Thumbnail
  • 📅 26 ივნისი | 🏟 ამსტერდამი | ⌚ 20:00 | ⚽ უელსი V დანია  
  • ევროპის მიმდინარე ჩემპიონატზე მერვედფინალური ეტაპი იწყება 
  • ეს გუნდები დიდი ტურნირის ფინალურ სტადიაზე პირველად ხვდებიან
  • ყველაფერი, რაც ამ მატჩის შესახებ უნდა იცოდეთ

ევროპის მიმდინარე ჩემპიონატზე პლეი ოფი ამსტერდამში გასამართი მატჩით დაიწყება, რომელშიც ერთმანეთს უელსისა და დანიის ნაკრებები დაუპირისპირდებიან.

უელსის ნაკრებმა 1/8-ფინალი ჯგუფური ეტაპის პირველი-ორი შეხვედრის შემდეგ გაინაღდა. შვეიცარიასთან მიღწეული ფრეს შემდეგ, უელსელებმა თურქეთთან სამი ქულა აიღეს და იტალიის ნაკრებთან მატჩში თავს უკვე მშვიდად გრძნობდნენ.

უელსის ნაკრებს ბევრი კრიტიკოსი არ ჰყავს. მისგან ლამაზი ფეხბურთის ჩვებებას ნაკლებად მოელიან. მიუხედავად ამისა, გუნდის მწვრთნელმა რობ პეიჯმა წინასამატჩო პრესკონფერენციაზე, სათამაშო სტილთან დაკავშირებით, თავი ვალდებულად ჩათვალა, განემარტა: "ალბათ, არცერთ გუნდს ჰყავს კონტრშეტევებისას ისეთი ძლიერი ფეხბურთელები, როგორც ჩვენ. ის, რომ უელსის ნაკრები ტოტალურად შემტევ ფეხურთს არ თამაშობს, სწორედ ამით არის განპირობებული. გვირჩევნია, ბურთი მეტოქეს დავუთმოთ და შანსს დაველოდოთ".

შეხვედრა იმითიცაა საინტერესო, რომ ერთმანეთის წინააღმდეგ თანაკლუბელი მეკარეები, დენი უარდი და კასპერ შმეიხელი წარსდგებიან. უელსელი დანიელის უიმედო დუბლიორია. ის ლესტერში 2018 წელს გადავიდა, მაგრამ პრემიერლიგაში, "მელიების" რიგებში, არცერთი შეხვედრა აქვს ჩატარებული. 

უელსელები დანიასთან მატჩს დანაკლისით ხვდებიან. იტალიის ნაკრებთან მიღებული წითელი ბარათის გამო, მომავალ შეხვედრას ამპადუ გამოტოვებს.

უყურე ევროს დიდ ეკრანზე!

განსხვავებით უელსელებისგან, დანიელებმა ჯგუფური ეტაპის გადალახვა უკანასკნელ მატჩში მოახერხეს. "პარკენზე" სრული ანშლაგის პირობებში, კასპერ ჰიუმლანდის გუნდმა რუსეთის ნაკრებს ანგარიშით 4:1 მოუგო. ერთ-ერთი გოლი ანდრეს კრისტენსენმა გაიტანა, რომელიც ნაკრებში მის მიერ ჩატარებულ 44 შეხვედრაში პირველი იყო. აღსანიშნავია, რომ დანიელთა ცენტრალური მცველის მიერ გატანილი ბურთი ჯგუფური ეტაპის მესამე ტურის საუკეთესო გოლად დასახელდა.

"ჩვენ ძალიან კარგი გუნდი გვყავს, რომერლიც ყველა სათამაშო რგოლში დაბალანსებულია. მიკვირს, რომ პრესის მხრიდან სასტარტო შემადგენლობას დიდი ყურადღება ექცევა ხოლმე. არადა, თუ ჩემი გუნდის თამაშებს გაიხსენებთ, აღმოაჩენთ, რომ ჩვენ მატჩის მეორე ნახევარში ვუმატებთ, ხოლო განსაკუთრებით კარგად შეხვედრების ბოლო ოც წუთს ვთამაშობთ", - განაცხადა მატჩისწინა პრესკონფერენციაზე კასპერ ჰიუმლანდმა. 

დანიის ნაკრებმა პლეი ოფში გასვლა რუსეთთან მოგებით მოახერხა

საინტერესო ფაქტები

⚽ ამ ნაკრებებს ერთმანეთში ათი მატჩი აქვთ გამართული. ექვსჯერ გამარჯვება დანიელებმა, ხოლო ოთხჯერ უელსელებმა მოიპოვეს.

⚽ უელსისა და დანიის ნაკრებები დიდი ტურნირების ფინალურ სტადიებზე ერთმანეთს არასდროს შეხვედრიან.

⚽ უელსის ნაკრებისთვის ეს მესამე ევროპის ჩემპიონატია. 2016 წელს კრის კოლმენის ხელმძღვანელობით გუნდმა სენსაციურად 1/2-ფინალამდე გააღწია.

⚽ დანიის ნაკრები თავის მეცხრე ჩემპიონატს ატარებს. 1992 წელს დანიელებმა ტურნირი ტრიუმფით დაასრულეს.

⚽ უელსის ნაკრებს ჯერ არ ჰქონია შემთხვევა, რომ მისი მონაწილეობით მატჩის გამარჯვებულის გამოსავლენად საჭირო პენალტების სერია გამხდარიყო.

⚽ ასეთი შემთხვევა ოთხჯერ ჰქონდა დანიის ნაკრებს. მათ შორის ერთი 1992 წლის ევროპის ჩემპიონატის 1/2-ფინალში, როდესაც ნიდერლანდებს მოუგო.

სავარაუდო შემადგენლობები

უელსი (4-2-3-1): უარდი - რობერტსი, მეფჰემი, როდონი, ბ. დევისი - მორელი, ალენი - ბეილი, რემზი, ჯეიმსი - მური.

დანია (3-4-3): შმეიხელი - კრისტენსენი, კიაერი, ვესტერგაარდი - ვასი, ჰოიბერგი, დილეინი, მეჰლე - ბრაიტვაიტი, პოულსენი, დამსგაარდი.

კომენტარები

ბოლო ამბები