Thumbnail

იტალია და ინგლისი ის ორი გუნდია, რომლებიც მთელი ევროპის ჩემპიონატის მანძილზე ყველაზე სტაბილურად გამოიყურებოდნენ და მთელი ტურნირი ჩავარდნის გარეშე განვლეს. ლოგიკურია, ევროპის ჩემპიონატის ბედს სწორედ ისინი რომ გაარკვევენ. რას უნდა ველოდოთ ფინალში?

შემადგენლობები

ერთ-ერთი მთავარი კითხვა ინგლისის ნაკრების ფორმაციას ეხება. იტალიის ნაკრების შემთხვევაში ყველაფერი გასაგებია, მანჩინი 4-3-3-ს არასოდეს ღალატობს და დიდი ალბათობით, იტალიის ძირითადი თერთმეტეული არ შეიცვლება. ინგლისთან ფინალს იგივე გუნდი დაიწყებს, რომელიც ესპანეთის წინააღმდეგ ნახევარფინალში იყო. და ეს იმის მიუხედავად, რომ ნიკოლო ბარელას საუკეთესო თამაში ესპანეთთან არ ჰქონია, ჩირო იმობილე კი ძალიან სუსტად გამოიყურებოდა. ნაკლებად სავარაუდოა, რომ ფინალის წინ მანჩინიმ იმობილე ბელოტით შეცვალოს, ან ბარელას ნაცვლად ძირითადში ლოკატელი ან პესინა გამოჩნდეს.

ინგლისის შემთხვევაში ყველაფერი სხვაგვარად არის. გარეთ საუთგეიტის გუნდმა ამ ტურნირზე ელიტური მეტოქის წინააღმდეგ ერთი შეხვედრა ჩაატარა და საუთგეიტმა იქ, მერვედფინალში გერმანიასთან, გუნდი 3-4-3-ზე გადაიყვანა. არადა, ინგლისის ძირითადი სათამაში სქემა 4-3-3 თუ 4-5-1-ის ჰიბრიდული ვარიანტია. შეცვლის სქემას საუთგეიტი კიდევ ერთხელ ფინალში, თუ გამარჯვებულ შემადგენლობას ენდობა?

საუთგეიტს ცვლილებების შეტანა სქემაშიც და შემადგენლობაშიც უყვარს ხოლმე. 3 ცენტრალურ მცველზე გადასვლა იმას ნიშნავს, რომ ის მოედნის ცენტრს დათმობს და უფრო დაცვიდან თამაშს აპირებს. 4-5-1 კი უფრო მეტად მოედნის ცენტრისთვის ბრძოლას მოასწავებს. გასათვალისწინებელია სხვა ფაქტორიც. გერმანია თავის მხრივ 3-4-3-ით თამაშობდა და საუთგეიტმა მათი ტაქტიკის დუბლირება მოახდინა. ამჯერად იტალიასთან ალბათ მაინც უფრო გამარჯვებულ სქემას და შემადგენლობას ენდობა. ინგლისურ პრესაში უფრო მეტად ისევ 4-5-1-ს ელოდებიან. 

მთავარი შეკითხვა ამ შემადგენლობაში ის იქნება, თუ ვის ენდობა მარჯვენა ფლანგზე - ჯეიდონ სანჩოს, ბუკაიო საკას თუ ფილ ფოდენს? სანჩოს გამოჩენა ყველაზე ნაკლებად მოსალოდნელია. მან ძირითადში მხოლოდ ერთხელ ითამაშა უკრაინასთან და ის მატჩიც მისთვის საუკეთესო არ იყო. ფავორიტად საკა გამოიყურება, თუმცა ფოდენის გამოსვლა იმას ნიშნავს, რომ საუთგეიტს ბურთის კონტროლზე უნდა აქცენტის გაკეთება.

ინგლისურ პრესაში ბევრს წერენ, რომ საუთგეიტმა მოედნის ცენტრში გამოცდილი ჯორდან ჰენდერსონი უნდა გამოიყვანოს, თუმცა უფრო მეტად მოსალოდნელია, რომ უკვე ნაცადი რაისი-ფილიპსის დუეტი მოედნის ცენტრში არ შეიცვლება.

როგორც ჩანს, თითქმის გამორიცხულია ჯეკ გრილიშის ძირთადში გამოჩენა. საუთგეიტი ისევე იქცევა, როგორც სერ ალფ რამსეი 1966-ში. მაშინ რამსეი უფრო ნიჭიერ და შემოქმედებით ჯიმი გრისს მუშა და მორბენალ ჰანტი-ჰერსტის დუეტს ამჯობინებდა. საუთგეიტიც მეისონ მაუნტს უფრო ენდობა, ვიდრე ასტონ ვილას შემტევს.

