Thumbnail

'მსურს, გავსებული 'ელან როუდი' ვნახო' - ბარსამ ფირპო ლიდსში გაყიდა

ბარსელონას მცველი ხუნიორ ფირპო კარიერას ლიდსში გააგრძელებს. შეთანხმების შესახებ ინფორმაციას კატალონიური და ინგლისური კლუბების საიტები ავრცელებენ. 

ხუნიორ ფირპომ ლიდსთან 2025 წლის ზაფხულამდე გააფორმა. 24 წლის ესპანელი ფეხბურთელის ტრანსფერის ფასმა 15 მილიონი ევრო შეადგინა. ამასთან, შემდგომში ფირპოს გაყიდვის შემთხვევაში,  ბარსელონა თანხის 20%-ს მიიღებს. 

"მართლა ბედნიერი ვარ, რადგან ყოველთვის ძალიან მსურდა პრემიერლიგაში თამაში. ამ ზაფხულს ბევრი კლუბის ვარიანტი იყო, მაგრამ როდესაც ლიდსის პროექტს გავეცანი, აქ მოსვლის გადაწყვეტილება მივიღე. მითხრეს, რომ გავსებული "ელან როუდი" არაჩვეულებრივია და მინდა ეს ვნახო. ყველა თამაშში ასი პროცენტით დავიხარჯები. ძალისმიერი ფეხბურთი, სირბილი, ბურთის კონტროლი - ჩემთვის პრობლემა არაა და ვფიქრობ, ლიდსში შევძლებ ვაჩვენო ის, რაც სინამდილეში შემიძლია", - თქვა ფირპომ ლიდსის პრესსამსახურთან.

ესპანელი მცველი პირობას დებს, რომ ბოლომდე დაიხარჯება

ხუნიორ ფირპო დომინიკის რესპუბლიკაშია დაბადებული, 6 წლის ასაკიდან კი ოჯახთან ერთად საცხოვრებლად ესპანეთში გადაბარგდა. ორმაგი მოქალაქეობის მქონე ფეხბურთელს ესპანეთის ახალგაზრდულ ნაკრებთან ერთად ევროპის ჩემპიონატი აქვს მოგებული. ფირპო ბარსელონაში ბეტისიდან 2019 წელს, 18 მილიონი ევროს სანაცვლოდ გადავიდა. კატალონიური კლუბის შემადგენლობაში მან 41 მატჩში ითამაშა, გაიტანა 2 გოლი და მიითვალა 3 საგოლე პასი. 

ლიდს იუნაიტედმა ინგლისის პრემიერლიგის გასულ სეზონში მე-9 ადგილი დაიკავა. გუნდს ცნობილი არგენტინელი სპეციალისტი მარსელო ბიელსა წვრთნის.

კომენტარები

ბოლო ამბები