Thumbnail
  • 20-წლამდე კალათბურთელთა ნაკრებს სერიოზული გამოცდა ელის
  • გუნდშია ქუთაისელი ავთანდილ ბახტაძეც, რომელიც მხოლოდ 13 წლისაა

საქართველოს 20-წლამდე კალათბურთელთა ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა მილოშ გლიგორიევიჩმა შემადგენლობა დაასახელა ფიბა-ს ევროჩელენჯერისთვის, რომელსაც 20 ივლისიდან 25 ივლისის ჩათვლით თბილისი უმასპინძლებს.

თბილისური ტურნირის განრიგი

საბოლოო განაცხადში ტრადიციულად 12 კალათბურთელი მოხვდა, რომელთა შორისაა 13 წლის (19/09/2007) ავთანდილ ბახტაძეც. ქუთაისელი კალათბურთელი უკვე 2.03 მ. სიმაღლისაა და თამაში შეუძლია როგორც მძიმე ფორვარდის, ასევე ცენტრის პოზიციაზე. სპეციალისტები მასზე დიდ იმედებს ამყარებენ და კარგ მომავალსაც უწინასწარმეტყველებენ.

ცუდი ისაა, რომ ამჯერად საქართველოს 20-წლამდელთა გუნდს რამდენიმე წამყვანი კალათბურთელი დააკლდება. მაგალითად, გაფართოებულ შემადგენლობაში იყვნენ და საბოლოო განაცხადში ვერ მოხვდნენ ამერიკულ ნკაა-ში მოთამაშე მძიმე ფორვარდი ალექსანდრე მერკვილაძე და ცენტრი საბა გიგიბერია.

შეგახსენებთ, რომ ევროჩელენჯერის თბილისურ ჯგუფში ქართველი კალათბურთელების მეტოქეები საფრანგეთი, გერმანია, თურქეთი, ბულგარეთი და პოლონეთი იქნებიან. “ბაბლის“ სისტემის მიხედვით, ექვსივე ნაკრები ერთ სასტუმროში დაბინავდა. გუნდები მხოლოდ ვარჯიშებისთვის და თამაშებისთვის გადაადგილდებიან და მატჩების გარდა, ერთმანეთთან შეხება არ ექნებათ. 

გათამაშების ფორმატის თანახმად, ექვსგუნდიანი ჯგუფის მონაწილენი ერთ წრედ ითამაშებენ და გამარჯვებული ის ნაკრები გახდება, რომელიც ასპარეზობას სატურნირო ცხრილში პირველ ადგილზე დაასრულებს. მატჩები თბილისის სპორტის სასახლეში (26 მაისის მოედანი 1) გაიმართება და მაყურებელთა დასწრება თავისუფალი იქნება.

 

კომენტარები

ბოლო ამბები