Thumbnail
  • 📅 11 ივლისი | 🏟 რიო დე ჟანეირო | ⌚ 04:00 | ⚽ ბრაზილია V არგენტინა
  • მარაკანაზე კოპა ამერიკის ფინალურ შეხვედრას მაყურებლებიც დაესწრებიან
  • ბრაზილიის პრეზიდენტის პროგნოზმა ლამის დიპლომატიური ომი გამოიწვია
  • 28 წელიწადია, რაც არგენტინის ეროვნულ ნაკრებს არაფერი მოუგია
  • ყველაფერი, რაც ამ მატჩის შესახებ უნდა იცოდეთ

უკვე აღარავის ახსოვს, რომ 2021 წლის კოპა ამერიკის ჩატარება კითხვის ნიშნის ქვეშ იდგა. ფინალში სუპერკლასიკოს მოლოდინმა ყველა ის უარყოფითი მომენტი გადაფარა, რომელიც მიმდინარე კოპას საორგანიზაციო საკითხებს შეეხო. უკანასკნელი, რაც ამ ჯადოსნური მატჩის მეტ-ნაკლებად ნორმალურ ვითარებაში გასამართად გაკეთდა, ტრიბუნებზე მაყურებლების, მართალია შეზღუდული რაოდენობით, მაგრამ მაინც დაშვება იყო. ბრაზილიაში არგენტინის ელჩმა დაადასტურა, რომ კონმებოლმა მთლიანობაში ფანებისთვის 4200 ბილეთი გამოყო.

მათი რაოდენობა ზუსტად გაიყოფა, ოღონდ აქ ერთი მნიშვნელოვანი დეტალია. არგენტინული მხარისთვის გამოყოფილ ბილეთებს მიიღებენ მხოლოდ ისინი, ვინც ბრაზილიაში იმყოფებიან. საინტერესოა ისიც, რომ ბილეთები უფასოა, ხოლო მათი მფლობელები კი ტრიბუნებზე მხოლოდ იმ შემთხვევაში მოხვდებიან, თუ სტადიონის მიმდებარედ არსებულ სამედიცინო ცენტრში სწრაფი ტესტირების პროცედურის გავლის შემდეგ, კოვიდტესტზე პასუხი უარყოფითი ექნებათ. ტესტირების პროცედურის გავლა სავალდებულო იქნება როგორც ბრაზილიელი, ისე არგენტინელი ქომაგებისთვის.

უკვე მივეჩვიეთ, რომ დიდი საფეხბურთო მატჩების შედეგის პროგნოზირებას ამა თუ იმ ქვეყნის პირველი პირებიც კი ცდილობენ ხოლმე. როგორც წესი, მათი გამონათქვამები მეტოქისადმი პატივისცემით და მოსალოდნელი მატჩის მნიშვნელობის შესახებ ფრაზებითაა გაჯერებული, მაგრამ ბრაზილიის პრეზიდენტი ჟაირ ბოლსონარო, რომელიც ფეხბურთის დიდი თაყვანისმცემელია, გამონაკლისი აღმოჩნდა: "ბრაზილია არგენტინას ანგარიშით 5:0 დაამარცხებს". ასეთი მოკლე და არგენტინელთათვის საკმაოდ მკვახე შეფასებით შემოიფარგლა ბოლსანორო.

კოპა ამერიკის ფინალს 'მარაკანაზე' გულშემატკივრებიც დაესწრებიან

დიპლომატიური "ომის" თავიდან აცილება მხოლოდ იმის გამო მოხერხდა, რომ საპირისპირო მხარემ კომენტარისგან თავი შეიკავა. 

ის, რომ მსოფლიო პრესას მატჩის მესი-ნეიმარის დაპირისპირებად წარმოჩენა სურს, მოულოდნელი არაა. ამ ტალღაზე აწყობილი ბრაზილიური მედია უფრო შორსაც კი წავიდა. ერთი ვერსიით, იმ შემთხვევაში, თუ "სელესაო" ფინალს მოიგებს, ნათელი გახდება, რომ თანამედროვეობის უძლიერესი ფეხბურთელის ტიტულს სწორედ ნეიმარი იმსახურებს.

