Thumbnail
  • კრის პოლი ისტორიულ ჩემპიონობასთან ძალიან ახლოსაა
  • თავისი ხასიათით ის მთელ ორგანიზაციას ცვლის
  • აქამდე CP3 ტოქსიკურ ვარსკვლავად მიიჩნეოდა
  • მის ცხოვრებაში მთავარი კაცი ბაბუამისი იყო

The Station (სადგური) - ასე ჰქვია კრის პოლის სტატიას The Players’ Tribune-სთვის, რომელშიც იგი საკუთარ ცხოვრებაზე ყვება და საუბრობს გაზგასამართ სადგურზე, სადაც გაიზარდა და სადაც ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებისეული გაკვეთილები მიიღო - გაკვეთილები დისციპლინისა და თავდაუზოგადავად შრომის შესახებ.

ყვება მის ცხოვრებაში ყველაზე მთავარ კაცზე. სადგური, რომელიც ავტომობილებს ემსახურებოდა, ნათანიელ ჯონსს ეკუთვნოდა - კრის პოლის ბაბუას, პირველ აფროამერიკელს ჩრდილოეთ კაროლინაში, რომელსაც თავისი საკუთარი ავტოსერვისი ჰქონდა. ამას აღარ ამბობს, მაგრამ ალბათ ხვდებით, რომ ნათანიელ ჯონსი მებრძოლი და მშრომელი კაცი უნდა ყოფილიყო. არ არის იოლი, რაიმეში პირველი იყო.

სამაგიეროდ ვიცით, რომ ამ კაცს ათწლეულების მანძილზე მაზუთისგან და შრომისგან ხელები იმდენად გაშავებული ჰქონდა, რომ საპონი და ხელის დაბანა უბრალოდ აღარ შველოდა.

წამების დათვლის და დროის კონტროლის ხელოვნებაც, ასე ძალიან რომ სჭირდება გამთამაშებელს, კრის პოლის ბავშვობიდან მოდის. CP3-მა 7 წლის ასაკიდან იცოდა, რომ მას სულ რაღაც 4 წამი ჰქონდა, სადგურზე შემოსულ ავტომობილამდე რომ მიერბინა და მძღოლისთვის, რამდენიმე დოლარის სანაცვლოდ, დახმარება შეეთავაზებინა.

ასე გროვდებოდა ფული საკალათბურთო ფეხსაცმელისთვის. და ეს არა იმიტომ, რომ ნათანიელ ჯონსს შვილიშვილისთვის მისი ყიდვა არ შეეძლო. არა! აქ მთავარი ცხოვრებისეული გაკვეთილია. გინდა რამე?! იშრომე, რომ გქონდეს. ამერიკაში ჩემპიონებს ასე ზრდიან.

სწორედ ამიტომ, კრის პოლი ბევრად მეტია, ვიდრე თავისი თაობის საუკეთესო გამთამაშებელი. უკვე ბევრი წელია, ის გარანტირებული 20 ქულა და 10 პასია. ბევრი წელია, ვერავინ ფლობს ბურთს და გუნდის თამაშს ისე ვირტუოზულად, როგორც CP3. ვერავინ ანაწილებს შეტევას და ვერავინ აკონტროლებს თამაშის ტემპს მასავით. ის კლასიკური საკალათბურთო ‘გენერალია’, მთელი გუნდის თამაში მიჰყავს.

კრის პოლს ორი მოგება დარჩა ჩემპიონობამდე

ამ ყველაფრის მიუხედავად, CP3 თავისი გუნდისთვის და ორგანიზაციისთვის კიდევ უფრო მეტს ნიშნავს. კრის პოლი თავისი ხასიათით მთლიანად ცვლის ორგანიზაციის სამუშაო კულტურას. მასთან ერთად მთელი ორგანიზაცია იდეალურად მუშაობს, ხარისხობრივად ახალ საფეხურზე გადადის. კრის პოლთან ერთად ვარჯიშებზე თავს ვერ დაზოგავ. CP3-ს მოაქვს ყველა დეტალის დახვეწის კულტურა, თამაშის მეცნიერული ანალიზის ჩვევა. ის ერთ-ერთი ყველაზე დიდი საკალათბურთო ლიდერია. კრის პოლი ის ლიდერია, რომელიც თავის მთელ ორგანიზაციას ისევე აკონტროლებს, როგორც ბურთს და თამაშის ტემპს პარკეტზე.

