Thumbnail
  • ევროს ნახევარფინალს დანიიდან ჩასული ფანები ვერ დაესწრებიან
  • მიზეზი კორონავირუსის ახალი დელტა-ვერსია და გამკაცრებული მოთხოვნებია

1992 წლის ტრიუმფის შემდეგ დანიის ნაკრები პირველად გავიდა ევროპის ჩემპიონატის ნახევარფინალში და ამ უმნიშვნელოვანეს მატჩში გამარჯვებისთვის ბრძოლა საკუთარი გულშემატკივრების გარეშე მოუწევს.

დანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ადგილობრივ მედიას დაუდასტურა, რომ დანიელ ქომაგებს ლონდონში არ შეუშვებენ. დანიელებს იმედი ჰქონდათ, რომ ინგლისის მთავრობა გამონაკლისს დაუშვებდა, მაგრამ დანიის საელჩოსა და ბრიტანეთის მთავრობის წარმომადგენლებს შორის შეთანხმება ვერ შედგა.

ინგლისში კორონავირუსის ახალი, უფრო აგრესიული დელტა-ვერსია აქტიურად ვრცელდება. როგორც იცით, ევროპის ჩემპიონატის ნახევარფინალური და ფინალური მატჩები ლონდონში, ‘უემბლიზე’ უნდა გაიმართოს და ის ფაქტი, რომ სტადიონებზე მაყურებლებს უშვებენ, უკვე საყოველთაო კრიტიკის მიზეზი გახდა.

ინგლისის ნაკრებს ნახევარფინალში დიდი მხარდაჭერა ექნება

აღსანიშნავია, რომ ინგლისისა და გერმანიის ნაკრებ გუნდებს შორის გამართულ მერვედფინალურ შეხვედრას, რომელიც ასევე ‘უემბლიზე’ გაიმართა, 45 000 მაყურებელი დაესწრო. აქედან დაახლოებით 2000 ფანი გერმანელი იყო, მაგრამ ისინი დიდ ბრიტანეთში მცხოვრები გერმანელები იყვნენ. დანიელებსაც იმედი აქვთ, რომ ‘უემბლიზე’ ნახევარფინალს ბრიტანეთში მცხოვრები დანიელები დაესწრებიან.

დანიისა და ინგლისის მატჩი ოთხშაბათს გაიმართება და თბილისის დროით, 23:00 საათზე დაიწყება. გამარჯვებული ფინალში გავა, სადაც იტალიისა და ესპანეთის ნაკრებ გუნდებს შორის მოგებულს შეხვდება. ეს მატჩი სამშაბათსაა დაგეგმილი - ასევე ‘უემბლიზე’ და ასევე 23:00-ზე.

კომენტარები

ბოლო ამბები