ბრაზილიელი ჟურნალისტების ამ ვერსიას არსებობის უფლება, რა თქმა უნდა, აქვს, მაგრამ არსებობის უფლება აქვს არგენტინელთა მთავარი მწვრთნელის სკალონის მიერ გამოთქმულ აზრსაც, რომელიც ამ უკანასკნელმა მატჩის წინა პრესკონფერენციაზე გააჟღერა: "არ აქვს მნიშვნელობა, რა შედეგით დასრულდება შეხვედრა. მესი იყო, რჩება და მომავალშიც მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელი იქნება".

სანამ სკალონი მესიზე ამ კონკრეტულ მოსაზრებას გამოთქვამდა, მედიის წარმომადგენლები ნეიმარის კომენტარითაც დაინტერესდნენ.

"როგორც უკვე არაერთხელ ვთქვი, მესი მსოფლიოს უძლიერესი ფეხბურთელია. მე არასდროს მინახავს, რომ ვინმეს ფეხბურთი მასზე კარგად ეთამაშოს. გარდა ამისა, ის ძალიან კარგი მეგობარიცაა, მაგრამ ახლა ჩვენ მეტოქეები ვართ. ტიტულის მოგება ორივეს გვსურს და ეს ფაქტი ყველაფერზე მაღლა დგას", - განაცხადა "სელესაოს" ლიდერმა. 

ლოგიკური იქნებოდა, რომ თავისი მოსაზრება მესისაც დაეფიქსირებინა, მაგრამ არგენტინელთა კაპიტნის ხასიათზე წარმოდგენა ვისაც აქვს, მას არ გაუკვირდება, რომ ლეოს ამ საკითხზე არ უსაუბრია. 

ლეო მესიმ არგენტინასთან ერთად კოპა ამერიკის ფინალი სამჯერ წააგო

რას გვეუბნება სტატისტიკა? ეროვნული ნაკრებების დონეზე ეს მოთამაშეები ერთმანეთს ოთხჯერ შეხვდნენ. ორი მატჩი არგენტინელებმა, ორი კი ბრაზილიელებმა მოიგეს, თუმცა "ალბისელესტეს" მიერ მოგებულ შეხვედრებში ლეოს როლი გაცილებით დიდია. 2010 წელს, როდესაც არგენტინამ ბრაზილია 1:0 დაამარცხა, ის ერთადერთი გოლი სწორედ მესიმ შეაგდო, ხოლო ორი წლის შემდეგ, ანგარიშით 4:3 მოგებულ შეხვედრაში ჰეთ თრიკი შეასრულა. თავისი როლი მესის 2014 წელს წაგებულ მატჩშიც ჰქონდა. ის შეხვედრა ბრაზილიელებმა 2:0 მოიგეს, ხოლო ლეომ პენალტი ვერ გამოიყენა. 2015 წელს კიდევ ერთი მატჩი ჩატარდა, რომელიც სელესაომ 3:0 მოიგო და ერთ-ერთი გოლი მეტოქეს ნეიმარმა გაუტანა. 

მომავალ შეხვედრაში ნეიმარის და მესის დაპირისპირების გარდა, კიდევ რამდენიმე საკვანძო დეტალია. პირველ რიგში, ყურადღება ბრაზილიელთა ნახევარმცველ პაკეტაზე მახვილდება. ფრანგული ლიონის ფეხბურთელმა თავის გუნდს გამარჯვებები 1/4-ფინალში ჩილესთან და 1/2-ფინალში პერუსთან შეხვედრებში მოუტანა. მისი განეიტრალება სკალონის ერთ-ერთ თავსატეხად გადაიქცა.

საფიქრალი ბევრი აქვს ბრაზილიელთა მთავარ მწვრთნელ ტიტესაც, რომელსაც მესის გარდა, მთავარ საფრთხედ ლაუტარო მარტინესი მიაჩნია.

