Thumbnail
  • 📅 6 ივლისი | 🏟 ლონდონი | ⌚ 23:00 | ⚽ იტალია V ესპანეთი
  • მოედნის ცენტრში ბურთისთვის ბრძოლა გუნდების მთავარი გამოწვევა იქნება
  • ესპანეთს პრობლემები განსაკუთრებით დაცვის ცენტრში აქვს
  • იტალიას ყველაზე მეტად სივრცეში კონტრშეტევების დროს უჭირს
  • ყველაფერი, რაც ამ მატჩის შესახებ უნდა იცოდეთ

სამშაბათს საღამოს დიდი მატჩია - ევროპული ფეხბურთის კლასიკაში იტალია და ესპანეთი პირველი ფინალისტის ვინაობას გაარკვევენ.

ევროპული ფეხბურთისთვის კლასიკური დაპირისპირება ვახსენე - ეს რეალობად ბოლო 10-15 წელია იქცა. მანამდე, იტალია ყველა დიდი ტურნირის აუცილებელი ფავორიტი იყო, ესპანეთს კი უფრო მეტად ამბიცია ჰქონდა, ვიდრე რაიმე ხელშესახებ შედეგს აღწევდა. ესპანეთი იტალიას ოფიციალურ შეხვედრაში 80 წელზე მეტი ვერ უგებდა. ეს ტენდენცია 2008 წლის შემდეგ შეიცვალა.

ბოლო სამი ევროპის ჩემპიონატია, იტალია და ესპანეთი პლეი ოფში ერთმანეთს ხვდებიან. ესპანეთმა ჯერ 2008 წელს მოიგო პენალტებით მეოთხედფინალი, 2012-ში კი ფინალში თავისი საუკეთესო თამაშა ითამაშა (4:0). იტალიამ რევანში 4 წლის შემდეგ აიღო - ანტონიო კონტეს გუნდმა მერვედფინალში ესპანეთის დიდი თაობა დაამთავრა (2:0). მოკლედ, ეს პრინციპული დაპირისპირებაა. ამ დაპირისპირების ცალკეული მონაწილეები ორივე გუნდში არიან. ჯორჯო კიელინის ჯერ კიდევ 2008 წელი ახსოვს, ჟორდი ალბა 2012-ის ფინალში გოლის ავტორია. ის ფინალი ბუსკეტსმა და ბონუჩიმაც ითამაშეს.

ამ დაპირისპირების პრინციპულობას გუნდების კონტრასტული სათამაშო სტილიც განაპირობებდა - ბურთის ფლობაზე ორიენტირებული ესპანეთი დაცვითი იტალიის წინააღმდეგ. ამჯერად, გუნდებს ოდნავ უფრო მსგავსი სტილი აქვთ. ამ იტალიას ბურთის ფლობა უყვარს და ეხერხება. ასე რომ, ბურთისთვის ბრძოლა მოედნის ცენტრში გუნდების ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა იქნება. სწორედ ამიტომ ამახვილებდა სესარ ასპილიკუეტა ყურადღებას ჟორჟინიოს შეზღუდვაზე.

ბოლო თამაშებმა აჩვენა, რომ ესპანეთს განსაკუთრებით დაცვის ცენტრში უჭირს. ლუის ენრიკეს დაცვაში მყარი დუეტი არ ჰყავს - ჯერ ლაპორტი-გარსიას წყვილს ენდობოდა, შემდეგ კი - ლაპორტი-პაუ ტორესს. როგორც კი ესპანეთის დაცვა ზეწოლის ქვეშ ხვდება, მეტოქეს მომენტები მაშინვე ექმნება. სწორედ ასე მოხდა ხორვატიასთან, როცა ლუის ენრიკეს გუნდმა ანგარიშში წინ გასვლის შემდეგ ინიციატივა დათმო.

ესპანეთისთვის ბურთის ფლობა არამხოლოდ შეტევის ორგანიზების, არამედ თავდაცვის ფორმაცაა. თუკი იტალია მოახერხებს და ესპანეთს ბურთის დომინანტურად ფლობის საშუალებას არ მისცემს, მაშინ უნაი სიმონის კართან მომენტები აუცილებლად შეიქმნება. არადა, ძალიან რთულია, ბურთი სრულად წაართვა იმ გუნდს, რომელსაც ცენტრში ჟორჟინიო-ვერატის დუეტი ჰყავს. ბონუჩის ფაქტორიდან გამომდინარე, არც იტალიის პრესინგია იოლი საქმე. ლეო გრძელი პასებით კარგად იწყებს შეტევას და ნახულობს თავისუფალ სივრცეებს მეტოქის ნახევარზე.

