Thumbnail
  • ესპანელთა ჰეგემონია წლების მანძილზე იტალიის დამარცხებებზე იდგა
  • ტაქტიკურ ბრძოლაში ლუის ენრიკემ გაიმარჯვა
  • იტალიამ ხასიათით და დაცვით მოიგო

ეს იყო 2011 წელს. რომაში დანიშნული ლუის ენრიკე დანიელე დე როსის სწორად თამაშს ასწავლიდა და ამისთვის ბარსელონა B-ს ცენტრალური ნახევარმცველის, ორიოლ რომეუს თამაშს აყურებინებდა. ანეკდოტი არ გეგონოთ - დე როსის, მსოფლიოს ჩემპიონს, დამსახურებულ ვეტერანს და თავისი თაობის ერთ-ერთი საუკეთესო ჩამშლელს რომეუსგან უნდა ესწავლა რაღაცები. თავად რომა კი ძალიან ბედნიერი იყო, რომ მთავარ მწვრთნელად ლუის ენრიკე მიიყვანა. არადა, ლუჩოს იმ დროს ბარსას მეორე გუნდის გარდა არანაირი სამწვრთნელო გამოცდილება არ ჰქონდა.

ასეთი დრო იყო. ესპანური დრო. ესპანელებმა ეს დაიმსახურეს. ესპანეთის ნაკრებმა და გვარდიოლას ბარსელონამ თავისი წარმატებებით და სრულიად უნიკალური, განსხვავებული თამაშის სტილით მთელი მსოფლიო დაარწმუნეს, რომ მათსავით ფეხბურთის თამაში არავინ იცოდა და არავის შეეძლო. ეს მათ იცოდნენ რაღაც უზენაესი საფეხბურთო ჭეშმარიტება - იცოდნენ, როგორ უნდა ჰქონოდათ ბურთი მთელი თამაშის მანძილზე; იცოდნენ, როგორ ამოეხადათ სული შენთვის თავისი პრესინგით; იცოდნენ ისიც, თუ როგორ უნდა წასულიყო მთელი მატჩი შენს ნახევარზე. გოლი კი არა, მათ კარს ბურთიანად ვერ მიუახლოვდებოდი. მოკლედ, ესპანური დრო იყო და ესპანელ მწვრთნელებს მთელს მსოფლიოში უხმობდნენ. მათ ფეხბურთელებს მთელ მსოფლიოში აკვირდებოდნენ. დე როსის არც სწყენია და არც გაკვირვებია ბარსას დუბლების ვიღაც ბავშვის თამაშს რომ აყურებინებდნენ.

ბევრს შეიძლება დეტალებში აღარ ახსოვს, რომ ესპანური ეპოქა იტალიის ძვლებზე იდგა. ერთ ძალიან კარგ წიგნში იმ თაობის ესპანელები აღწერენ მათთვის ყველაზე მნიშვნელოვან მატჩს - ეს იყო 2008 წლის მეოთხედფინალი იტალიასთან. ესპანეთს ძალიან მაგარი გუნდი ჰყავდა, იტალია იბრძოდა და წვალობდა. იმ თამაშშიც, დონადონის გუნდმა ესპანეთს ნერვები დააწყვიტა, 120 წუთი კიელინი-პანუჩის დუეტით გმირულად იდგა დაცვაში და არაფერი დაუთმო, თუმცა პენალტებში ტოტო დი ნატალემ ვერ გაიტანა.

ესპანელები აღწერენ, რომ მათთვის, იმ ქვეყნისთვის, რომელსაც ათწლეულები მეოთხეფინალის მიჯნაც კი ვერ გადაელახათ, ეს ფსიქოლოგიური გარღვევა იყო. ამის შემდეგ დაიჯერეს, რომ მათ ვერავინ შეაჩერებდა. ტაბუ მოიხსნა. თან მათ იტალია დაამარცხეს - მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონი და პლეი ოფების სპეციალისტი.

იტალიამ ამ წლებში ესპანეთი კიდევ რამდენჯერმე აწვალა, თანაც ისე, რომ თუ ეს თამაშები კარგად გახსოვს, ვერ იტყოდი, რომ ფეხბურთის თამაში მხოლოდ ესპანეთმა იცის. იყო პრანდელის ტაქტიკური მასტერკლასი სამი ცენტრალური მცველით, BBC-ის ტრიო დაცვის ცენტრში და 1:1 ჯგუფში, 2012 წელს. იყო 0:0 კონფედერაციის თასის ნახევარფინალში და ისევ პენალტებში მარცხი. თუმცა მთავარი თამაში, ევრო 2012-ის ფინალში ესპანეთმა ისე ფერადად და შთამბეჭდავად მოიგო, რომ ეს წვალებები აღარავის ახსოვს. ისტორიას ესპანური ეპოქა დარჩა და იტალიური ომი ‘ფურია როხას’ ჰეგემონიასთან საფეხბურთო ისტორიაში ჩაიკარგა.

ესპანური ტაბუ წინა ევროზე ანტონიო კონტეს იტალიამ მოხსნა. მაშინდელ ესპანეთს უბრალოდ გადაურბინა, თუმცა ეს მხოლოდ მერვედფინალი იყო. სხვა საქმეა ნახევარფინალი. სასწორზე ფინალის საგზური დევს, მთელი მსოფლიო გიყურებს.

