Thumbnail

ევროპის ჩემპიონატის 1/4-ფინალში იტალიის ნაკრებმა ესპანეთის ნაკრები 2:1 დაამარცხა და ნახევარფინალში გავიდა. "სკუადრა აძურას" მთავარმა მწვრთნელმა რობერტო მანჩინიმ მატჩის შემდეგ თქვა, რომ მისმა გუნდმა გამარჯვება დაიმსახურა. როგორც მან აღნიშნა, იტალიის ნაკრები მხოლოდ მაქსიმუმისთვის იბრძოლებს.

რობერტო მანჩინი (იტალიის ნაკრების მწვრთნელი): "მოგება დავიმსახურეთ. ბიჭებმა შესანიშნავად ითამაშეს. მადლობა მათ ასეთი მატჩისთვის. ღია, შემტევი თამაში იყო, კიდევ რამდენიმე გოლის გატანა შეგვეძლო. ჩვენ მხოლოდ ბოლო 15 წუთის განმავლობაში გაგვიჭირდა, რადგან დავიღალეთ. ევროპის ჩემპიონატის დაწყების წინ მხოლოდ მაქსიმუმი დავისახეთ. ახლა კიდევ ორი თამაში დაგვრჩა. ესპანეთის ნაკრები ძალიან ძლიერი გუნდია, მაგრამ ახლა ამ გამარჯვებით უნდა დავტკბეთ, შემდეგ ვიფიქრებთ ნახევარფინალზე. იმედი მაქვს, რომ სპინაცოლას ტრავმა სერიოზული არ არის, თუმცა, სამწუხაროდ, ასე გამოჩნდა".

ლეონარდო ბონუჩი: "ძალიან რთული მატჩი იყო. ვიცოდით როგორი ძლიერები არიან შეტევაში. პირველ ტაიმში ვდომინირებდით, შემდეგ კი მეტოქე საეჭვო პენალტმა თამაშში დააბრუნა. მეორე ტაიმში ვაჩვენეთ, თუ რამდენად დიდია ამ გუნდის მებრძოლი გული. ახლა ოცნება უნდა გავაგრძელოთ. ოღონდ, რეალობას არ უნდა მოვწყდეთ. წინ ესპანეთთან ურთულესი თამაში გველის. გუნდი, რომელიც ბელგიის მსგავსად თამაშობს და რომლის ნახევარფინალში გასვლას არ ელოდნენ. დიდი თამაში იქნება. სპინაცოლამ საოცარი ევროპის ჩემპიონატი ჩაატარა და ვინც მას შეცვლის, იგივეს გააკეთებს".

ჯანლუიჯი დონარუმა: "მშვიდად ვარ, ამ გუნდისთვის მაქსიმუმს ვაკეთებ. ემოციური საღამო იყო. ჩემს ცხოვრებაში ყველაზე უცნაური ზაფხულია, მაგრამ ახლა მხოლოდ ეროვნულ ნაკრებზე ვფიქრობ. დე ბრუინის დარტყმის მოგერიება ყველაზე მეტად გამიჭირდა. ლუკაკუსთან შელაპარაკება? მას ვუთხარი, რომ პენალტი არ იყო, მან კი პასუხი არ გამცა. ჩვენ გუნდურად გავიმარჯვეთ, ეს საოცარი გუნდია. აქ იმისთვის ვართ, რომ მაქსიმუმი გავაკეთოთ და იტალიელებს სიხარული მივანიჭოთ".

ლორენცო ინსინიე: "ვფიქრობ, რომ გუნდის თითოეულმა წევრმა დღეს წარმოუდგენლად ითამაშა. ყოველთვის ვცდილობ ასეთ სტილში დარტყმას, თამაშებში და ვარჯიშებზე. ბედნიერი ვარ, რომ გავიტანე. შესანიშნავი გოლი იყო, მაგრამ ამ საღამოს ყველამ ერთად მოვიგეთ".

იტალიის ნაკრებმა რეკორდი დაამყარა - პირველი გუნდია, რომელმაც ევროპის ჩემპიონატზე საკვალიფიკაციო ეტაპისა და ფინალური ეტაპის ჩათვლით ზედიზედ 15 თამაში მოიგო. რობერტო მანჩინის გუნდს 32 თამაშია არ წაუგია. "სკუადრა აძურა" ნახევარფინალში 6 ივლისს, ესპანეთის ნაკრებს დაუპირისპირდება.

კომენტარები

ბოლო ამბები