Thumbnail

28 ივლისს, MMA-ში GFC-ის (Georgian Fighting Championship) ორგანიზებით, მორიგი ორთაბრძოლები ჩატარდება, რომელშიც ქართველი მებრძოლების გარდა, უცხოელი სპორტსმენებიც იჩხუბებენ.

GFC 13-ზე 20 მებრძოლი იასპარეზებს. 10 ბრძოლიდან 5 მეინ ქარდზე შედგება. საქართველოს მოქმედი ჩემპიონები ლუკა გიორგაძე და ოთარ თანზილოვი წაუგებელი სერიის გაგრძელებას ეცდებიან. ივენთი 17 საათზე დაიწყება და პირდაპირი რეპორტაჟი ევროპაბეთისა და პოპსპორტის ფეისბუქის გვერდებზე, ასევე პოპსპორტის იუთუბის არხზე გადაიცემა.

საქართველოს ჩემპიონატს ბევრი მაყურებელი ჰყავდა, მაგრამ GFC 13-მა ყველა რეკორდი უნდა მოხსნას, რადგანაც ოქტაგონზე ქართველები უცხოელ სპორტსმენების წინააღმდეგ იჩხუბებენ, რაც ინტერესს კიდევ უფრო ზრდის.

'მეინ ქარდამდე' 5 მნიშვნელოვანი სარეიტინგო ბრძოლა გველის - 'ანდერ ქარდში' სამი მებრძოლის დებიუტი შედგება. აღსანიშნავია, რომ პირველ 5 ბრძოლაში 2 თურქი მებრძოლი იასპარეზებს.

UNDER CARD - სარეიტინგო ბრძოლები

👊 61.2 კგ: ადემ ვაშაყმაძე (საქართველო) VS ნიკა ღუდუშაური (საქართველო )

როგორც აღვნიშნეთ, 'ანდერ ქარდზე' სამი დებიუტანტი იჩხუბებს. ერთ-ერთი ნიკა ღუდუშაურია, რომელიც პროფესიონალურ კარიერაში პირველ ბრძოლას ჩაატარებს.

ღუდუშაურის მეტოქე გამოცდილი ადემ ვაშაყმაძეა, რომელმაც საქართველოს ჩემპიონატის პირველ ტურში ოთარ თანზილოვთან ბრძოლა ნოკაუტით დათმო, რის შემდეგაც კიდევ ერთი შეხვედრა ჩაატარა და ელმარ სვიროვს აჯობა. ვაშაყმაძე კარიერაში მეხუთე გამარჯვების მოპოვებას ეცდება, ღუდუშაურის მიზანი კი პროფესიონალური კარიერის მოგებით დაწყება იქნება.

👊 65.8 კგ: დანტე სამარელი (კანადა) VS დიმიტრი ბოლქვაძე (საქართველო)

ორივე მებრძოლი დაუმარცხებელია. დანტეს 2-დან 2 გამარჯვება აქვს, ხოლო დიმიტრის 3-დან 3 ბრძოლა აქვს მოგებული. ბოლქვაძე საკმაოდ პერსპექტიული მებრძოლია - მას დიდ მომავალს უწინასწარმეტყველებენ. ქართველმა სპორტსმენმა 2021 წელს 2 ბრძოლის გამართვა მოასწრო - ერთი ნოკაუტით მოიგო, ხოლო მეორე ტექნიკური ნოკაუტით. 22 წლის დიმიტრის მეტოქე 34 წლის დანტე სამარელია, რომელიც ეცდება, რომ მოგებათა სერია გააგრძელოს და ისევ წაუგებელი დარჩეს.

👊 70.3 კგ: ქერიმ ქელესი (თურქეთი) VS იური ბერიძე (საქართველო)

თურქი ქერიმ ქელესი ოქტაგონზე მეშვიდედ იჩხუბებს. მას პროფესიონალურ კარიერაში 2 მოგება და 4 მარცხი აქვს. ქერიმი სამოყვარულო დონეზე თურქეთის 2-გზის ჩემპიონია. მისი მეტოქე იური ბერიძე იქნება.

