიოში პირველი პარაგრაფის წყალობით, საბოლოოდ 7 წყვილი მოხვდა:

ჩეხეთი (ბარბორა კრეიჩიკოვა/კატერჟინა სინიაკოვა)
როკ (ელენა ვესნინა/ვერონიკა კუდერმეტოვა)
საფრანგეთი (კრისტინა მლადენოვიჩი/კაროლინ გარსია)
ბელგია (ელის მერტენსი/ალისონ ვან უიტვანკი)
აშშ (ნიკოლ მელიშარი/მეწყვილე ჯერ უცნობია)
ინდოეთი (სანია მირზა/ანკიტა რაინა)
ნიდერლანდები (დემი სხუურსი/კიკი ბერტენსი)

მე-2 პარაგრაფის მიხედვით ტოკიოში მოხვდა 16 წყვილი

ტაივანი (ლატიშა ჩანი/ჩან ჰაო-ჩინი)
აშშ (ბეტანი მატეკი/ჯესიკა პეგულა)
კანადა (გაბრიელა დაბროვსკი/შარონ ფიჩმენი)
უკრაინა (ელინა სვიტოლინა/დაიანა იასტრემსკა)
ჩეხეთი (კაროლინა პლიშკოვა/მარკეტა ვონდროუშოვა)
ჩინეთი (სქიუ იიფანი/იან ჟაოსიუანი)
ავსტრალია (ეშლი ბარტი/სტორმ სანდერსი)
ხორვატია (დარია იურაკი/დონა ვეკიჩი)
ლატვია (იელენა ოსტაპენკო/ანასტასია სევასტოვა)
ესპანეთი (გარბინ მუგურუსა/კარლა სუარეს ნავარო)
ჩინეთი (დუან იინგინი/ჟენ საისაი)
შვეიცარია (ბელინდა ბენჩიჩი/ვიკტორია გოლუბიჩი)
ესპანეთი (პაულა ბადოსა/სარა ტორმო)
გერმანია (ლაურა ზიგემუნდი/ანა-ლენა ფრიდსამი)
რუმინეთი (რალუკა ოლარუ/მონიკა ნიკოლესკუ)
უკრაინა (ნადია კიჩენოკი/ლიუდმილა კიჩენოკი)

მე-3 პარაგრაფის მიხედვით ოლიმპიურ თამაშებზე მოხვდა 5 წყვილი

სერბეთი (ნინა სტოიანოვიჩი/ალეკსანდრა კრუნიჩი)
საფრანგეთი (ფიონა ფერო/ალიზ კორნე)
იაპონია (ნაო ჰიბინო/მაკოტო ნინომია)
პოლონეთი (მაგდა ლინეტი/ალისია როსოლსკა)
ავსტრალია (ელენ პერესი/სამანტა სტოსური)

მე-4 პარაგრაფის მიხედვით - ანუ ბოლოს დამატებული წყვილები, რომელთაც სხვები შეცვალეს. ასეთი სულ 3 წყვილია.

მექსიკა (ხიულიანა ოლმოსი/რენატა სარასუა)
ბრაზილია (ლუისა სტეფანი/ლაურა პიგოსი)
ტაივანი (ჰსიე იუ-ჩიე/ჰსუ ჩიე-იუ)

აღსანიშნავია, რომ ბოლოს დამატებული 3 წყვილიდან არცერთი მოთამაშე არ ასპარეზობს ერთეულთა თანრიგში, ასე რომ, "ერთეულების პრიორიტეტის" წყალობით არ მოხვედრილან ოლიმპიადაზე. ამ შემთხვევაში კი მთავარი კომბინირებული რეიტინგია. მექსიკურ წყვილს ის 165 აქვს, ბრაზილიურს - 213, ხოლო ტაივანურს 364. 

ოლიმპიადაზე მოხვედრილ სხვა წყვილებთან ყველაფერი გარკვეულია, ჩვენთვის საინტერესოა, როგორია ქართული წყვილის - ოქსანა კალაშნიკოვა/ეკა გორგოძე რეიტინგი ამ სამეულის მიმართ. 14 ივნისს ოქსანა კალაშნიკოვა 75-ე პოზიციაზე იყო, ეკა გორგოძე კი 114-ეზე. ასე რომ, ქართული დუეტის კომბინირებული რეიტინგი 189 არის და ბრაზილიურსა და ტაივანურს უსწრებს! ეს კი იმის დადასტურებაა, რომ ოქსანა კალაშნიკოვა სიმართლეს ამბობს, როცა ამტკიცებს, რომ ოლიმპიადაზე სპორტული პრინციპით მოხვდა!