უემბლიზე ევროპის მე-16 ჩემპიონის ვინაობა გაირკვევა

უპირატესობები

სპეციალისტები და ექსპერტები ერთსულოვანნი არიან. იტალია ძირითად სათამაშო ასპექტებში უფრო სოლიდურად გამოიყურება. მაგალითად, იტალია თითქმის გარანტირებულად მოიგებს ბურთისთვის ბრძოლას მოედნის ცენტრში. რთულია, რაისი-ფილიპსის დუეტით ვერატის და ჟორჟინიოს ბურთი წაართვა.

იტალია ბურთს ბევრად უკეთ ფლობს და ათამაშებს, ვიდრე მისი მეტოქე. ინგლისს არც ესპანეთივით პრესინგი შეუძლია და ისიც რთული წარმოსადგენია, რომ მათ ისეთი ხარისხით მოახერხონ მეტოქის პრესინგით შეწუხება, რომ იტალიას ბურთის გათამაშებაში სერიოზული პრობლემები შეექმნას.

თავის მხრივ, იტალია პრესინგის ბევრად უკეთ თამაშობს და მაშინ, როცა ინგლისს დაცვიდან მოკლე პასით ამოსვლის დროს სერიოზული პრობლემები აქვს, სავარაუდოა, რომ იტალიის პრესინგი ინგლისს დაცვიდან შეტევაში ბურთის გათამაშებით გადასვლის შესაძლებლობას არ მისცემს. საუთგეიტის გუნდს ხშირად მოუწევს გრძელი პასებით თამაში.

სათამაშო უპირატესობა იტალიის უნდა იყოს, თუმცა ინგლისსაც აქვს თავისი ძლიერი მხარეები. საუთგეიტის გუნდი ბევრად უფრო გაბარიტული და ფიზიკურია და განსაკუთრებით საშიშია სტანდარტებზე. ინგლისს სტანდარტებზე უპირატესობა ექნება. კიელინის გარდა, ვერცერთი იტალიელი ინგლისის "დიდ ბიჭებთან" გაბარიტებში და თავით თამაშის უნარში ახლოსაც ვერ მივა. ამიტომ მანჩინის გუნდისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ სტანდარტები მაქსიმალურად თავიდან აირიდოს.

გარეთ საუთგეიტმა ინგლისის ნაკრები ევროს ფინალში ისტორიაში პირველად გაიყვანა

გარდა ამისა, ამ ინგლისს არ ეშინია მოედნის ცენტრის დათმობა და დაცვიდან კონტრშეტევებზე თამაში. პირიქით, ეს მოსწონს კიდეც. ყველაზე ცუდად ამ ტურნირზე ინგლისმა შოტლანდიის წინააღმდეგ ითამაშა. ანუ მაშინ, როცა თავად იყო პირველი ნომერი. იტალიას სწრაფი და ტექნიკური შემტევები ჰყავს და ინგლისს მათთან ერთად სივრცეში თავისი მცველების მარტო დატოვება არ უნდა უნდოდეს. ფედერიკო კიეზა კონტრშეტევაზე, სივრცეში, მაგალითად, ჰარი მაგუაიერის წინააღმდეგ, არცთუ კარგი ვარიანტია. სწორედ ამიტომ, ინგლისს მოედნის ცენტრის დათმობა არცთუ ძალიან უნდა ადარდებდეს. პირიქით, ურჩევნია, რომ კომპაქტური დაცვა დააყენოს, სივრცეები არ დატოვოს და კონტრშეტევების იმედად იყოს.

კონტრშეტევებზე საუთგეიტის გუნდი ძალიან სახიფათოა. ჰარი კეინი მოედნის ცენტრამდე ამოდის, ხაზებს შორის ძალიან კარგად იხსნება, პირველ ბურთს იღებს და კონტრშეტევას იწყებს. საკა, მაუნტი და განსაკუთრებით სტერლინგი კი ღია სივრცეებს ძალიან კარგად ითვისებენ. სტერლინგი საერთოდაც ამ ევროპის ჩემპიონატის ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელია. ბევრს მოძრაობს და ძალიან მაგრად პოულობს თავისუფალ სივრცეებს მეტოქის საჯარიმოში. თან, მას იმდენად თავისუფალი პოზიცია აქვს და იმდენად მობილურია, რომ ვერასოდეს იტყვი, მოედნის რომელ მონაკვეთზე იქნება. კონტრშეტევები და სტერლინგის ფაქტორი იტალიისთვის მთავარი საფრთხეა.

