Thumbnail

საქართველოს ნაკრების ყოფილმა თავდამსხმელმა შოთა არველაძემ აზერბაიჯანულ მედიას ინტერვიუ მისცა, სადაც დინამო თბილისისა და ბაქოს ნეფთჩის მომავალ დაპირისპირებაზე ესაუბრა. 

საქართველოს და აზერბაიჯანის ჩემპიონები ერთმანეთს ჩემპიონთა ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე ხდებიან. 7 ივლისს კახა ცხადაძის გუნდი მეტოქეს თბილისში უმასპინძლებს, 14-ში კი ბაქოში ეწვევა. 

"პირველ რიგში, სანახაობრივ თამაშს ველოდები. ვფიქრობ, ორივე გუნდი გახსნილ ფეხბურთს ითამაშებს. იმედი მაქვს, საინტერესო შეხვედრის მომსწრე გავხდებით. ვნახე დინამო თბილისის ბოლო მატჩი შინ დინამო ბათუმთან, რომელიც ანგარიშით 1:2 დათმო. დღეს ნეფთჩი უფრო ძლიერად გამოიყურება. ეს შესაძლოა უპირატესობა იყოს აზერბაიჯანული გუნდისთვის, თუმცა ფეხბურთში წინასწარ თქმა, რა მოხდება, შეუძლებელია. 

ვიცნობ დინამო თბილისის მთავარ მწვრთნელ კახა ცხადაძეს, რომელიც გამოცდილი სპეციალისტია. არ მგონია, რომ ცხადაძის აზერბაიჯანში მუშაობის გამოცდილება დინამოს უპირატესობას აძლევდეს. ეს ახალი თამაში, ახალი რეალობაა. ნეფთჩიში ახალი ფეხბურთელები გამოდიან. ცხადაძე მეტოქის მთავარ მწვრთნელს კარგად იცნობს და იცის მისი შესაძლებლობები. ამ კუთხით, შესაძლოა რაღაც მომენტში იყოს სიურპრიზები, მაგრამ მთლიანობაში დიდი დროა გასული. შანსები პრაქტიკულად თანაბარია", - ამბობს შოთა. 

კახა ცხადაძეს აზარბაიჯანში მუშაობის დიდი გამოცდილება აქვს

არველაძემ ერთმანეთს ქართული და აზერბაიჯანული ფეხბურთი შეადარა:

"ვფიქრობ, ბოლო 10 წლის განმავლობაში აზერბაიჯანულ ფეხბურთში ჩადებულმა დიდმა თანხებმა გარკვეული შედეგები მოიტანა. AFFA-მ ძალიან კარგად იმუშავა. ყარაბაღი და სხვა კლუბები წარმატებით გამოდიან ევროთასების ჯგუფურ ეტაპებზე. ეს სერიოზული მიღწევაა. მაგალითად, თუ შევხედავთ საქართველოს, ბოლო 25 წელიწადში ჯგუფში ჩვენმა მხოლოდ ერთმა გუნდმა ითამაშა. ქართული და აზერბაიჯანული ფეხბურთის შედარებას უფრო ინდივიდუალური მიდგომა სჭირდება, ჩემი აზრით კი მთავარი განსხვავება ისაა, რომ გაცილებით მეტი ქართველი ფეხბურთელი თამაშობს ევროპაში".

შოთა არველაძემ ფახთაქორი გასული წლის მიწურულს დატოვა

48 წლის სპეციალისტს, რომელიც ტაშკენტის ფახთაქორთან დამშვიდობების შემდეგ დაუსაქმებელია, სამწვრთნელო კარიერის განახლებაზეც ჰკითხეს:

"ზუსტი დროს დასახელება, თუ როდის დავუბრუნდები საქმიანობას, არ შემიძლია. ველოდები წინადადებებს. რაც შეეხება აზერბაიჯანიდან ინტერესს, დიდი ხნის წინ იყო ნეფთჩისგან წინადადება, კარგი ფინანსური პირობებით, მაგრამ ჩემთვის ის ვარიანტი მისაღები არ იყო. ზოგადად კი, ძალიან მიყვარს აზერბაიჯანი და იქ მეგობრებიც მყავს, თუმცა მომავალში რა იქნება, არ ვიცი".

კომენტარები

ბოლო ამბები