პრობლემური ვარსკვლავი

ეს მის პრობლემატურობასაც განაპირობებდა. CP3-ზე ამ განწყობით ბოლო 2 წელია საუბრობენ. მანამდე უფრო ხშირად მოისმენდით, რომ ის ტოქსიკური ლიდერია, აუტანელი ხასიათით. პოლი კლასიკური Control freak-ია ყველას და ყველაფრის კონტროლის სურვილით. მის პერფექციონიზმზე ზემოთ უკვე გითხარით.

ამ თვისებების გარეშე 183-სანტიმეტრიანი კაცი ასე დიდ კალათბურთს უბრალოდ ვერ ითამაშებდა. ბუნებამ მას ამ თამაშისთვის ძალიან ცოტა მისცა. კალათბურთი არადემოკრატიული თამაშია - ვარსკვლავი რომ იყო, მინიმუმ სიმაღლე მაინც გჭირდება. CP3 კალათბურთის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე დაბალი ვარსკვლავია, საკმაოდ მოკლე ხელებით (გაშლილი ხელების სიგრძე - 194 სანტიმეტრია). მისი გაბარიტების მქონე ხალხი კალათბურთს ვერ თამაშობს, მით უმეტეს 11-გზის ‘ოლ სტარის’ დონეზე.

მას არ აქვს სხვა გზა გარდა იმისა, რომ მანიაკალური ვარჯიშით დახვეწოს თამაში და მეცნიერულ დონეზე, ანალიტიკურად შეისწავლოს ის. ჯიმი ბატლერი იხსენებდა, რომ თავისუფალ დროს CP3 ზის და კალათბურთს უყურებს, ხშირად ერთდროულად რამდენიმე ეკრანზე. ნებისმიერი გუნდის ნებისმიერი კალათბურთელის თამაში წინასწარ შეიძლება გითხრათ. ზუსტად იცის, ტაიმ-აუტის შემდეგ მეტოქის მწვრთნელი რას დახაზავს.

კრის პოლის კონფლიქტურობის თემას შორს რომ არ გავცდეთ, რისი თქმა მინდა? მსგავსი ისტორიები პერფექციონიზმსა და ყველაფრის კონტროლის სურვილზე საკალაბურთო სამყაროში, დარწმუნებული ვარ, სხვა დროსაც გსმენიათ. თუმცა, კრის პოლი არც კობია, არც ჯორდანი და არც ლებრონ ჯეიმსი. ანუ, ის ძალიან დიდია, მაგრამ იმდენად დიდი და მაგარი არა, მთელი ორგანიზაცია მას ისევე რომ ემორჩილებოდეს, როგორც კობის ან მაიკლს. მეტიც, კარიერის მანძილზე მან ბევრი გუნდი გამოიცვალა და ‘თავისი გუნდი’ არასოდეს ჰყოლია. კონფლიქტიც აქედან იქმნება. თანაგუნდელები და მენეჯმენტი CP3-ს ასე ერთპიროვნულად და უსიტყვოდ არ მიჰყვებიან. გასაგები მიზეზების გამო მისი ისევე ბრმად არ სჯერათ, როგორც ჯორდანის ან ლებრონის. კრის პოლი მაგარია, მაგრამ... ყველაზე ხშირად ასეთ სიტყვათშეთანხმებას გაიგონებდით. ეს ‘მაგრამ’ ყველაფერს ცვლის, მთელ კონტექსტს ურევს.

კლიპერსი კრის პოლის ცხოვრების გუნდი უნდა ყოფილიყო, არ გამოვიდა...

არადა პოლი ის კაცი არაა, რომ გუნდის შიგნით სადავეები ხელიდან იოლად გაუშვას. ის მაშინვე შეტევაზე გადადის - მთელი თავისი ავტორიტეტით, ხისტი და აუტანლობამდე უკომპრომისო ხასიათით თავს ესხმის ყველას და ყველაფერს, რაც მისი აზრით იდეალურად არ მუშაობს. ეს გუნდის შიგნით შიდა ომს ნიშნავს.

