Thumbnail

1934 წლის 14 ნოემბერი ადრეული სანაკრებო ფეხბურთის წლებიდან საინტერესო დღეა - მსოფლიოს ჩემპიონი იტალიის ნაკრები „ჰაიბერიზე“ ჩადის და ინგლისის ნაკრებს ეთამაშება, მუნდიალის დე ფაქტო ფინალიც ასე მივიღეთ. ამბობენ, რომ ლეიბორისტებით სავსე პარლამენტთან კონფლიქტში მყოფი „დუჩე“, ლონდონში გამგზავრების წინ, მოგების სანაცვლოდ ნაკრების თითოეულ წევრს ახალ ალფა რომეოებს შეჰპირდა.

ლონდონში იტალია მანჩესტერში ნასწავლმა მწვრთნელმა, მეცხრამეტე საუკუნის ინგლისის ნაკრების ერთ-ერთი ლიდერის - სტივ ბლუმერის ძმაკაცმა და თანამოაზრემ, ვიტორიო პოცომ ჩაიყვანა, რომელსაც ფეხბურთის სამშობლოში მიღებული ლეგიტიმაცია, „დუჩესმუქარების და ალფა რომეოების გარეშე ისედაც ძალიან უნდოდა.

მატჩისთვის ინგლისელებმა მინდორზე ძირითადად ახალგაზრდები და უმეტესად არსენალელები გაიყვანეს. მხოლოდ 3 ფეხბურთელი იყო ჩრდილოეთიდან - ბრიტონი, ბრუკი და სერ სტენლი მეთიუზი, რომელსაც 21-წლიანი სანაკრებო კარიერა ახალი დაწყებული ჰქონდა და ეროვნული გუნდის ფორმით მინდორზე მხოლოდ მეორედ იდგა.

როგორც განვლილი ევროს ფინალი, „ჰაიბერის ბრძოლაც“ ინგლიელების უპირატესობით დაიწყო - პირველ 12 წუთში, 3 ბურთით დაწინაურდნენ. აი მერე კი, პოცოს გუნდმა სიჩქარეში გადართო და მოედნის ცენტრში მეორე ბურთზე ჩეხვას, უკვე 70 წლის მეთიუზი, წლების შემდეგ ‘სისხლის გუბედ’ მოიხსენიებდა. კისერში ვარდნებით 8 ინგლისელი დალეწეს, 2 ბურთი გაქვითეს და ყველას აჩვენეს, რომ შემდეგი ათწლეულები, „აძურის“ ლურჯი ფორმით, სტადიონზე ხუმრობას არავინ აპირებდა.

ამას წელსაც მივხვდი, როდესაც მაისში, იტალიის ნაკრების დელეგაციის ხელმძღვანელად ნაცრისფერ სმოკინგში გამოწყობილი, 'კენგოლიანი' ჯანლუკა ვიალი დავინახე - მინდორზე მანჩინის ტყუპი, ნაკრებში მისივე კონსილიერი, აქცენტით „ქოქნი“, ხანდახან ყელში წამჭერი და ანგლო-იტალიური ხასიათის მიქსით გამოყვანილი პაოლო დი კანიოსებრთა ოჯახის ნაკლებად სტერეოტიპული წევრი; თან იუვენტუსის ბოლო კაპიტანი, რომელმაც ჩემპიონთა ლიგა მოიგო და რუხი ფერის ინდუსტრიულ ქალაქში რაღაც ბზინვარე ჩაიტანა.

მეორე ბენჩზე და აფრო-კარიბული ცხოვრების გზაზე ჩემპიონატის დაწყებამდე ბევრი დავწერეთ. თითქმის ყველაფერი გამართლდა, ანდრეას მიოლერისაც არავის შეეშინდა, მაგრამ ინგლისის ვიალიზე, კრის პაუელზე არაფერი გვითქვამს. ეგ მერე იყოს, ჯერ ფინალის შემდეგ შექმნილ აგონიას უნდა შევეხოთ, რომელიც დაახლოებით ასე ჟღერს - „საუთგეიტმა 1970 წლის ბრაზილიით ვერაფერი მოიგო.“ ან „საუთგეიტი საკის მილანით ინტერტოტოს ფინალში შიროკი ბრიეგთან დამარცხდა.“ ან „საუთგეიტმა სკამზე 20 წლის ოუენი დაალპო და ძირითადში დარენ ჰაკერბი დააწინაურა.“

ვინც საუთგეიტს (რუსეთში ნახევარფინალი, წელს ფინალი) აკრიტიკებს, ალბათ ცუდად ახსოვს, ამ ‘სოციალური მუშაკის’ მოსვლამდე როგორ გამოიყურებოდა, როგორ თამაშობდა და რა შედეგებს აღწევდა ინგლისის ნაკრები დიდ ტურნირებზე. ან მართლა ფიქრობს, რომ ამ სკაის-ჰაიპით ნაკვები ფეხბურთელების სახით, ზაგალოს ბრაზილიის სელექციას აფუჭებს.

