Thumbnail

მაკგრეგორი-პორიეს ტრილოგია - სასწორზე კონორის მთელი კარიერა დევს

გიორგი უგულავა პროფილის ფოტო
გიორგი უგულავა

თბილისის დროით 11 ივლისს დილით, ლას ვეგასში დიდი ჩხუბია. UFC 264-ის მთავარ ბრძოლაში,  კონორ მაკგრეგორი დასტინ პორიეს შეხვდება - წელს უკვე მეორედ, კარიერაში კი მესამედ.

კონორის ოქტაგონზე გამოჩენა ყოველთვის დიდი ამბავია, მით უმეტეს ახლა, როდესაც მისი ბოლოდროინდელი წარუმატებლობების ფონზე, სასწორზე მთელი მისი კარიერა დევს. ეს ბრძოლა მაკგრეგორისთვის შანსია, რომ ისევ დაბრუნდეს საჩემპიონო ამბებში.

ბევრი ექსპერტი და გულშემატკივარი მიიჩნევს, რომ ბოლო წლებში მაკრეგორმა უწინდელი მოტივაცია დაკარგა და ეს მის საბრძოლო ფორმაზეც აისახება. ბოლოს მაკგრეგორმა ამ წლის იანვარში, სწორედ დასტინ პორიესთან წააგო. პორიემ ტაქტიკურად უფრო სწორად იჩხუბა, კონორის ფეხი გათიშა და ამის შემდეგ ბრძოლა ნოკაუტით დაასრულა.

თავის მხრივ, კონორსაც აქვს თავისი ნოკაუტი პორიეს წინააღმდეგ - ეს შორეულ 2014 წელს იყო. მაკგრეგორი სავარაუდოდ ფსონს ტრადიციულად აგრესიულ დასაწყისზე გააკეთებს და პორიეს პირველ რაუნდებში ირლანდიელის ნოკაუტს უნდა უფრთხილდეს. ეს მაკგრეგორის საფირმო სტილია. 22 გამარჯვებიდან 19 მას ნოკაუტით აქვს მოგებული.

პორიე ბოლო პერიოდში სწრაფად ვითარდება და ახლა ბევრად უფრო მრავალფეროვანი მებრძოლია, ვიდრე 2014 წელს იყო. იანვრის ბრძოლაში მან კონორის წინააღმდეგ ბევრი ახალი ტაქტიკური დეტალი აჩვენა. ამერიკელს პარტერში ბრძოლაც შეუძლია და ფეხზეც გაუწევს მაკგრეგორს კონკურენციას. ის ერთადერთია, რომელმაც კონორის დამარცხება ნოკაუტით მოახერხა.

სტატისტიკის მიხედვით, პორიე თითქოს ფავორიტია. 13 ტრილოგიიდან ბრძოლების 70 პროცენტში იმ მებრძოლმა მოიგო, რომელმაც გამარჯვება მეორე ბრძოლაში მოიპოვა. სხვა ფაქტორიც არის გასათვალისწინებელი - 66 წონით კატეგორიის მიღმა მაკგრეგორი 3-3-ზეა.

თუმცა, ნეიტ დიასთან მეორე ბრძოლამ აჩვენა, რომ კონორს მარცხის შემდეგ დაბრუნება ძალიან კარგად შეუძლია. ის ძალიან ჭკვიანი მებრძოლია და დამარცხებიდან სწორი დასკვნების გაკეთება ეხერხება.

მატჩს დამატებით ინტრიგას ის ფაქტი სძენს, რომ გამარჯვებულს მოქმედი ჩემპიონი ჩარლზ ოლივეირა ელოდება. პორიე-მაკგრეგორის მოგებული ამ წლის მიწურულს ქამრისთვის სწორედ ოლივეირას დაუპირისპირდება.

ბრძოლას ლას ვეგასი უმასპინძლებს და დიდი ხნის შემდეგ გულშემატკივარი დარბაზში დაბრუნდება. ღონისძიებას 20800 კაცი დაესწრება.

კომენტარები

ბოლო ამბები