გასათვალისწინებელია სხვა ფაქტორიც - ესპანეთმა ზედიზედ ორჯერ ითამაშა 120 წუთი. იტალიისგან განსხვავებით, მათ ვერც ჯგუფის მესამე შეხვედრაში დასვენება მოახერხეს. შესაბამისად, ესპანეთს, შესაძლოა, ენერგიის პრობლემა ჰქონდეს და ამიტომ არ არის გამორიცხული, ლუის ენრიკემ შემადგენლობაში როტაციას მიმართოს.

უკვე თითქმის გარკვეულია, რომ ტრავმის გამო ვერ ითამაშებს პაბლო სარაბია და მის ნაცვლად ლუის ენრიკე სავარაუდოდ დანი ოლმოს ენდობა. ოლმო ესპანური სტილისთვის არასტანდარტული ფეხბურთელია. ხშირად და მოულოდნელად უყვარს მეტოქის კარში დარტყმა და მისი გამოსვლა იტალიისთვის შესაძლოა პრობლემად იქცეს.

უყურე ევროს დიდ ეკრანზე!

თავის მხრივ, იტალიაც უნდა უფრთხოდეს ესპანეთს. ბელგიასთან თამაშმა აჩვენა, რომ იტალიას ყველაზე მეტად სივრცეში კონტრშეტევების დროს გაუჭირდა. ბელგიას რამდენიმე კარგი კონტრშეტევა ჰქონდა. ანუ, მანჩინის გუნდს ბურთის ფლობა კი უყვარს, თუმცა ესპანეთის პრესინგი ამ ბურთის დაკარგვის რისკს ზრდის. ბურთის დაკარგვის შემთხვევაში კი იტალიელი მცველები შესაძლოა, სწრაფი შემტევების წინააღმდეგ დიდ სივრცეში მარტო აღმოჩნდნენ. შესაბამისად, ბურთის გათამაშების დროს სიფრთხილე იტალიას აუცილებლად დასჭირდება.

ესპანეთი ჯგუფში უფრო შვედეთის ტიპის გუნდებმა აწვალეს, როცა მათ სივრცეები არ დატოვეს. როგორც კი ხორვატიამ ესპანეთთან თამაში გახსნა, მათ კართან ‘ფურია როხას’ მომენტების შექმნა აღარ გასჭირვებია. ამ იტალიას უყვარს პირველ ნომრად თამაში, თუმცა ლუის ენრიკეს გუნდთან თამაშის გახსნა საკმაოდ სარისკოა.

გასათვალისწინებელია მეორე ფაქტორიც: ესპანეთის ფლანგის შემტევები ძალიან კარგად შემოდიან ცენტრში და პოულობენ სივრცეს ცენტრალურ და განაპირა მცველებს შორის.

მანჩინი როტაციას ხშირად მიმართავს ხოლმე. ამ თამაშის წინაც რამდენიმე კითხვა არსებობს. პირველი: როგორ ითამაშებს “სკუადრა აძურა” ტრავმირებული ლეონარდო სპონაცლოას გარეშე, რომელიც ევროპის ჩემპიონატის ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელია. სპინაცოლას მთელი ფლანგი ებარა და წინ თამამად მიდიოდა. ამ დროს, მეორე განაპირა მცველი, ჯოვანი დი ლორენცო ცენტრში შედიოდა და მაშინ, როცა მანჩინის გუნდს არ ჰყავს მსოფლიო კლასის დაცვითი ჩამშლელი, სამმცველიან დაცვას ქმნიდა. შედეგად, იტალიას უფრო დაცვითი მარჯვენა და უფრო შემტევი მარცხენა ფლანგი ჰქონდა.

ჯოვანი დი ლორენცო

ზემოთ, ესპანეთის განაპირა შემტევები ვახსენე და მათ წინააღმდეგ, დიდი ალბათობით, იტალია იგივე მანევრს მიმართავს - დი ლორენცო მომენტებში მესამე ცენტრალური მცველივით ითამაშებს. ეს იმას ნიშნავს, რომ ძირითადში ისევ იქნება კიეზა და არა ბერარდი, რადგან იუვენტუსში დანილო ამავე ფუნქციას ასრულებს (მომენტებში განაპირა მცველია, მომენტებში - მესამე ცენტრალური) და კიეზას მთელი ფლანგის კონტროლი ეხერხება. თუმცა, როგორ შეცვლის სპინაცოლას ემერსონ პალმიერი, ბევრ კითხვას იწვევს. განსაკუთრებით ის, თუ როგორ შექმნის საფრთხეს მარცხენა ფლანგიდან. იტალიას აუცილებლად სჭირდება ერთი ფლანგი მაინც ჰქონდეს ძალიან აქტიური. იტალიურ პრესაში მეორე ვარიანტიც განიხილება. გამოჯანმრთელდა ალესანდრო ფლორენცი. დი ლორენცოს შეცვლა ნაკლებად სავარაუდოა, თუმცა შესაძლოა, ფლორენციმ მარცხენა მცველად ითამაშოს. ის მემარჯვენეა, თუმცა მარცხნივაც უთამაშია.

