Thumbnail
  • 📅 26 ივნისი | ⌚ 17:00 | 🏉 საქართველო V ნიდერლანდები | 📺 იმედი TV
  • რაგბის ეროვნულ ნაკრებში ერთი დებიუტანტია

საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრების სამწვრთნელო შტაბმა ნიდერლანდებთან გასამართი მატჩისთვის 23-კაციანი შემადგენლობა დაასახელა, რომელშიც ერთი დებიუტანტია – მესამეხაზელი ილია სპანდერაშვილი. 2021 წლის რაგბი ევროპის ჩემპიონატის (ამავდროულად, 2023 წლის მსოფლიო თასის შესარჩევი ეტაპიცაა) დასკვნითი შეხვედრა 26 ივნისს, 17:00 საათზე თელავში, “კავკასიონი არენაზე“ გაიმართება. ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც “ბორჯღალოსნები” კახეთის რეგიონში ითამაშებენ.

ნიდერლანდებთან მატჩამდე ქართველმა მორაგბეებმა ბოლოს 28 მარტს, რუმინეთის წინააღმდეგ ითამაშეს და 28:17 დაამარცხეს. საქართველოს რაგბის კავშირის ვებ-გვერდის ცნობით, სამი თვის წინანდელი შემადგენლობისგან განსხვავებით, ხაზში სამი ცვლილებაა. წლევანდელ რაგბი ევროპის ჩემპიონატზე პირველად ითამაშებს ვასილ ლობჟანიძე, რომელმაც წინა ოთხი შეხვედრა კოვიდ-ვირუსის გამო გამოტოვა და ის თედო აბჟანდაძეს შეუწყვილდება. ცენტრში თამაშს გუნდის კაპიტანი მერაბ შარიქაძე და გიორგი კვესელაძე იწყებენ. ფრთაზე აკა ტაბუცაძეს და მირიან მოდებაძეს ვიხილავთ. მირიანმა ბოლო სამი თამაში გამოტოვა და ახლა სანდრო თოდუას ადგილს დაიკავებს, რომელიც გუნდს ტრავმის გამო გამოაკლდა. ტრავმირებულია ლაშა ხმალაძეც და ფულბეკად დავით ნინიაშვილი ბრუნდება.

ხაზის თადარიგში მიხეილ ალანია, დემურ თაფლაძე და გიორგი ბაბუნაშვილი არიან. სამწუხაროდ, ლაშა ხმალაძისა და სანდრო თოდუას ტრავმები იმდენად სერიოზული აღმოჩნდა, რომ ისინი ზაფხულის ტესტებს გამოტოვებენ. ტრავმირებულია და სამხრეთ აფრიკაში ვერ მიემგზავრება დავით მესხიც, თუმცა მთავარი მწვრთნელი ლევან მაისაშვილი იმედოვნებს, რომ 17 ივლისს, შოტლანდიასთან მატჩისთვის მზად იქნება: "ორივე მორაგბე შეკრებაზე ტრავმებით შემოვიდა, რომლებიც მანამდე ვერ დაუდგინეს. თოდუამ დიდი 10-ის ფინალიც ტრავმირებულმა ითამაშა, ხმალაძეს კი კუნთის ნაწილობრივი დაზიანება აღმოაჩნდა“.

მათ ნაცვლად გაფართოებულ რაზმს ქუთაისის აიას უკანახაზელი ირაკლი სიმსივე დაემატა, რომელსაც რაგბის გულშემატკივარი უმცროსი ბორჯღალოსნების შემადგენლობაში თამაშითაც იცნობს: “როგორც აღმოჩნდა, ძველი ტრავმა გაუმიზეზდა დავით მესხსაც და სამწუხაროდ, აფრიკაში ვერც ის მიგვყავს. დაენიშნა მკურნალობის კურსი და თუ მზად იქნება, არაა გამორიცხული შოტლანდიასთან თამაშის კვირაში დაგვემატოს. გამომდინარე იქიდან, რომ შეკრებაზე შესვლის შემდეგ ერთბაშად სამი ხაზის მოთამაშე დაგვაკლდა, დავუძახეთ ირაკლი სიმსივეს, რომელსაც ახალგაზრდული ნაკრებიდან ვიცნობთ და მას შემდეგ ვაკვირდებით. მან სეზონი სტაბილურად ჩაატარა, ფიზიკურად კარგი მონაცემები აქვს და მუდმივად პროგრესირებს. ის აფრიკაში ჩვენთან ერთად მოდის და თუ მოგვეცა შესაძლებლობა, შანსსაც აუცილებლად მიიღებს“ – ამბობს მაისაშვილი.

'ბორჯღალოსნებს' ტრადიციულად მერაბ შარიქაძე უკაპიტნებს

ბოლო მატჩის შემდეგ ხუთი ცვლილებაა შერკინებაში. მესამე ხაზში თამაშს 23 წლის დებიუტანტი ილია სპანდერაშვილი იწყებს, რომელიც უმცროსი ბორჯღალოსნების კაპიტანი იყო, მერე კი საქართველოს 7-კაცა და A ნაკრებში ითამაშა. ის ეროვნულ გუნდს კალინინგრადში, რეზერვად დაემატა, თუმცა მაშინ თამაშმა არ მოუწია, ახლა კი შერკინების შემკვრელად ვიხილავთ. მესამე ხაზში ადგილი შეინარჩუნეს მიხეილ გაჩეჩილაძემ და ბექა საღინაძემ.