ფაქტია, მე-13 ლეგიონში მიშა მესხი მაგარ მებრძოლებს ზრდის. ამ გუნდის ორი სპორტსმენი საქართველოს ჩემპიონატის ფინალში გავიდა. მერუჟან პალიანმა ფინალი ლუკა გიორგაძესთან დათმო, თუმცა ბოლომდე იბრძოლა, ხოლო მამიკონ ბეგოიანმა ფინალში ტრავმის გამო ვერ იჩხუბა. 19 წლის ბერიძე კარიერაში პირველი ბრძოლის მოგებას ეცდება.

👊 70.3 კგ: აჰმედ აჰრიევი (თურქეთი) VS გიორგი წამალიძე (საქართველო)

MMA-ს მებრძოლი აჰმედ აჰრიევი საქართველოში წაუგებელი სერიით ჩამოდის. რუსი სპორტსმენი, რომელიც თურქულ კლუბში ვარჯიშობს, სტეფანწმინდელ გიორგი წამალაიძეს დაუპირისპირდება.

წამალაიძე ოქტაგონზე საქართველოს ჩემპიონატის ფინალის წაგების შემდეგ ბრუნდება. გიორგის ერთადერთი მიზანი აქვს, რომ ბრძოლა გამარჯვებით დაასრულოს. ის სხვა ვარიანტს არც განიხილავს, რადგანაც ყაზბეგიდან არის და მშობლიურ კუთხეში წაგება არ სურს.

გიორგი წამალაიძე ნიკა აბრამიშვილის წინააღმდეგ [GFC 11]

👊 93 კგ: შალვა მეტრეველი (საქართველო) VS მიხეილ საჟინიანი (საქართველო)

35 წლის შალვა მეტრეველი ოქტაგონზე პირველ პროფესიონალურ ბრძოლას ჩაატარებს. მისი მეტოქე მებრძოლთა კლუბ სპარტას წევრი მიხეილ საჟინიანი იქნება, რომელსაც კარიერაში 4-დან 3 ბრძოლა მოგებული აქვს და წესით ამ დაპირისპირებაშიც ფავორიტი იქნება.

MAIN CARD - 5 საუკეთესო დუელი

👊 48.5 კგ: აიბუკე იმანჩი (თურქეთი) VS სოფია ბაგიშვილი (საქართველო)

თურქი აიბუკე იმანჩი კარიერაში მეორე ბრძოლას ჩაატარებს. მან პირველი ბრძოლა წააგო და ახლა სოფია ბაგიშვილთან გამარჯვებას ეცდება. ამ უკანასკნელს უკვე ზედიზედ ორი შეხვედრა აქვს მოგებული და მორიგი გამარჯვებისთვის ემზადება.

როგორც მან პოპსპორტთან ინტერვიუში აღნიშნა, მეტოქეს სიურპრიზებს ჰპირდება. გარდა ჭიდაობისა, ბაგიშვილი დგომში ჩხუბის დახვეწაზეც ბევრს მუშაობს და სურვილი აქვს, რომ მეორე ქართველი გოგონა გახდეს, რომელიც UFC-ში იჩხუბებს.

სოფია ბაგიშვილი წარმატებული სერიის გაგრძელებას ეცდება

👊 65.8 კგ: დავით ხაჩატურიანი (სომხეთი) VS ლუკა გიორგაძე (საქართველო)

24 წლის სომეხ სპორტსმენს პროფესიონალურ კარიერაში მხოლოდ ერთი ბრძოლა აქვს ჩატარებული, რომელიც გამარჯვებით დაასრულა. ლუკა გიორგაძე კი უკვე საქართველოს ჩემპიონია და კარიერაში სამი მოგება დაუგროვდა. 