ინგლისს შეუძლია მშვიდად წააგოს მოედნის ცენტრი და სტანდარტების და კონტრშეტევების იმედზე იყოს. საუთგეიტის გუნდი გოლს თითქმის არ უშვებს და მხოლოდ 1 გოლიც შესაძლოა გამარჯვებისთვის საკმარისი იყო. თანაც ინგლისი სახლშია, ფინალამდე ბევრად უფრო იოლი გზა ჰქონდა, მეტოქეზე ნაკლები წუთების თამაში მოუწია (მხოლოდ 1 დამატებითი დრო) და ენერგიის პრობლემა არ უნდა ჰქონდეს.

გასათვალისწინებელია მასპინძლისთვის ჩვეული უპირატესობის, მსაჯების საკითხიც. დანიასთან ინგლისმა, რბილად, რომ ვთქვათ, ძალიან საეჭვო პენალტით მოიგო. ახლაც, იტალიაში მსაჯებს ძალიან უფრთხიან. ფაბრიციო რავანელიმ ისიც კი თქვა, რომ მსაჯები ამ თამაშში იტალიის მთავარი პრობლემაა.

ისტორიული ფაქტორიც არ უნდა დაგვავიწყდეს. ინგლისი იტალიისთვის მოსახერხებელი მეტოქეა. დიდ ტურნირზე ინგლისს "სკუადრა აძურასთვის" არასოდეს მოუგია. ქართველ გულშემატკივარს ისიც გვახსოვს, "უემბლიზე" ჯანფრანკო ძოლას გოლით იტალიამ როგორ მოიგო. მაშინ ორივე ეს გუნდი შესარჩევში საქართველოსთან ერთად იყო. ბოლო 10 წელიწადშიც იტალიამ ინგლისს ორჯერ მოუგო - ევრო 2012-ზე პენალტებით და პირლოს ისტორიული "პანენკათი", ხოლო 2014 წლის მუნდიალზე ჯგუფში გაიმარჯვა - 2:1.

რობერტო მანჩინის გაწვრთნილი 'სკუადრა აძურა' ევროს მეორედ მოგებას შეეცდება

მთავარი დაპირისპირება

ინგლისმა შეიძლება მოედნის ცენტრი ვერ მოუგოს, თუმცა ხელი აუცილებლად უნდა შეუშალოს. ამიტომ რამდენად შეუშლის ხელს მეისონ მაუნტი ჟორჟინიოს, ეს ერთ-ერთი მთავარი შეკითხვაა. ინგლისს კონტრშეტევებისთვის სჭირდება, რომ იტალიას ბურთი სახიფათო ზონებში დააკარგვინოს. ჟორჟინიო ის კაცია, ვინც იტალიის თამაშის ტემპს და რიტმს განსაზღვრავს. მაუნტი მოძრავი და ძალიან შრომისმოყვარეა და ჟორჟინიოს პრესის ქვეშ მოქცევა სწორედ მაუნტის საქმე იქნება.

კიდევ ერთ საკვანო დუეტში ჰარი კეინი ჯორჯო კიელინის დაუპირისპირდება. კეინი ინგლისის საუკეთესო შემტევია და მისი ნეიტრალიზაცია კიელინის საქმეა. კეინს უკან ჩამოსვლა და შეტევის ორგანიზებაში მონაწილეობის მიღება უყვარს. კიელინის ხშირად მოუწევს მას სიღრმეში აყვეს და იქ ორთაბრძოლა მოუგოს, რათა გათავისუფლებულ ზონებში ინგლისის კონტრშეტევა არ მიიღოს.

უყურე ევროს დიდ ეკრანზე!

საინტერესო ფაქტები

⚽ ეს იქნება იტალიის მე-10 ფინალი დიდ ტურნირებზე (6 მსოფლიოს ჩემპიონატზე, 4 ევროპის ჩემპიონატზე). მხოლოდ გერმანიას აქვს უკეთესი შედეგი ევროპულ ნაკრებებს შორის (14). იტალიამ ევროპის ჩემპიონატი 1968 წელს მოიგო, ხოლო 2000 და 2012 წლებში ფინალები წააგო.