მთელი თამაში ერთ ფოტოში - ბონუჩი ომის მოგებას ზეიმობს

გუშინ ამ იტალო-ესპანური ომების მორიგი სერია ვნახეთ. ესპანეთმა პირწმინდად მოიგო ბურთისთვის ომი - ეს მათ სისხლში აქვთ, დნმ-ის დონეზე. მხოლოდ მანჩინის ნასწავლი რაღაცებით ესპანეთს ბურთს ვერ მოუგებ. ლუის ენრიკემ მანჩინის ტაქტიკური ბრძოლაც მოუგო - თავდამსხმელი მოხსნა და დამატებით, ‘ცრუ ცხრიანად’ მოძრავი კაცი დაამატა. შედეგად, ესპანეთს თითქოს მოედნის ყველა მონაკვეთზე ერთი კაცით მეტი ჰყავდა.

‘ვნახე, რა უქნეს კიელინიმ და ბონუჩიმ ლუკაკუს,’ - აღიარა ლუჩომ მატჩის შემდეგ. სწორი დასკვნა იყო - რატომ უნდა ეჭიდავო კიელინის, როცა შეგიძლია, ეს საერთოდ არ გააკეთო.

ძალიან შთამბეჭდავი იყო ესპანური პრესინგი - იტალიელებს განძრევის საშუალება არ მისცეს. ‘აძური’ მხოლოდ გრძელი პასების იმედად დარჩა. სათამაშო უპირატესობა ესპანეთის იყო.

მაგრამ, იტალიასაც ჰქონდა რაღაცები. ის, რაც საფეხბურთო დნმ-ის დონეზე გახსოვს. როგორც ყველა დიდ იტალიურ თამაშში, იტალიამ იცოდა დაცვაში ტანჯვის და ლოდინის ხელოვნება. 120 წუთი იტალია იტანჯებოდა, 120 წუთი დაცვაში ისე იდგა, რომ ესპანეთის უპირატესობა მომენტებად და გოლებად ვერ გარდაიქმნა და 120 წუთი იტალია ელოდებოდა.

იტალია გადამწყვეტ პენალტს ზეიმობს

იტალიელები ორ რამეს ელოდებიან ხოლმე - მეტოქის შეცდომას და თავისი ჯადოქრების მაგიას. ეს სრულიად იტალიური რამეა - იდგე დაცვაში, უძლებდე მოწინააღმდეგის შეტევას შეტევაზე და თან იცოდე, რომ უნდა გაძლო, უნდა მოითმინო, უნდა დაელოდო - ოდესმე მეტოქე შეცდომას დაუშვებს. ბევრს არ უყვარს, მაგრამ დიდი, ცხოვრებისეული რამეა. არა შექმნის, არა ზეწოლის, არამედ ტანჯვის და ლოდინის ხელოვნება. იტალია 120 წუთი ელოდებოდა, მაგრამ ესპანეთმა შეცდომა არ დაუშვა. ამ ტურნირზე ეს ‘ფურია როხას’ საუკეთესო მატჩი იყო. სწორედ ამიტომ აღნიშნა ყველაფრის მნახველმა ლეონარდო ბონუჩიმ, რომ ეს მის ცხოვრებაში ყველაზე რთული თამაში იყო.

იტალიელები თავის ჯადოქრებსაც ელოდებიან ხოლმე. 1994 წელს, მეოთხედფინალში ბოლო წუთზე რობი ბაჯომ გაუტანა ესპანეთს მართლა ჯადოქრული გოლი. ეს ჩემი, მაშინ 7 წლის ბავშვის, პირველი დიდი საფეხბურთო შთაბეჭდილება იყო. ამის შემდეგ იტალია ჩემს მეორე საფეხბურთო სამშობლოდ იქცა. ასეთები ბევრი ვიცი ჩვენს თაობაში, ბაჯო რომ ნახა და სხვისკენ ვეღარ გაიხედა. ჯადოქრებმა ეგრე იციან.

ფედერიკო კიეზამ ძალიან მაგარი გოლი გაიტანა

ამ იტალიას ბაჯოსნაირი ჯადოქრები არ ჰყავს, მაგრამ ერთ ბიჭს თავისი ჟინით და შემართებით მაგიური რაღაცეების გაკეთება შეუძლია. ფედერიკო კიეზამ ისეთი შეაგდო, რომ ბაჯოც, დელ პიეროც და ტოტიც ამ გოლს ერთად მოაწერდნენ ხელს. კიეზას ავსტრიასთან თამაშის მერე ცალკე სტატია მივუძღვენი. უბრალოდ, გავიმეორებ, რომ ამ ბიჭმა იცის კაცის მოტყუება და კარში დარტყმა, როგორც კი მას ხედავს - უბრალო, მაგრამ დიდი რაღაცები.

იტალია ამ ჯადოქრობის გარეშე გამტანი არ ჩანდა. თუმცა, ესპანეთმა მაინც გაათანაბრა. ამის მერე მანჩინის გუნდი პენალტებს ელოდებოდა. იტანჯებოდა და უძლებდა. ფეხბურთი დიდი რამეა, ცხოვრებისეული. ხურდის დაბრუნება იცის. იტალიამ ბევრჯერ დათმო ესპანეთთან თითქმის თანაბარი თამაშები, ახლა ფეხბურთის ღმერთებმა სხვაგვარად გადაწყვიტეს. ღმერთებმა და ჟორჟინიომ, რომელსაც ნერვები არ აქვს. ან რა ნერვები უნდა ჰქონდეს, კვირაში 20 ევროდ მონასტერში იზრდებოდა და თავისი საფეხბურთო კარიერა იქიდან დაიწყო.

სიმბოლური იყო, რომ იტალიამ თავისი ფეხბურთით გაიმარჯვა - დაცვით, ტანჯვით, ერთობით და ლოდინით. ფეხბურთი ცხოვრების დიდი ანარეკლია. ხანდახან გამარჯვება ასეც გვიწევს...

კომენტარები

ბოლო ამბები