ქართველმა მებრძოლმა აღნიშნა, რომ მეტოქის სტილი დაახლოებით უკვე იცის და ბრძოლისთვის სრულ მზადყოფნაშია. გიორგაძემ პოპსპორტთან ინტერვიუში ისიც თქვა, რომ ამ ბრძოლასაც აუცილებლად მოიგებს და ეცდება, რომ შეხვედრა ნოკაუტით დაასრულოს.

👊 70.3 კგ: ოთარ ხაჩიურიძე (საქართველო) VS მიშა გორიაშვილი (საქართველო)

33 წლის ოთარ ხაჩიურიძე ოქტაგონზე პირველ პროფესიონალურ ბრძოლას გამართავს. მისი მეტოქე 30 წლის მიშა გორიაშვილი იქნება, რომელსაც ორ ბრძოლაში ერთი მოგება და ერთი მარცხი აქვს. მიუხედავად იმისა, რომ გორიაშვილს 2 ბრძოლა აქვს ჩატარებული, მას ეს დიდ უპირატესობას მაინც ვერ ანიჭებს, რადგანაც ბოლოს ოქტაგონზე 2019 წელს იჩხუბა.

👊 61.2 კგ: ილგარ გაფაროვი (აზერბაიჯანი) VS ბექა გოგალაძე (საქართველო)

მთავარი ბრძოლის წინ კიდევ ერთი კარგი დაპირისპირება გველოდება. 21 წლის აზერბაიჯანელმა ილგარ გაფაროვმა მარტსა და აპრილში ზედიზედ ორი ბრძოლა მოიგო და ბექა გოგალაძესთან ჩხუბისთვის მზადაა. გაფაროვი აგრესიული სტილით გამოირჩევა. მან ელკან აკაევი სამკუთხა ილეთით დაახრჩო, ხოლო ელმან აგაევს ნოკაუტით აჯობა.

ბექა გოგალაძე ოქტაგონს 2-წლიანი პაუზის შემდეგ უბრუნდება. მას კარიერაში 5 მოგება და 1 მარცხი აქვს. აღსანიშნავია, რომ მას 2 აზერბაიჯანელი მეტოქე ჰყავს დამარცხებული - სეინორ მაგადი და თოგრულ თაგიზადე. გოგალაძემ ორივე მეტოქეს პირველივე რაუნდში აჯობა.

👊 61.2 კგ: ბექხან კოძოევი (რუსეთი) VS ოთარ თანზილოვი (საქართველო)

18 წლის კოძოევს დიდი გამოცდა ელის. მან მოსკოვში პირველი ბრძოლა მოიგო და ყაზბეგში მეორე ბრძოლას ჩაატარებს, სადაც მისი მეტოქე ოთარ თანზილოვი იქნება. თანზილოვმა საქართველოს ჩემპიონატის ფინალში ვეფხვია ჭინჭარაულს ტექნიკური ნოკაუტით აჯობა. ოთარს კარიერაში 5-დან 5 ბრძოლა აქვს მოგებული.

ქართველ მებრძოლს 5-დან 4 ბრძოლაში ნოკაუტით მოგება უფიქსირდება. მისი მთავარი მიზანი UFC-ში ასპარეზობაა, ამისთვის კი კოძოევთან მხოლოდ გამარჯვებაა საჭირო. სავარაუდოდ, 22 წლის თანზილოვი ყაზბეგიდან კარიერაში მეექვსე მოგებით დაბრუნდება.

ოთარ თანზილოვის მიზანი კიდევ ერთი ნოკაუტია

წინ ძალიან მაგარი ჩხუბები გველის, სადაც თავს არავინ დაზოგავს. 28 ივლისს აუცილებლად უნდა უყუროთ დიდ შოუს, რომელიც ევროპაბეთისა და პოპსპორტის ფეისბუქის გვერდებზე, ასევე პოპსპორტის იუთუბის არხზე გავა.

 

კომენტარები

ბოლო ამბები