Thumbnail
  • 📅 27 ივნისი | 🏟 ბუდაპეშტი | ⌚ 20:00 | ⚽ ნიდერლანდები V ჩეხეთი
  • ნიდერლანდების ნაკრებმა ჯგუფურ ეტაპზე ყველაზე მეტი გოლი გაიტანა
  • ჩეხეთმა რთულ ჯგუფში დაამტკიცა, რომ მასთან თამაში იოლი არ არის
  • ყველაფერი რაც ამ მატჩის შესახებ უნდა იცოდეთ

ნიდერლანდების ნაკრებმა ჯგუფურ ეტაპზე კარგი შთაბეჭდილება დატოვა და მერვედფინალში თამაშის უფლება ისე მოიპოვა, ალბათ, თავისი შესაძლებლობის მაქსიმუმი არც გამოუვლენია. ჩეხეთმაც გაიარა ეს ეტაპი და მიუხედავად იმისა, რომ ჯგუფში სამიდან ორი კონკურენტი მასპინძელი ჰყავდა, პლეი ოფიში მესამე ადგილით გავიდა.

ნიდერლანდებმა უკრაინას, ავსტრიას და ჩრდილოეთ მაკედონიას მარტივად აჯობა და დაამტკიცა, რომ ტურნირის ერთ-ერთი ფავორიტია. მითუმეტეს, რომ ფრანკ დე ბურის გუნდის ბადე არცთუ რთული მოსჩანს და არ არის გამორიცხული, ეს გუნდი, რომელიც 2014 წლის შემდეგ პირველად თამაშობს დიდ ტურნირზე, ფინალშიც ვიხილოთ. დე ბურს ტურნირის წინ ძალიან ბევრი კრიტიკოსი ჰყავდა, რადგან სამი მცველით თამაშობდა, მაგრამ ფაქტია, ნიდერლანდები ამ სქემით წარმატებით გამოდის. განსაკუთრებით დენზელ დუმფრისი გამოირჩევა, რომელიც მარჯვენა ფლანგზე ბრწყინვალედ თამაშობს და ჯგუფში ერთ-ერთი საუკეთესოც იყო. მის გარდა, შესანიშნავ ფორმაში არიან მატეის დე ლიხტი, მემფის დეპაი, ჟორჟინიო ვეინალდუმი და ფრენკი დე იონგი.

მეორეს მხრივ, ჩეხეთის ნაკრებმა დაამტკიცა, რომ მასთან თამაში ადვილი არ არის. ეს არის მკაცრად დისციპლინირებული გუნდი, რომლის თითოეულმა ფეხბურთელმა იცის, მოედანზე რა დავალება აქვს. ლიდერები ჩეხებსაც ჰყავთ - პატრიკ შიკი, რომელმაც 3 გოლის გატანა მოასწრო და თან ერთი ისეთი შეაგდო, ალბათ, ტურნირის საუკეთესო გოლის ავტორი გახდება.

უყურე ევროს დიდ ეკრანზე!

გუნდებს საკადრო პრობლემები არ აქვთ, თუ არ ჩავთვლით, ლუკ დე იონგის ტრავმას, რომელმაც შეკრება უკვე დატოვა კიდეც. თუმცა, გამოცდილი ფორვარდი ფრანკ დე ბურისთვის ძირითადი შემადგენლობის წევრად არც განიხილებოდა, ამდენად მისი არყოფნა წესი "ნარინჯისფრებს" დიდად არც უნდა დაეტყოთ.

"ნიდერლანდების ნაკრები ძალიან ხარისხიანი გუნდია და დეტალურად შევისწავლეთ. ისინი გოლზე დაგეშილები არიან და განსაკუთრებული ინდივიდუალური უნარები აქვთ. ძალიან მაღალ ტემპში თამაშობენ და იციან, რასაც აკეთებენ. მარტივი მეთოდით და რაც შეიძლება სწრაფად მიაქვთ ბურთი თავდამსხმელებამდე. ასე რომ, თუ მომდევნო ეტაპზე გასვლა გვინდა, 100%-150%-ით უნდა დავიხარჯოთ. თუ ისე ვითამაშებთ, როგორც შოტლანდიასთან ტომაშ ვაცლიკმა და პატრიკ შიკმა ითამაშეს, მაშინ წარმატების დიდი შანსი გვაქვს", - თქვა თამაშამდე ჩეხების მთავარმა მწვრთნელმა იარლოსლავ შილჰავიმ.

"ჩეხეთთან მოსაგებად საჭიროა ჩვენს საუკეთესო კონდიციაში ვიყოთ და უშეცდომოდ ვითამაშოთ. ჯგუფურ ეტაპზე მათ უკვე აჩვენეს, რისი გაკეთებაც შეუძლიათ. ჩვენ ბევრი უნდა ვიმუშაოთ", - აღნიშნა ფრანკ დე ბურმა.

ჩეხეთისა და ნიდერლანდების წყვილში გამარჯვებული 1/4-ფინალში 3 ივლისს, ბაქოში, დანიის ნაკრებს შეხვდება, რომელმაც 1/8-ფინალში უელსის ნაკრები 4:0 გაანადგურა.