მოედნის ცენტრში იტალიას დიდი კონკურენცია აქვს. ესპანეთის სათამაშო სტილის გამო თითქმის გარანტირებულად ითამაშებენ ჟორჟინიო და ვერატი. ბარელა წინა თამაშში ერთ-ერთი საუკეთესო იყო და თუ ძალიან დაღლილი არ არის, სავარაუდოდ, მანჩინი ნახევარდაცვის სამეულს არ შეცვლის. არადა, მას სკამზე ლოკატელი და პესინა ჰყავს, რომელთაც ამ ევროზე ძალიან კარგი შთაბეჭდილება დატოვეს.

'სკუადრა აძურას' და 'ფურია როხას' მთავარი მწვრთნელები: რობერტო მანჩინი და ლუის ენრიკე

იტალიის ნაკრებში კიდევ ერთ კითხვას ფორვარდის პოზიცია იწვევს. ორი თამაშია, ჩირო იმობილე ძალიან სუსტად გამოიყურება. თუმცა, არც მისი შემცვლელი ანდრეა ბელოტი ბრწყინავს. საინტერესოა, ისევ ენდობა თუ არა მანჩინი იმობილეს. უფრო დიდია იმის ალბათობა, რომ ლაციოს ფორვარდი ადგილს მაინც შეინარჩუნებს. ის ბელოტიზე მობილურია და მეტოქის კარიდან ზურგით თამაში და ბურთის მიღება ეხერხება. ესპანეთის პრესინგიდან ამოსვლისთვის ეს აუცილებელი თვისებაა.

მოკლედ, წინ დიდი თამაშია. ესპანეთი და იტალია ზედიზედ მეოთხედ იბრძოლებენ შემდეგი ეტაპის საგზურისთვის. შემდეგ ეტაპი კი ამჯერად ფინალია.

საინტერესო ფაქტები

⚽ იტალიას ესპანეთი ბოლო 14 მატჩიდან მხოლოდ ორჯერ ჰყავს დამარცხებული (7 ფრე, 5 წაგება). ერთხელ 2011 წელს ამხანაგურ შეხვედრაში (2:1) და მეორედ ევრო 2016-ის მერვედფინალში ჯორჯო კიელინისა და გრაციანო პელეს გოლებით (2:0).

⚽ იტალია და ესპანეთი დიდ ტურნირებზე (ევროპის/მსოფლიოს ჩემპიონატი) ცხრაჯერ შეხვედრიან. 4 მატჩი იტალიამ მოიგო, 1 ესპანეთმა და 4-ჯერ ფრე დაფიქსირდა. ამ თამაშის შემდეგ დიდ ტურნირებზე ამაზე ხშირად არცერთ გუნდს არ ექნებათ ერთმანეთში ნათამაშები.

⚽ ეს იქნება ამ გუნდებს შორის მეშვიდე დაპირისპირება ევროპის ჩემპიონატზე. 2008 წელს ესპანეთმა პენალტების სერიაში მოიგო, 2012 წელს ჯგუფში მატჩი 1:1 დასრულდა, იმავე წელს ფინალში ესპანელებმა 4:0 იმარჯვეს და 2016 წელს იტალიამ "ფურია როხას" მერვედფინალში აჯობა.

⚽ იტალია მეთორმეტედ გავიდა დიდი ტურნირის ნახევარფინალში (ევროპის/მსოფლიოს ჩემპიონატი). მხოლოდ გერმანიას აქვს ევროპულ ნაკრებებს შორის უკეთესი შედეგი (20). "აძურიმ" წინა 11 ნახევარფინალიდან 9-ჯერ მოახერხა ფინალში გასვლა, მათ შორის, ბოლო 4 ნახევარფინალიც მოგებული აქვს.

