Thumbnail

აი, რატომ ხარჯავენ მხოლოდ პსჟ და სიტი - უეფამ წესები დროებით შეცვალა

გიორგი უგულავა პროფილის ფოტო
გიორგი უგულავა
  • უეფამ ფინანსური 'ფეარ პლეის' წესები შეცვალა
  • კლუბებს ფინანსური კრიზისის გამო ზარალში წასვლა შეუძლიათ
  • პსჟ შემოსავლებზე მეტად მფლობელებზეა დამოკიდებული და სატრანსფერო თანხები აქვს
  • ფულის ხარკვა ახლა სიტისაც უეფას რეგულაციების გარეშე შეუძლია

წლევანდელი სატრანსფერო ბაზარი განსხვავებულია. დიდ კლუბებსაც კი, კოვიდით გამოწვეული კრიზისის გამო, სატრანსფერო თანხები ძალიან უჭირთ. თითქმის ორი თვე გავიდა და მხოლოდ რამდენიმე მნიშვნელოვანი ტრანსფერის შესახებ შევიტყვეთ. გუნდები ძირითადად თავისუფალ აგენტებზე ნადირობენ. სავარაუდოდ, მდგომარეობა რადიკალურად არც აგვისტოში შეიცვლება და ბოლო წლებში ყველაზე ჩუმი სატრანსფერო ფანჯრის მომსწრენი ვიქნებით. 

გამონაკლისი ერთადერთია - პარი სენ ჟერმენი. პსჟ-მ უკვე დაიმატა სერხიო რამოსი, ჯორჯინიო ვეინალდუმი, ჯიჯო დონარუმა და აშრაფ ჰაკიმი. სამართლიანობისთვის უნდა აღინიშნოს, რომ პირველი სამეული თავისუფალი აგენტი იყო და პარიზელებმა ფული (60 მილიონი ევრო) პარიზელებმა მხოლოდ ჰაკიმისთვის გადაიხადეს. თუმცა, თითოეულ მათგანს კოლოსალური ხელფასი შესთავაზეს და სწორედ ეს იყო ის ძირითადი მოტივი, რის გამო, მაგალითად, რამოსმა რეალი დატოვა, ხოლო დონარუმამ კი - მილანი. რატომ ხდება ის, რომ პსჟ-ს ბიუჯეტში თანხები აქვს, დანარჩენ გრანდებს კი არა?

საქმე ისაა, რომ უეფამ შეცვალა ფინანსური 'ფეარ პლეის' წესები. ეკონომიკური კრიზისი გამო ბოლო ორი სეზონი განსხვავებულად დაითვლება. ანუ, უეფამ იცის, რომ კლუბებს ძალიან უჭირთ და წესები შეამსუბუქა. კლუბებს ახლა ეპატიებათ დანაკარგების ქონა და ზარალში წასვლა. შეგახსენებთ, უწინდელი წესებით კლუბებს სეზონში 30 მილიონზე მეტი დანაკარგი არ შეიძლებოდა ჰქონოდათ.

ამ სიტუაციაში მოგებულები პსჟ და მანჩესტერ სიტი აღმოჩნდნენ. დანარჩენ კლუბებს იმდენად რთული ფინანსური სიტუაცია აქვთ, რომ შემოსავლების კლების ფონზე ფული ტრანსფერებისთვის უბრალოდ არ რჩებათ. პსჟ-ს და სიტის კი ყატარის და საამიროების სამეფო ოჯახები აფინანსებენ. ისინი მარკეტინგულ შემოსავლებზე ნაკლებად არიან მიბმულები და კოვიდით გამოწვეული კრიზისიც ნაკლებად შეეხოთ. სამაგიეროდ, უეფას წესები აქამდე მათ საშუალებას არ აძლევდა, რომ ტრანსფერებისთვის და ხელფასებისთვის უშუალოდ მფლობელების ფული გამოყენებინათ. უეფა ასე აბალანსებდა ვითარებას, რომ კლუბებს, რომლებსაც განსაკუთრებულად მდიდარი მფლობელები ჰყავთ, ბაზარზე მონოპოლია არ ჰქონოდათ. ანუ, უეფას წესებით, კლუბი მფლობელის ფულს კი არ ხარჯავს, არამედ იმ ფულს, რომელსაც თავად გამოიმუშავებს, როგორც ბიზნეს-ორგანიზაცია.

თუმცა ახლა წესები პანდემიის გამო დროებით შეიცვალა. პსჟ-ს და სიტის უკვე საშუალება აქვთ, როგორც ბიზნეს-ორგანიზაციები ზარალში წავიდნენ, თუმცა პირდაპირ მფლობელებისგან სატრანსფერო თანხები მიიღონ. უეფა მათ ამის გამო აღარ სჯის. პარიზელები ამით მაქსიმალურად სარგებლობენ - იციან, რომ მომდევნო წლებში უეფა ფინანსური 'ფეარ პლეის' წესებს ისევ ძველი სახით აღადგენს და მათ ასე თავისუფლად ხარჯვა გაუჭირდებათ. სწორედ ამიტომ ფიქრობს სიტი ამ ზაფხულში კეინის ან გრილიშის ტიპის მოთამაშის ყიდვას, რაც კლუბს დაახლოებით 100 მილიონი დაუჯდება. 

კომენტარები

ბოლო ამბები