⚽ ინგლისი ევროპის ჩემპიონატის ფინალში პირველად ითამაშებს, ხოლო დიდ ტურნირზე ჯამში მეორედ და პირველად 1966 წლის შემდეგ. არცერთ სხვა ნაკრებს დიდ ტურნირზე ორ ფინალს შორის ასეთი დიდი წყვეტა არ აქვს (55 წელი).

⚽ ინგლისი მე-13 ნაკრებია, რომელიც ევროპის ჩემპიონატის ფინალში გავიდა (ჩეხოსლოვაკია და ჩეხეთი ჩათვლილია მხოლოდ ერთად). წინა 12 შემთხვევიდან მხოლოდ 3 ნაკრებმა წააგო პირველი ფინალი: იუგოსლავიამ (1960), ბელგიამ (1980) და პორტუგალიამ (2004).

⚽ იტალიამ ევროპის ჩემპიონატზე ორჯერ დაიკავა მე-2 ადგილი (2000 და 2012 წლებში). მხოლოდ გერმანიას და საბჭოთა კავშირს აქვთ ევროზე უფრო მეტი მეორე ადგილი მოპოვებული.

⚽ ევრო 2020-ზე ინგლისი ფინალის მასპინძელია. მე-11 შემთხვევაა, როცა ევროპული ქვეყანა დიდი ტურნირის ფინალში (მუნდიალი/ევრო) მასპინძლის სტატუსით ითამაშებს. ინგლისმა უმასპინძლა 1966 წლის მუნდიალის ფინალს, როცა "უემბლიზე" გერმანია 4:2 დაამარცხა. ევროპის ჩემპიონატის ფინალის ბოლო ორმა მასპინძელმა გადამწყვეტი შეხვედრა წააგო (პორტუგალიამ 2004 წელს და საფრანგეთმა 2016 წელს). მანამდე, 8 ფინალიდან კი, მხოლოდ შვედეთმა წააგო შინ მთავარი თამაში (1958 წლის მუნდიალის ფინალი).

⚽ იტალიას არასდროს წაუგია დიდ ტურნირზე (მსოფლიოს/ევროპის ჩემპიონატი) ინგლისის ნაკრებთან (3 მოგება, 1 ფრე): 1:0 1980 წლის ევროპის ჩემპიონატზე, 2:1 1990 წლის მუნდიალზე, 2:1 2014 წლის მუნდიალზე და 0:0 2012 წლის ევროპის ჩემპიონატზე 1/4-ფინალში (ეს თამაში იტალიამ პენალტების სერიაში მოიგო.

⚽ ინგლისმა იტალიასთან ბოლო 14 მატჩიდან მხოლოდ ორი მოიგო ყველა ტურნირზე (5 ფრე, 7 წაგება). ეს შემთხვევა 1997 წლით თარიღდება, როცა ინგლისმა საფრანგეთში ოთხთა ტურნირზე 2:0 მოიგო და 2012 წლის აგვისტოში 2:1 იმარჯვა ამხანაგურ მატჩში. ინგლისს იტალიასთან ოფიციალურ მატჩებში ერთადერთი გამარჯვება აქვს მოპოვებული (1977 წლის ნოემბერში, 1978 წლის მუნდიალის შესარჩევ ციკლში 2:0) - 8 მატჩი, 1 მოგება, 2 ფრე, 5 წაგება.

⚽ ეს არის მესამე ფინალი დიდ ტურნირზე, რომელიც "უემბლიზე" გაიმართება. წინა ორ შემთხვევაში თამაშის ბედი დამატებით დროში გადაწყდა. 1996 წელს ინგლისმა გერმანიას მოუგო (4:2), ხოლო 1996 წლის ევროპის ჩემპიონატზე გერმანიამ ჩეხეთს (2:1).

⚽ იტალიას ბოლო 33 თამაში არ წაუგია (27 მოგება, 6 ფრე), გაიტანა 86 გოლი და გაუშვა მხოლოდ 10. "აძურის" ისტორიაში ეს ყველაზე ხანგრძლივი დაუმარცხებელი სერიაა.

⚽ ინგლისმა "უემბლიზე" ყველა ტურნირზე ბოლო 17 მატჩიდან 15 მოიგო (1 ფრე, 1 წაგება). 46 გოლი გაიტანა და მხოლოდ 5 გაუშვა.