თუ კაცი 30 წელი ფეხბურთს უყურებს და მაინც მიაჩნია, რომ ევროპის ჩემპიონატის ფინალში, 119-ე წუთზე მიღებულ გადაწყვეტილებას მხოლოდ ერთი პრიზმა აქვს, იცოდეთ, რომ მინიმუმ 267-ს აკლებს და ზედაპირულობის მაგარ ბუსთზეა მიერთებული. თუ ფეხბურთის ყურება შარშან აქვს დაწყებული და სკაის გადამკიდე, პრემიერლიგის ფეხბურთელები უკვდავი არსებები ჰგონია, მაშინ უთხარით, რომ "კრეივენ კოტეჯის" აუტის ხაზიდან სანაკრებო დონეზე გადმოხურდავებული პრემიერშიფის სტარების ნახევარი, მარსელ ზაბიტცერზე დიდი ფეხბურთელი ვერაფრითაა. თუ არ დაგიჯერათ, სადმე 1966 მოუნიშნეთ და ანჟუს პროვინციის სამლომიანი გობელინის ქრონიკებს მიჰყევით.

ინგლისის ნაკრები ინგლისში ევროს დაწყებამდეც უყვარდათ, მაგრამ ჩემპიონატის დასრულების შემდეგ კიდევ უფრო მეტად უყვართ - საუთგეიტის მთავარი მონაპოვარიც ზუსტად ეს არის. ტურნირიდან ტურნირამდე, ხალხის ნდობა ამ გუნდის მიმართ იზრდება. განწყობა, რომელიც ნაკრების შიდა სამზარეულოს ბრომანსით ავსებს, ყოველ მომდევნო შეკრებაზე უკეთესია. თანაგუნდელის პოლიტიკურ კრიტიკას ამ გუნდში ქვეყნის პრემიერსაც კი არავინ პატიობს და გუშინ დაუნინგის 10-დან სენტ ჯორჯზე გაგზავნილი მოსაწვევები, დღეს ფეხბურთელების ინიციატივით სენტ ჯორჯზევე, სადღაც მაკულატურის სექციაში ყრია.

სიმბოლურია, რომ ვიალიმ, იუვეს ფორმით მოგებულ ლიგამდე, სამპას ფორმით, მანჩინისთან ერთად, კრუიფის ბარსასთან ლიგის ფინალი ზუსტად იქ წააგო, სადაც რამდენიმე დღის წინ, უკვე ოჯახის უფროსის და ტომ ჰაგენის როლში ევროპის ჩემპიონები გახდნენ. შეიძლება 29 წლის წინ მინდორზე ცუდი ფეხით შეხვედი, შეიძლება ფეხბურთიდან საერთოდ გაქრე და შეიძლება წლების შემდეგ საოპერაციო მაგიდაზე დანა დაგადონ, მაგრამ ამ სპორტში დადებითი ენერგია არასოდეს იკარგება და ადრე თუ გვიან, სადღაც თავს შეგახსენებს ხოლმე. როგორც ნაომარ და კენგოლით მდგარ ლუკას შეახსენა, საკას გამორბენის დროს.

საუთგეიტიც წავა, კრის პაუელიც დაბერდება და შესაძლოა, ვიალის კენგოლით და იან რაიტის განწყობით, უემბლის ტერასაზე ოდესღაც უკვე მოტეხილი ბუკაიო საკა ვნახოთ, რომელსაც ეს უნიკორნებით ცურვა და გუნდში დღეს არსებული ერთობა, წინ აუცილებლად დახვდება. როგორც ზევით ვთქვით, ფეხბურთში კარგი ენერგია და სწორი მორალი არ იკარგება და შეუძლებელია, 2 მილიონამდე ბავშვისთვის საჭმლის შემგორვებელი ფეხბურთელის - მარკუს რაშფორდის ენერგიაც, მხოლოდ ერთი გაფუჭებული პენალტის და ისტორიაში პირველად მოპოვებული ვერცხლის მედლის გამო უკვალოდ გაქრეს.

 

კომენტარები

ბოლო ამბები