სწორედ ამიტომ, CP3-ს მუდმივი კონფლიქტი ჰქონდა ლოს ანჯელეს კლიპერსში თავის თანაგუნდელებთან. ახალგაზრდა ‘კლიპერსი’ ბოლომდე არ იღებდა CP3-ის პერფექციონიზმს. ის იქიდან კონფლიქტით წამოვიდა. დღემდე ომი აქვს ორგანიზაციასთან. ძალიან კარგი ორი სეზონის შემდეგ, მას მერე, რაც მხოლოდ ძალიან დიდმა უიღბლობამ ტრავმის სახით (ამაზე უფრო დაწვრილებით ქვემოთ იყოს) ხელი შეუშალა ისტორიულად ძლიერი გოლდენ სტეიტის გამოგდებაში, ჰიუსტონმა კრის პოლი უბოდიშოდ გაცვალა. ისე, რომ საქმის კურსშიც არ ჩაუყენებიათ. მის ყოფილ მეგობარს, ჯეიმს ჰარდენს, უბრალოდ აღარ უნდოდა მასთან ერთად თამაში.

ეს იყო მომენტი, როცა CP3 ვერაფერს ვეღარ აკონტროლებდა, თავის ბედსა და კარიერასაც კი. ისე ჩანდა, რომ დიდ კალათბურთში და საჩემპიონო ამბებში მისთვის ყველაფერი დასრულდა. ასაკოვანი და ტრავმატული ვარსკვლავი ძალიან დიდი ხელფასით პროვინციულ ოკლაჰომაში აღმოჩნდა. ეს ბოლო გაჩერება უნდა ყოფილიყო.

ტრავმები და უიღბლობა

ტრავმები კრის პოლის კარიერის მთავარი გამოწვევაა. ვერ დათვლის კაცი, რამდენჯერ მიუღია მას ტრავმა პლეი ოფებში, ან მის წინ, ყველაზე გადამწყვეტ მომენტებში. რეალურად, CP3-ს ფინალიც კი არასოდეს უთამაშია კი არა, ამის შანსიც ძალიან იშვიათად ჰქონდა. ტრავმები მას მუდამ ხელს უშლიდა. ის ერთ-ერთი ყველაზე უიღბლო ვარსკვლავი იყო. ისე ჩანდა, რომ კრის პოლი კლიპერსში იდეალური კომბინაცია იყო - ყველაზე უიღბლო ვარსკვლავი ყველაზე უიღბლო გუნდში. გოლდენ სტეიტთან ძალიან მაგარი სერიის მეხუთე თამაშში, ბოლო წამებზე ტრავმა ზემოთ ვახსენე. არადა, ჰიუსტონი სერიას 3:2 იგებდა და იმ წელს მისი გამჩერებელი არავინ ჩანდა. CP3-ის გარეშე ‘როკეტსმა’ ორივე თამაში დათმო.

წყევლის თუ უიღბლობის გარეშე ვერ ახსნი კლიპერსის საშინაო მარცხს მაშინ ჯერ კიდევ სუსტი ჰიუსტონის წინააღმდეგ. კლიპერსმა მოგებული თამაში ბოლო მეოთხედში დათმო ‘როკეტსის’ სათადარიგოებთან. მე კი არა, NBA-ს ხალხი რომ უყურებს 40-წლიანი სტაჟით, ისინი ამბობენ, რომ ასეთი უცნაური მარცხი იშვიათად უნახავთ. არადა, ჰიუსტონამდე კლიპერსმა მეშვიდე თამაშში პოპოვიჩის სან ანტონიოს მოუგო, კრის პოლის გადამწყვეტი სროლით ბოლო წამებზე. CP3 ტრავმის გამო ცალი ფეხით იყო და ძალიან დიდი თამაში დადო.

სან ანტონიოსთან ისტორიული სროლის შემდეგ

კრის პოლს თითქოს ბოლომდე არ აფასებენ, თუმცა როცა ის გუნდიდან მიდის, უფრო ჩანს, რეალურად რა ძალაა. მის გარეშე კლიპერსის საჩემპიონო ოცნებები დასრულდა და გრიფინი-ჯორდანის დუეტიდან ვარსკვლავი არცერთი არ გამოვიდა. ვერც ჰიუსტონი იყო ისე ძლიერი მის გარეშე, როგორც მასთან ერთად. ორივე ეს ორგანიზაცია CP3-ის წასვლამ დაშალა.

საერთოდაც, თავისი ხასიათით და მსოფლმხედველობით, კრის პოლი უფრო ძველი თაობის კაცია. არ ვარ დარწმუნებული, რომ ახალი თაობის ვარსკვლავებს ის იოლად ეგუება.