ეს კი იმის დადასტურებაა, რომ ოქსანა კალაშნიკოვა სიმართლეს ამბობს, როცა ამტკიცებს, რომ ოლიმპიადაზე სპორტული პრინციპით მოხვდა! 

ახლა მთავარია გაირკვეს, როგორ მოხვდა ოლიმპიადაზე ორი ისეთი დუეტი, რომელიც ქართულს რეიტინგში ჩამოუვარდება. საერთაშორისო ფედერაცია გამოკლებულ წყვილებს ანაცვლებს უბრალოდ კომბინირებული რეიტინგით საუკეთესო წყვილით კანდიდატებიდან. სხვა საქმეა, გაუგზავნა თუ არა განაცხადი სეოკ-მა (და ჩოგბურთის ფედერაციამ) საერთაშორისო კომიტეტს 22 ივნისს. 

წყვილთა თანრიგში რამდენიმე დუეტი გამოაკლდა. მაგალითად, ჩეხი ბარბორა სტრიცოვა წყვილების რეიტინგში მე-5 ნომერი იყო 14 ივნისის რეიტინგით, მაგრამ ბარბორამ კარიერა დაასრულა. ასევე ავტომატურად ეკუთვნოდა ადგილი მსოფლიოს მე-4 ჩოგანს წყვილებში ტაივანელ ჰსიე სუ-ვეის, მაგრამ მას ფედერაციის თასზე საკმარისი რაოდენობის თამაშები არ დაუგროვდა, ეს კი აუცილებელი მოთხოვნაა. სხვადასხვა მიზეზებით გამოეთიშნენ ტიმეა ბაბოში და არინა საბალენკა. ამათ უარს წესით, ქართული დუეტისთვის უნდა გაეხსნა გზა ოლიმპიადაზე, მაგრამ ასე არ მოხდა. 

ბრაზილიური წყვილის ჩართვაზე "გლობომ" სტატიაც გამოაქვეყნა 2 დღის წინათ: "ოლიმპიადის დაწყებამდე 1 კვირით ადრე, ბრაზილიას ორი საგზური შეემატა და დელეგაციის რაოდენობამ 304-ს მიაღწია. სხვა სპორტსმენების უარის წყალობით, ტოკიოში ლუისა სტეფანი და ლაურა პიგოსი ითამაშებენ. ახლა ტოკიოში 7 ჩოგბურთელი გვეყოლება.

ლუისა სტეფანი: "ენით აუწერლად ბედნიერი ვარ. ლაურინიამ დამირეკა და ეს ამბავი მამცნო. ბევრი რამ მოხდა ბოლო თვეებში, ოლიმპიადაზე გამოსვლა ყოველთვის ჩემი სურვილი იყო. ეს ძნელი გახლდათ, თავიდან ვერ მოვხვდი და ახლა, ბოლო წამს დაგვამატეს". 

ამით ბრაზილიას შერეულ თანრიგშიც მიეცემა საშუალება გუნდი ჰყავდეს. ლუისა სტეფანისა და ბრუნო სუარეშს ამის შანსი აქვთ".

"გლობო" ბოლო დეტალზე როცა წერს, გავიხსენოთ, რომ ამის შანსი შესაძლოა, საქართველოსაც ჰქონოდა - ვაჟთა რეიტინგში ნიკოლოზ ბასილაშვილს საკმაოდ მაღალი რეიტინგი აქვს, ის ოლიმპიადაზე განთესილთა შორისაა. ასე რომ, შესაძლოა 16 წყვილში ოქსანა კალაშნიკოვასა და ნიკოლოზ ბასილაშვილის დუეტი მოხვედრილიყო, რომელიც ბრძოლას 1/8 ფინალიდან დაიწყებდა! 

შესაძლოა, იყო შანსიც, რომ ქართულ დუეტს, ბასილაშვილი/კალაშნიკოვა შერეულ წყვილებში ეთამაშა

დაბოლოს, რა შანსები რჩება - ხომ შეიძლება, ოლიმპიადის დაწყებამდე კიდევ, რომელიმე დუეტი კიდევ გამოაკლდეს ტურნირს? ეს კი სავსებით შესაძლებელია - ტრავმა, კორონავირუსი, მოკლედ არსებობს ამის მიზეზებიც, მაგრამ ოქსანა კალაშნიკოვას ჩართვა ოლიმპიადაზე მაინც გამორიცხულია იმ უბრალო მიზეზით, რომ მისი განაცხადი საერთოდ არ არის საბოლოო სიაში, რამდენი წყვილიც არ უნდა დააკლდეს ოლიმპიურ ტურნირს.

კომენტარები

ბოლო ამბები