საინტერესო ფაქტები

⚽ ბოლოს ეს გუნდები ერთმანეთს 2015 წლის ოქტომბერში შეხვდნენ და ჩეხეთმა 3:2 მოიგო (ევრო 2016-ის საკვალიფიკაციო ეტაპზე). აღსანიშნავია, რომ შესარჩევ ციკლში ნიდერლანდებმა ჩეხეთთან ორივე თამაში წააგო.

⚽ ნიდერლანდები და ჩეხეთი ევროპის ჩემპიონატზე მესამედ დაუპირისპირდებიან (არ ითვლება ჩეხოსლოვაკიასთან გამართული მატჩები). ბოლოს ეს მოხდა 2004 წელს, როდესაც ჯგუფში ნიდერლანდები 2:0-ს იგებდა, მაგრამ საბოლოოდ ჩეხეთმა 3:2 მოიგო და ვლადიმირ შმიცერმა გამარჯვების გოლი 88-ე წუთზე გაიტანა. 2000 წელს კი ნიდერლანდებმა იმარჯვა, ფრანკ დე ბურის გოლით.

⚽ მას შემდეგ, რაც 1988 წელს ნიდერლანდები ევროპის ჩემპიონი გახდა, ტურნირის პლეი ოფში 7 შემთხვევიდან მხოლოდ ორჯერ დაძლია ბარიერი. 2000 წელს მეოთხედფინალში იუგოსლავიას 6:1 აჯობა და 2004 წელს ასევე მეოთხედფინალში შვედეთი პენალტების სერიაში დაამარცხა (5:4).

⚽ ჩეხეთს ევროპის ჩემპიონატზე პლეი ოფში ბოლო ოთხი მატჩიდან 3 წაგებული აქვს: 1996 წელს გერმანიასთან ფინალში, 2004 წელს საბერძნეთთან ნახევარფინალში და 2012 წელს პორტუგალიასთან მეოთხედფინალში.

⚽ ნიდერლანდებს შანსი აქვს ევროპის ჩემპიონატზე ზედიზედ ოთხი თამაში ისტორიაში მეორედ მოიგოს. აქამდე ეს ერთადერთხელ გააკეთა - 2000 წელს, როდესაც სამშობლოში თამაშობდა.

⚽ ჩეხეთმა დიდ ტურნირებზე (მსოფლიოს/ევროპის ჩემპიონატი) ბოლო 7 მატჩიდან მხოლოდ 1 მოიგო (შოტლანდიასთან).

⚽ ნიდერლანდებს მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე შეტევაში ყველაზე მეტი ბურთი აქვს მოპოვებული (მეტოქის კარიდან მაქსიმუმ 40 მეტრის დაშორებით) - 44.

⚽ მემფის დეპაიმ ბოლო 10 მატჩში ნიდერლანდების მაისურით 13 გოლში მიიღო მონაწილეობა (9 გოლი, 4 პასი). ჯგუფურ ეტაპზე კი მხოლოდ რობერტ ლევანდოვსკის ჰქონდა უფრო მეტი დარტყმა კარისკენ (12), ვიდრე დეპაის (11).

⚽ 2019 წლიდან ჟორჟინიო ვეინალდუმმა ნიდერლანდების ნაკრებში 25 მატჩში 15 გოლი გაიტანა და ამ პერიოდში არცერთ ნიდერლანდელ ფეხბურთელს მეტი არ გაუტანია.

⚽ პატრიკ შიკმა ჯგუფურ ეტაპზე კარისკენ 9-ჯერ დაარტყა, ხოლო კარში 6-ჯერ წავიდა ბურთი, რაც ჩეხებს შორის საუკეთესო შედეგია. აქედან 5 ზუსტი დარტყმა მას შოტლანდიასთან ჰქონდა, მომდევნო ორ მატჩში კი მხოლოდ - 1.

⚽ ნიდერლანდებისა და ჩეხეთის ბოლო ხუთ დაპირისპირებაში 3-ჯერ 2.5-ზე მეტი გოლი გავიდა და ასევე 3-ჯერ ორივე გუნდმა გაიტანა.

⚽ ნიდერლანდების ბოლო ხუთ მატჩში 4-ჯერ 2.5-ზე მეტი გოლი გავიდა და 2-ჯერ ორივე გუნდმა გაიტანა.

⚽ ჩეხეთის ბოლო 5 შეხვედრაში 2-ჯერ 2.5-ზე მეტი გოლი გავიდა და ასევე 2-ჯერ ორივე გუნდმა გაიტანა.

⚽ ეს გუნდები ერთმანეთს ისტორიაში 11-ჯერ შეხვედრიან და ჩეხეთი უპირატესობას ფლობს: 5 მოგება, 3 ფრე, 3 წაგება. ჩეხეთს მოგებული აქვს ბოლო თამაშიც.

სავარაუდო შემადგენლობები

ნიდელრანდები (3-5-2): სტეკელენბურგი - დე ლიხტი, დე ვრეი, ბლინდი - დუმფრისი, ფ. დე იონგი, დე რონი, ვეინალდუმი, ვან აანჰოლტი - დეპაი, მალენი.
ტრავმა: ლ. დე იონგი.

ჩეხეთი (4-2-3-1): ვაცლიკი - ცოუფალი, ჩელუსტკა, კალასი, კადერაბეკი - სოუჩეკი, ჰოლეში, მასოპუსტი, ბარაკი, იანკტო - შიკი.

კომენტარები

ბოლო ამბები