"ეჭვგარეშეა რომ ჩვენ უმაღლესი კლასის გუნდი დაგვიპირისპირდება. 28 წელია, არგენტინის ეროვნულ ნაკრებს არაფერი მოუგია, რაც მოწინააღმდეგის მოტივაციას მხოლოდ ზრდის. ამის ნათელი დადასტურება მესის თამაშია. გასაგებია, რომ თქვენ ყველანი ელით პასუხს კითხვაზე, თუ როგორ ვაპირებ არგენტინელების კაპიტნის განეიტრალებას, მაგრამ ისიც მინდა შეგახსენოთ, რომ არგენტინას მესის გარდა რამდენიმე ძალიან კარგი ფეხბურთელი ჰყავს, მაგალითად, ლაუტარო მარტინესი, რომელსაც თუ თავისუფლება მიეცი, არანაკლები საფრთხის მომტანია".

ნეიმარმა ბრაზილიას კოპა ამერიკა მეათედ უნდა მოაგებინოს

სკალონისგან განსხვავებით, ტიტეს მეტი საკადრო პრობლემა აქვს. დისკვალიფიკაციის გამო ბრაზილიელებს გაბრიელ ჟეზუში, ხოლო ტრავმის გამო ფელიპე არ ეყოლებათ.

ტრავმირებულთა სიაში არავინაა არგენტინელთა მხრიდან, მაგრამ "ალბისელესტეს" მთავარმა მწვრთნელმა უნდა გადაწყვიტოს, ათამაშოს თუ არა კრისტიან რომერო, რომელმაც გამოჯანმრთელების შემდეგ მხოლოდ ერთი სრულფასოვანი ვარჯიშის ჩატარება მოასწრო. 

საინტერესო ფაქტები

⚽ ბრაზილიას 'კოპა ამერიკა' ცხრაჯერ, ხოლო არგენტინას კი 14-ჯერ აქვს მოგებული.

⚽ 21-ე საუკუნეში 'სელესაომ' ტურნირი სამჯერ მოიგო, მათ შორის ბოლოც.

⚽ ამ საუკუნეში არგენტინას 'კოპა ამერიკაზე' არ გაუმარჯვია.

⚽  'ალბისელეტემ' ტურნირზე გამარჯება ბოლოს 1993 წელს მოახერხა.

⚽ ამ საუკუნეში არგენტინის ნაკრები 'კოპა ამერიკის' ფინალში მეხუთედ გავიდა.

⚽ ფიფას მონაცემებით, ეს ამ გუნდების 106-ე შეხვედრაა. ბრაზილიამ 41 მატჩი მოიგო, არგენტინამ - 38. არგენტინამ მეტოქეს 160 გოლი გაუტანა, ბრაზილიამ სამით მეტი.

⚽ 'კოპა ამერიკაზე' ეს გუნდები ერთმანეთს 34-ედ ხვდებიან. არგენტინელებმა 15, ხოლო ბრაზილიელებმა კი ათი მოიგეს. ბურთების შეფარდებაა 52:40 არგენტინელების სასარგებლოდ.

⚽ ბრაზილიაში ჩატარებული 'კოპა ამერიკის' შეხვედრებში 'სელესაო' 46 წელიწადია არ დამარცხებულა (17 მოგება 9 ფრე).

⚽ 'კოპა ამერიკის' გათამაშებაში ბრაზილიელებს ტიტესთან ერთად ზედიზედ 12 წაუგებელი მატჩი აქვთ. ეს მარიო ზაგალოს რეკორდის გამეორებაა.

⚽ არგენტინელებს იმ გათამაშებებში, რომლებიც ბრაზილიაში გაიმართა, 'სელესაოს' წინააღმდეგ 6 მატჩი აქვთ ჩატარებული, რომელთაგან ხუთი წააგეს და ერთი ფრედ დაასრულეს.

სავარაუდო შემადგენლობები 

ბრაზილია (4-2-3-1): ედერსონი - დანილო, მარკინიოსი, ტიაგო სილვა, ლოდი - ფრედი, კაზემირო - რიშარლისონი, პაკეტა, ევერტონი - ნეიმარი

არგენტინა (4-3-3): ემილიანო მარტინესი - მოლინა, პესელა, ოტამენდი, ტალიაფიკო - დე პაული, პარედესი, ლო სელსო - მესი, გონსალესი, ლაუტარო მარტინესი.

კომენტარები

ბოლო ამბები