ლაშა ჯაიანის ტრავმის შემდეგ სრულადაა შეცვლილი მეორე ხაზი და ძირითადში კოტე მიქაუტაძეს და ნოდარ ჭეიშვილს ვიხილავთ. მიქაუტაძეს ნაკრებში 2020 წლის “შემოდგომის ერთა თასის“ შემდეგ არ უთამაშია, ხოლო ჭეიშვილი წინა შეხვედრებში მარქაფაში იყო. მარჯვენა ბურჯის პოზიციაზე ადგილი შეინარჩუნა გიორგი მელიქიძემ, ხოლო მარცხენა ბურჯი ამერიკის პროფესიულ ლიგაში გადასული ნიკოლოზ ხატიაშვილია. მას "ბორჯღალოსნების" კვართით 4-ჯერ უთამაშია, ბოლოს 4 წლის წინ არგენტინასთან. კვაჭის პოზიციაზე გამოცდილი ჯაბა ბრეგვაძეს ვიხილავთ. შერკინების თადარიგში არიან კვაჭი შალვა მამუკაშვილი, ბურჯები გურამ გოგიჩაშვილი და გია ხარაიშვილი, მეორეხაზელი გიორგი ჯავახია და მესამეხაზელი ირაკლი ცხადაძე.

ნიდერლანდებთან აქამდე 4-ჯერ გვითამაშია. პირველი შეხვედრა შორეულ 1995 წელს მეტოქის გამარჯვებით დასრულდა (3:55), ბოლო სამი მატჩში კი, 2000-2002 წლებში, “ბორჯღალოსნების" უპირატესობა აშკარა იყო – 41:6, 32:3 და 88:0. 2002 წელს ნიდერლანდები ქვედა დივიზიონში დაქვეითდა და რაგბი ევროპის ჩემპიონატზე წელს მაისში, ბელგიის 23:21 ძლევის შემდეგ დაბრუნდა. “ბორჯღალოსნებმა” წლევანდელი რაგბი ევროპის ჩემპიონატის ოთხივე შეხვედრა მოიგეს, 18 ქულით პირველ ადგილზე არიან და 26 ივნისს თასს მე-13-ედ ჩაიბარებენ.

კახეთის რეგიონში პირველი სანაკრებო მატჩის გამართვას უმნიშვნელოვანესს უწოდებს მაისაშვილი: “მივესალმები რაგბის კავშირის ინიციატივას, რომ რაგბი რეგიონებში გავიდეს და გულშემატკივრებს ამ ტიპის თამაშების ხილვის შესაძლებლობა ჰქონდეს. კახეთი არაჩვეულებრივი მხარეა და სანაკრებო მატჩის თელავში გამართვა, რეგიონში რაგბის განვითარებისთვის მნიშვნელოვანია. კოვიდ-პანდემიის გამო სტადიონზე მაყურებელთა მხოლოდ 30% დაიშვება და ვიმედოვნებ, რომ ისინი კარგი შთაბეჭდილებების ქვეშ იქნებიან. რაც შეეხება შემადგენლობას, სამხრეთ აფრიკაში 32 მოთამაშე მიდის და სამატჩო რაზმი მათგან შეირჩა. გამომდინარე იქიდან, რომ მორაგბეთა ნაწილმა კოვიდ 19 გადაიტანა, სელექციისას ლიმიტირებული ვიყავით. 26 ივნისის შეხვედრას განვიხილავთ როგორც მოსამზადებელ ეტაპს სამხრეთ აფრიკული ტურნეს წინ. დიდი ხანია ერთად არ გვითამაშია და საჭიროა შეთამაშება“.

თამაშამდე 48 საათით ადრე ცხელი თელავიდან #ბორჯღალლოსნების შემადგენლობა დასახელდა ☀️ 🌡 🏉 გაიგე მეტი აქ ➡️ bit.ly/3d7NOcM 🇬🇪 საქართველო v ნიდერლანდები 🇳🇱 | 26 ივნისი, 17:00, კავკასიონი არენა, თელავი 🏉

Posted by Georgian Rugby on Thursday, June 24, 2021

საქართველო ნიდერლანდებთან

ხაზი: დავით ნინიაშვილი (5 კეპი, 5 ქულა), 14. აკა ტაბუცაძე (11 კეპი, 45 ქულა), 13. გიორგი კვესელაძე (33 კეპი, 25 ქულა), 12. მერაბ შარიქაძე (76 კეპი, 60 ქულა), 11. მირიან მოდებაძე (15 კეპი, 35 ქულა), 10. თედო აბჟანდაძე (24 კეპი, 160 ქულა), 9. ვასილ ლობჟანიძე (57 კეპი, 45 ქულა);

შერკინება: 1. ნიკოლოზ ხატიაშვილი (4 კეპი), 2. ჯაბა ბრეგვაძე (65 კეპი, 25 ქულა), 3. გიორგი მელიქიძე (27 კეპი, 15 ქულა), 4. ნოდარ ჭეიშვილი (30 კეპი), 5. კოტე მიქაუტაძე (66 კეპი, 10 ქულა), 6. მიხეილ გაჩეჩილაძე (16 კეპი, 10 ქულა), 7. ბექა საღინაძე (20 კეპი, 15 ქულა), 8. ილია სპანდერაშვილი (უკეპო);

სათადარიგოები: 16. შალვა მამუკაშვილი (82 კეპი, 55 ქულა), 17. გურამ გოგიჩაშვილი (21 კეპი, 5 ქულა), 18. გია ხარაიშვილი (4 კეპი), 19. გიორგი ჯავახია (5 კეპი), 20. ირაკლი ცხადაძე (3 კეპი); 21. მიხეილ ალანია (4 კეპი), 22. დემურ თაფლაძე (8 კეპი, 5 ქულა), 23. გიორგი ბაბუნაშვილი (2 კეპი, 3 ქულა).

კომენტარები

ბოლო ამბები