Thumbnail

ოლიმპიური კომიტეტი: პასუხი საქართველოს ჩოგბურთის ფედერაციას უნდა მოვთხოვოთ

დათო მანჯავიძე პროფილის ფოტო
დათო მანჯავიძე

საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტი ოქსანა კალაშნიკოვასთან საკითხთან დაკავშირებით ჩოგბურთის ფედერაციის განცხადებას გამოეხმაურა და ისრები სწორედ მისკენ გადაიტანა. შეგახსენებთ, რომ საქართველოს ჩოგბურთის ფედერაცია პასუხს სწორედ სეოკ-ისგან ითხოვდა, ახლა კი, თემა თავად დაუბრუნდა. ოლიმპიური კომიტეტის განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:

“გავეცანით საქართველოს ჩოგბურთის ფედერაციის განცხადებას ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებზე წყვილთა თანრიგში ქართველ ჩოგბურთელ ქალთა ლიცენზირებასთან დაკავშირებით, რომელსაც წინ უძღოდა ჩვენი ჩოგბურთის ერთ-ერთი ლიდერის ოქსანა კალაშნიკოვას გულწრფელი წუხილი იმის თაობაზე, რომ  “განაცხადი არ გააგზავნეს“ და ამის გამო, თავის მეწყვილესთან ერთად ვერ მიემგზავრება ოლიმპიადაზე. ჩვენთვის გასაგებია კალაშნიკოვას ემოციური დამოკიდებულება შექმნილი რეალური ვითარების გამო, როცა ჩოგბურთის საერთაშორისო ფედერაციის გადაწყვეტილებით, ოლიმპიური ლიცენზია მიენიჭა ჩოგბურთელებს, რომლებიც ოფიციალური რეიტინგით ჩამორჩებიან ქართულ წყვილს. 

იმის ნაცვლად, რომ ჩოგბურთის საერთაშორისო ფედერაციისთვის მიემართა და შესაბამისი განმარტება მოეთხოვა, საქართველოს ჩოგბურთის ფედერაცია თითს სეოკ-ისკენ იშვერს – ჩვენ ჩვენი საქმე გავაკეთეთ და ოლიმპიურმა კომიტეტმა “უმოკლეს ვადაში“ უნდა დაადგინოს, ამ გაუგებრობაში რატომ აღმოვჩნდითო. ფედერაციას საქმის გაკეთებად ის მიაჩნია, რომ სეოკ-ს გამოუგზავნა პოტენციური ოლიმპიური ლიცენზიანტების გაფართოებული სია, რომელიც სეოკ-მა, რა თქმა უნდა, დაუყოვნებლივ მიაწოდა ოლიმპიური თამაშების საორგანიზაციო კომიტეტს დადგენილი ფორმით და წესით. ეს გაცილებით ადრე, ჯერ კიდევ მარტში მოხდა, ვიდრე ეს ფედერაციის განცხადებაშია მითითებული.

მოგვიანებით, 16 ივნისს ჩოგბურთის საერთაშორისო ფედერაციამ  თავის წევრ ორგანიზაციას – საქართველოს ჩოგბურთის ფედერაციას  მისი პრეზიდენტის, ხვიჩა მაქაცარიას სახელზე გამოგზავნილი წერილით აცნობა (წერილის ასლი სეოკ-მაც მიიღო), რომ ქართველთაგან, მიმდინარე რეიტინგის თანახმად, ოლიმპიური ლიცენზია მხოლოდ ნიკოლოზ ბასილაშვილს ერგო. იქვე განმარტებულია წყვილთა თანრიგში ლიცენზიების განაწილების კრიტერიუმები.

უტყუარი ფაქტია, რომ ქართული წყვილი იმ მომენტისთვის საერთაშორისო ფედერაციის კრიტერიუმებს ვერ აკმაყოფილებდა და ამიტომაც არ შეიყვანა ლიცენზიანტთა სიაში. სეოკ-ს არავითარი უფლებამოსილება არ ჰქონდა, მიემართა ჩოგბურთის საერთაშორისო ფედერაციისთვის და მოეთხოვა ჩვენი წყვილისთვის ლიცენზიის მინიჭება. რა მოხდა, 16 ივნისის შემდეგ, რომელი წესისა და დებულების საფუძველზე განაწილდა ლიცენზიები წყვილთა თანრიგში, ეს ჩოგბურთის საერთაშორისო ფედერაციის პრეროგატივაა და თუ რაიმე არასწორად გაკეთდა, პასუხი უპირველესად საქართველოს ჩოგბურთის ფედერაციამ უნდა მოითხოვოს. 

თავის მხრივ, სეოკ-ი სისლხორცეულად არის დაინტერესებული, რაც შეიძლება მეტი ქართველი სპორტსმენი წარსდგეს ოლიმპიურ თამაშებზე, შესაბამისად, მოუწოდებს საქართველოს ჩოგბურთის ფედერაციას გადადგას ადეკვატური ნაბიჯები და თუ ამის შანსი და საფუძველი ჯერ კიდევ არსებობს, ზემდგომი ორგანიზაციისგან მოითხოვოს ლიცენზიის გადმოცემა. დიახ, ეს არის საქართველოს ჩოგბურთის ფედერაციის პირდაპირი მოვალეობა. ოლიმპიურ ლიცენზიების ანაწილებს ჩოგბურთის საერთაშორისო ფედერაცია და ამასთან არანაირი პირდაპირი კავშირი არა აქვს არც საერთაშორისო ოლიმპიურ კომიტეტს და არც თამაშების საორგანიზაციო კომიტეტს, მით უმეტეს – არც სეოკ-ს.

საერთაშორისო ოლიმპიურ კომიტეტი მხოლოდ კვოტებს აწესებს  სპორტის ოლიმპიური სახეობებისთვის, დანარჩენი კი შესაბამისი საერთაშორისო ფედერაციის მიერ დადგენილი წესებით რეგულირდება. მოკლედ, ოქსანა კალაშნიკოვამ, ჩოგბურთის გულშემატკივრებმა, ყველა დაინტერესებულმა მხარემ სწორედ საქართველოს ჩოგბურთის ფედერაციისგან უნდა მოვითხოვოთ პასუხი კითხვაზე: რატომ გაჩნდა ეჭვები ქართული წყვილის მიმართ მიღებულ  შესაძლო უსამართლო გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით და რა ზომებს მიმართა ჩვენმა ფედერაციამ ამ საკითხის გასარკვევად".

შეგახსენებთ, რომ ქართველმა ჩოგბურთელმა სკანდალური პოსტი სოციალურ ქსელში გუშინ განათავსა. როგორც ოქსანა კალაშნიკოვა წერდა, მას მოახლოებულ ოლიმპიადაზე თამაში შეეძლო, თუმცა, იმის გამო, შესაბამის ორგანოებში განაცხადი არ იქნა გაგზავნილი, ეს უფლება ჩამოერთვა. მას გუშინვე უპასუხა საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის სპორტულმა დირექტორმა გიორგი ესაკიამ.

საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის განმარტება საქართველოს ჩოგბურთის ფედერაციის განცხადებასთან...

Posted by საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტი/Georgian National Olympic Committee on Sunday, July 18, 2021

კომენტარები

ბოლო ამბები