⚽ ინგლისი ბოლო 12 მატჩია არ დამარცხებულა (11 მოგება, 1 ფრე). 10 გამარჯვება გოლგაუშვებლად მოიპოვა და ამ შეხვედრებში სულ რაღაც 2 გოლი გაუშვა. "სამ ლომს" ევროპის ჩემპიონატზე მხოლოდ ერთი გოლი აქვს გაშვებული და 7 შემთხვევიდან 4-ჯერ გუნდები, რომლებიც ფინალამდე ერთი მიღებული გოლით მივიდნენ, ჩემპიონებიც გახდნენ - საბჭოთა კავშირი 1960 წელი, იტალია 1968, გერმანია 1972 და ესპანეთი 2012).

⚽ გარეთ საუთგეიტმა ინგლისის ნაკრების მწვრთნელის რანგში დიდ ტურნირებზე 8 თამაში მოიგო და ინგლისის არცერთ მწვრთნელს უკეთესი შედეგი არ აქვს (იგივე მაჩვენებელი აქვს ალფ რამსეის).

⚽ იტალიამ 12 დარტყმა განახორციელა კარში და 3 გოლი გაიტანა მას შემდეგ, რაც ბურთი მოიპოვა მეტოქის კარიდან 40 მეტრის ან უფრო ნაკლებ მონაკვეთში. ევრო 2020-ზე ეს საუკეთესო შედეგია.

⚽ ინგლისმა (2.2) და იტალიამ (2.3) მიიღეს საკუთარ კარში ყველაზე ცოტა დარტყმა საშუალოდ ევრო 2020-ზე.

⚽ ჰარი კეინმა ინგლისის ნაკრებში ბოლო 27 მატჩში 28 გოლში მიიღო მონაწილეობა (19 გოლი, 9 პასი). მას ერთადერთი გოლი აკლია, რომ დიდ ტურნირებზე ინგლისის ნაკრების ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირი გახდეს (10-10 გოლი გარი ლინეკერთან ერთად).

⚽ რაჰიმ სტერლინგს ევრო 2020-ზე ყველაზე მეტი დრიბლინგის მცდელობა ჰქონდა (32) და ყველაზე მეტი წარმატებული დრიბლინგიც (18). აქედან 7 იყო მეტოქის საჯარიმოში, ერთ-ერთმა კი ინგლისს დანიასთან პენალტი მოუტანა, რამაც მატჩის ბედი გადაწყვიტა.

⚽ მხოლოდ კევინ დე ბრუინმა (13) შექმნა მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე უფრო მეტი საგოლე შანსი, ვიდრე მარკო ვერატიმ (12).

⚽ რობერტო მანჩინი მხოლოდ მე-2 მწვრთნელია, რომელსაც ინგლისში ტიტული აქვს მოგებული და დიდ ტურნირზე (მსოფლიოს/ევროპის ჩემპიონატი) ნაკრები ფინალში გაიყვანა. მანამდე იგივე ალფ რამსეიმ გააკეთა, რომელმაც ინგლისში ტიტული იფსვიჩთან ერთად მოიგო, ხოლო 1966 წელს ინგლისს მუნდიალი მოაგებინა.

⚽ ამ გუნდების ბოლო 5 დაპირისპირებაში 2-ჯერ 2.5-ზე მეტი გოლი გავიდა და 4-ჯერ ორივე გუნდმა გაიტანა. ბოლო ორი მატჩი კი ფრედ 1:1 დასრულდა (2015 და 2018 წლებში).

⚽ იტალიის ნაკრების ბოლო 5 მატჩში 3-ჯერ 2.5-ზე მეტი გოლი გავიდა და 3-ჯერ ორივე გუნდმა გაიტანა.

⚽ ინგლისის ნაკრების ბოლო 5 მატჩში 2-ჯერ 2.5-ზე მეტი გოლი გავიდა და ერთხელ ორივე გუნდმა გაიტანა.

⚽ იტალია და ინგლისში ისტორიაში 27-ჯერ შეხვედრიან, საიდანაც 11 თამაში იტალიამ მოიგო, 8 ინგლისმა და 8-ჯერ ფრე დაფიქსირდა.

სავარაუდო შემადგენლობები

იტალია (4-3-3): დონარუმა - დი ლორენცო, ბონუჩი, კიელინი, ემერსონი - ბარელა, ჟორჟინიო, ვერატი - კიეზა, იმობილე, ინსინიე.
ტრავმა: სპინაცოლა

ინგლისი (4-2-3-1): პიკფორდი - უოკერი, სტოუნსი, მაგუაირი, შოუ - რაისი, ფილიპსი - საკა, მაუნთი, სტერლინგი - კეინი.

კომენტარები

ბოლო ამბები