Thumbnail

'ხელოვნურ სუნთქვაზეა' - მაისაშვილი იოჰანესბურგის საავადმყოფოში გადაიყვანეს

  • 'ბორჯღალოსნების' თავკაცის მდგომარეობა ისევ რთულია
  • საქართველოს მორაგბეთა ნაკრების ექიმის კომენტარი

“ბორჯღალოსნების” მთავარი მწვრთნელი ლევან მაისაშვილი, რომელიც კორონავირუსით დაავადდა, სამხრეთ აფრიკის ქალაქ იოჰანესბურგში გადაიყვანეს და მკურნალობას იქ განაგრძობს. როგორც საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრების ექიმმა ნუცა შამათავამ რუსთავი 2-ზე “კურიერთან” საუბარში განაცხადა, ის ხელოვნურ სუნთქვაზე იმყოფება:

“ლევანის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა. ამჟამად ხელოვნურ მართვით სუნთქვაზეა. დღეს ლევანი იოჰანესბურგის ერთ-ერთ ყველაზე მაღალი დონის საავადმყოფოში გადავიყვანეთ. იქ ინოვაციური აპარატი აქვთ, რომელიც კოვიდ 19-ით ინფიცირებული პაციენტებისთვის გამოიყენება. საქმეში ჩართულია საქართველოს მხარე, ჯანდაცვის სამინისტრო და ქართველი ექიმებიც კურირებენ მის მდგომარეობას” - განაცხადა ნუცა შამათავამ.

შეგახსენებთ, რომ მაისაშვილს კოვიდ 19 სამხრეთ აფრიკაში დაუდგინდა, სადაც საქართველოს ეროვნული ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონებთან ტესტებისთვის იმყოფებოდა. კორონავირუსი რამდენიმე “ბორჯღალოსანსაც” დაუდასტურდა, თუმცა, მათი მდგომარეობა გაცილებით უკეთესია. რაც შეეხება მთავარ მწვრთნელს, მას ფილტვების დაზიანება აღენიშნება და სიტუაცია სწორედ ამიტომ გართულდა. ლევან მაისაშვილი ეროვნულ ნაკრებს მილტონ ჰეიგის წასვლის შემდეგ ჩაუდგა სათავეში. "ბორჯღალოსნებმა" მისი ხელმძღვანელობით 2020 და 2021 წლის რაგბი ევროპის ტიტულები მოიგეს.

კომენტარები

ბოლო ამბები