აღმასვლა

აღმასვლა ოკლაჰომადან დაიწყო. პოლმა აჩვენა, რომ როდესაც მას მთელი გუნდი მიჰყვება, შეუძლია, აუტსაიდერი პლეი ოფის ღირსეულ მონაწილედ აქციოს. ამას ფინიქსი მოჰყვა - გუნდი, რომელიც კრის პოლისთვის იყო შექმნილი. ახალგაზრდა და ამბიციური ორგანიზაცია ლიდერს, წინამძღოლს ელოდებოდა.

იქ მას მწვრთნელად მონტი უილიამსი დახვდა - პოპოვიჩის საუკეთესო მოწაფე პოპოვიჩისვე დისციპლინით და უკოპრომისობით. მაშინ, როდესაც მონტის ცოლი გარდაეცვალა, CP3 ერთ-ერთი იყო, ვინც მას გვერდზე ყველაზე მაგრად დაუდგა. ზუსტად არავინ იცის, რა და როგორ მოხდა. ისინი ამაზე არ ლაპარაკობენ, თუმცა სრულიად გამორჩეული ურთიერთობა რომ აქვთ, ეს შორიდანაც ჩანს.

კრის პოლი და მონტი უილიამსი ჯერ კიდევ ნიუ ორლეანიდან მეგობრობენ

არიზონაში კრის პოლს დევინ ბუკერი ელოდებოდა - კობის ერთ-ერთი საუკეთესო მოწაფე და სულიერი შვილი დიდი ნიჭით და უკიდეგანო ამბიციებით. ‘ის (კობი) აქ იყო და ის ჩემით ამაყობს’ - ასეთი კომენტარი ჰქონდა ბუკერს, როცა მისი 47 ქულით ფინიქსმა ლეიკერსს ‘სტეიპლს ცენტრში’ გადამწყვეტი თამაში მოუგო.

კრის პოლმა ფინიქსი საჩემპიონო გუნდად აქცია, თუმცა ფინიქსმაც მას ის რაღაცეები მისცა, რაც აკლდა. მაშინ, როცა ლეიკერსთან CP3 ტრავმის გამო ცალი ხელით იყო, თამაში თავის თავზე ბუკერმა აიღო. იგივე მოხდა კლიპერსთან, როცა პოლი გუნდს კოვიდის გამო გამოაკლდა. ჯერ ბუკერი იყო და შემდეგ დეანდრე ეიტონის ჩატენვა ბოლო წამებზე.

ისევე, როგორც მთელი ცხოვრების გზა, წლევანდელი მოგზაურობაც NBA-ს ფინალში კრის პოლისთვის იოლი არ ყოფილა. ტრავმები და არგამართლება მას კვლად თან სდევდა, თუმცა ფინიქსის ბიჭები ყველა რთულ სიტუაციაში მის გვერდით აღმოჩნდნენ.

სანაცვლოდ, კრის პოლმა დენვერთან სერია 37 ქულით დახურა, კლიპერსის პირად და პრინციპულ მეტოქეს, გადამწყვეტ თამაშში, გასვლაზე 41 ჩაუგდო.

მილუოკისთან კრის პოლს ძალიან რთული სერია აქვს

ნატანჯ, ნაწვალებ, მაგრამ საოცნებო ჩემპიონამდე კრის პოლს ორი მოგება დარჩა. ანგარიში 2:2-ია. მილუოკი და ჯრუ ჰოლიდეი CP3-ს მაქსიმალურად ხელს უშლის და არ ათამაშებს, მაგრამ გადამწყვეტი მომენტები ყოველთვის მისი იყო. თავისი ცხოვრების მისიის შესასრულებლად CP3-ს დიდი თამაშები დასჭირდება. მარტივად მოგება არ გამოვა.

სტატია ბაბუაზე, მის ცხოვრებაში ყველაზე მნიშვნელოვან ადამიანზე საუბრით დავიწყეთ. ის კაცი მალევე მოკლეს. დააყაჩაღეს მაშინ, როცა კრის პოლი კოლეჯში სულ ახალი მისული იყო. გარდაცვალებიდან პირველივე თამაშში პოლმა 61 ქულა ჩააგდო - თითო ქულა მისი ცხოვრების თითოეული წლისთვის. მგონია, რომ კრისტოფერ ემანუელ პოლისგან რაღაც დიადს უნდა ველოდოთ.

 

კომენტარები

ბოლო ამბები