⚽ იტალიამ ევრო 2020-ზე ხუთივე თამაში მოიგო და ტურნირზე შემორჩენილი 4 გუნდიდან ერთადერთია, რომელსაც 100%-იანი შედეგი აქვს. მხოლოდ 1990 წლის მუნდიალზე მოიგო იტალიამ საწყისი ხუთივე თამაში და მთლიანად ტურნირზე ამაზე მეტი შეხვედრაც მაშინდელ მსოფლიოს ჩემპიონატზე მოიგო (6).

⚽ ერთადერთი ევროპული ნაკრები, რომელმაც დიდ ტურნირზე ზედიზედ 6 თამაში მოიგო, ნიდერლანდების ნაკრებია. ეს 2010 წელს მოხდა, როცა ფინალამდე 100%-იანი შედეგით მივიდა, მაგრამ იქ ესპანეთთან დამატებით დროში წააგო.

⚽ ესპანეთი ევროპის ჩემპიონატის ნახევარფინალში ბოლო ოთხი ტურნირიდან მესამედ გავიდა. ერთადერთი გამონაკლისი 2016 წელია, ხოლო, 2008 და 2012 წლებში, როცა ნახევარფინალში გავიდა, ჩემპიონობაც მოახერხა.

⚽ ესპანეთის ნაკრებმა 1955-1968 წლებში პირველი ოთხი თამაში წააგო "უემბლიზე", მაგრამ მას შემდეგ ამ სტადიონზე 5-ჯერ ითამაშა და ერთხელ დამარცხდა (2 მოგება, 2 ფრე). ევრო 1996-ს ესპანელები სწორედ "უემბლიზე" გამოეთიშნენ, როცა მასპინძელ ინგლისთან ფრედ ითამაშეს, მაგრამ პენალტების სერიაში წააგეს.

⚽ ევროპის ჩემპიონატზე არცერთი ნაკრების სასარგებლოდ არ გასულა უფრო მეტი ავტოგოლი, ვიდრე ესპანეთის (3). აღსანიშნავია, რომ სამივე ავტოგოლი ესპანელთა სასარგებლოდ მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე გავიდა.

⚽ ლორენცო ინსინიემ იტალიის ნაკრებში ჩატარებულ ბოლო 15 თამაშში 13 გოლში მიიღო მონაწილეობა (6 გოლი, 7 საგოლე პასი). მათ შორისაა გადამწყვეტი გოლი მეოთხედფინალში ბელგიის წინააღმდეგ.

⚽ ესპანეთის ნაკრების ფეხბურთელებს დანი ოლმოსა (16) და ხერარდ მორენოს (15) ყველაზე მეტი დარტყმა აქვთ კარისკენ მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე მათ შორის, ვისაც გოლი არ გაუტანიათ.

⚽ ამ გუნდების ბოლო 5 დაპირისპირებაში ერთხელ გავიდა 2.5-ზე მეტი გოლი და ორჯერ ორივე გუნდმა გაიტანა.

⚽ იტალიის ნაკრების ბოლო 5 თამაშში 4-ჯერ გავიდა 2.5-ზე მეტი გოლი და 2-ჯერ ორივე გუნდმა გაიტანა.

⚽ ესპანეთის ნაკრების ბოლო 5 თამაშში 2-ჯერ გავიდა 2.5-ზე მეტი გოლი და 3-ჯერ ორივე გუნდმა გაიტანა.

⚽ იტალია და ესპანეთი 6 ოქტომბერს, მილანში უეფას ერთა ლიგის ფინალური ტურნირის ნახევარფინალში დაუპირისპირდებიან.

⚽ კონკრეტულად ევროპის ჩემპიონატზე ეს გუნდები 6-ჯერ შეხვედრიან და იტალიამ ორჯერ იმარჯვა, ერთხელ ესპანეთმა და სამჯერ ფრე დაფიქსირდა.

⚽ იტალიას და ესპანეთს ერთმანეთში 33-ჯერ უთამაშიათ და სრული თანაფარდობაა: 12-12 მოგება/წაგება და 9 ფრე.

სავარაუდო შემადგენლობები

იტალია (4-3-3): დონარუმა - დი ლორენცო, ბონუჩი, კიელინი, ემერსონი - ბარელა, ჟორჟინიო, ვერატი - კიეზა, იმობილე, ინსინიე
ტრავმა: სპინაცოლა

ესპანეთი (4-3-3): უნაი სიმონი - ასპილიკუეტა, გარსია, ლაპორტი, ალბა - კოკე, ბუსკეტსკი, პედრი - მორენო, მორატა, დანი ოლმო
ტრავმა: სარაბია

კომენტარები

ბოლო ამბები