Thumbnail

ბარსელონა გრიზმანს ატლეტიკოში აბრუნებს - წინსვლა მოლაპარაკებებში

ლუკა გაბიდაური პროფილის ფოტო
ლუკა გაბიდაური
  • ბარსელონა და ატლეტიკო ფეხბურთელების გაცვლას აპირებენ
  • ანტუან გრიზმანის ნაცვლად კატალონიაში საულ ნიგესი გადავა
  • შეთანხმება იოლი არ იქნება, მაგრამ სავსებით შესაძლებელია

ბარსელონა და მადრიდის ატლეტიკო ფეხბურთელების გაცვლის შესაძლებლობაზე კვლავაც მსჯელობენ. საუბარია თავდამსხმელის ანტუან გრიზმანის ატლეტიკოში დაბრუნებაზე, კატალონიაში კი ნახევარმცველის საულ ნიგესის გადაბარგებაზე.  

ესპანური მედია წერს, რომ ბოლო დროს კლუბებს მოლაპარაკების პროცესში წინსვლა აქვთ. ორივე მხარეს გათავისებული აქვს ის, რომ შეთანხმება იოლი არ იქნება, მაგრამ დაინტერესებულები არიან შედეგის მიღწევით და იმედოვნებენ, რომ ამას ხელს თავად ფეხბურთელებიც შეიწყობენ. 

ერთ დროს გრიზმანი და საული თანაგუნდელები იყვნენ

ბარსელონასთვის გრიზმანი მნიშვნელოვანი ფეხბურთელია, მაგრამ ფინანსური პრობლემების გამო კატალონიელები იძულებულნი არიან, ფრანგთან განშორებაზე იფიქრონ. სერხიო აგუეროსა და მემფის დეპაის ტრანსფერების შემდეგ, გუნდში გრიზმანის პოზიციები განსაკუთრებით შესუსტდა და თუკი ეს უკანასკნელი დარჩენას გადაწყვეტს, დიდი ალბათობით, როტაციის მოთამაშე იქნება. 

ანტუანთან დაკავშირებულ ვითარებას ყურადღებით აკვირდებიან ინგლისური კლუბები, თუმცა ცნობილია ის, რომ 30 წლის ფრანგი თავის მომავალთან დაკავშირებით მხოლოდ ორ ვარიანტს განიხილავს - კარიერის ბარსელონაში გაგრძელებას ან ატლეტიკოში დაბრუნებას. 

ფრანგი კატალონიური კლუბიდან შესაძლოა ამ ზაფხულს წავიდეს

რაც შეეხება საულს, 26 წლის ესპანელი ფეხბურთელი ინგლისის პრემიერლიგაში გადაბარგებას კატალონიურ გრანდში გადასვლას ამჯობინებს. 

ბარსელონასა და ატლეტიკოს შორის გარიგებაზე მოლაპარაკება შესაძლოა იმ ფაქტმა გააჭიანუროს, რომ კატალონიელებს მადრიდელებისგან თანხის ან კიდევ ერთი მოთამაშის დამატება სურთ.

წელს საულმა ატლეტიკოსთან ერთად ესპანეთის ჩემპიონობა იზეიმა

ანტუან გრიზმანი ბარსელონაში ატლეტიკოდან, 2019 წელს გადავიდა და კონტრაქტი 2024 წლის ზაფხულამდე აკავშირებს. გასულ სეზონში მან კატალონიელთა ღირსება ყველა ტურნირის 51 მატჩში დაიცვა, გაიტანა 20 გოლი და მიითვალა 13 საგოლე პასი. 

საულ ნიგესმა, რომელიც მადრიდის ატლეტიკოს მთავარ გუნდში 2012 წლიდან გამოდის, გასულ სეზონში 41 შეხვედრაში ითამაშა და მის ანგარიშზე 2 გოლი და ერთი საგოლე პასია. ფეხბურთელს მადრიდულ კლუბთან ხელშეკრულება 2026 წელს ეწურება.

კომენტარები

ბოლო ამბები