Thumbnail
  • ხორვატიის ნაკრებმა ევრო 2020 მძიმედ დაიწყო, მაგრამ 1/8 ფინალშია
  • პოპსპორტი დალიჩის გუნდის შესახებ ყოფილ მწვრთნელ ივო შუშაკს ესაუბრა

“ჰემპდენ პარკზე” შოტლანდიის ნაკრების წინააღმდეგ მოპოვებულმა გამარჯვებამ (3:1) ხორვატიის ნაკრებს ჯგუფური ეტაპი მეორე ადგილზე დაასრულებინა და მერვედფინალში გაიყვანა. ზლატკო დალიჩის გუნდმა ევროპის ჩემპიონატზე თამაში მძიმედ დაიწყო, ჯერ ინგლისთან დამარცხდა (0:1), შემდეგ კი ჩეხეთს ვერ მოუგო (1:1). ბოლო ტურში ხორვატებს ურთულესი მისია ჰქონდათ და შოტლანდია გლაზგოში დაამარცხეს.

ხორვატიის ნაკრების მიერ ნაჩვენებ შედეგზე და გუნდის თამაშის ხარისხზე, ასევე იმაზე, თუ რატომაა მნიშვნელოვანი, რომ ბალკანელები მერვედფინალურ მატჩს კოპენჰაგენში ჩაატარებენ, პოპსპორტს საქართველოს ნაკრების და დინამო თბილისის ყოფილი მთავარი მწვრთნელი, ფეხბურთის ხორვატი სპეციალისტი ივო შუშაკი ესაუბრა.

ივო შუშაკი: ტურნირის სტარტზე ხორვატიის ნაკრებმა არ დატოვა კარგი შთაბეჭდილება. ვერავინ იტყოდა, რომ გუნდი მსოფლიო ვიცე-ჩემპიონია, მაგრამ ნელ-ნელა მოუმატეს. ეს კი მიმაჩნია, რომ პროცესის სწორად დაგეგმვის შედეგია, რისთვისაც ზლატკო დალიჩს საქებარი სიტყვები ეკუთვნის. ჩეხეთთან გუნდმა უფრო უკეთ ითამაშა, ვიდრე ინგლისთან, შოტლანდიასთან კი იმაზე უკეთ გამოიყურებოდა, ვიდრე ჩეხეთთან. “ჰემპდენ პარკზე” მიღწეული გამარჯვების შემდეგ უკვე ყველა კმაყოფილია. მნიშვნელოვანია, რომ დალიჩის გუნდმა მიზანს მაღალი ხარისხის ფეხბურთით მიაღწია. ხორვატიაში გულშემატკივრებმა პირველი ეტაპის წარმატებით გადალახვა არცთუ ისე დიდი, მაგრამ მაინც ზეიმით აღნიშნეს.

POPSPORT: ეთანხმებით თუ არა მოსაზრებას, რომ ხორვატიის ნაკრებში თაობათა ცვლის პროცესი დაგვიანდა?

შუშაკი: შემიძლია გარანტირებულად გითხრათ, რომ ევროპის ჩემპიონატის დასრულების შემდეგ გამოცდილი ფეხბურთელების ახალგაზრდებით ჩანაცვლება დაიწყება, თუმცა ხელაღებით მსგავსი რამის გაკეთება სარისკოა. ხორვატიაში ძალიან ბევრი მაღალი დონის ახალგაზრდა ფეხბურთელია. დიდი ალბათობით, მსოფლიო ჩემპიონატზე გულშემატკივრები გადახალისებულ ხორვატიას ნახავენ.

POPSPORT: როგორ შეაფასებდით ხორვატიის ნაკრების შანსებს თუნდაც 1/8 ფინალურ ეტაპზე?

შუშაკი: თუ დამიჯერებთ, ხორვატიის ნაკრების მთავარი მოწინააღმდეგე მატჩებზე გულშემატკივრების არყოფნაა. ახლა ჩვენ დანიის მთავრობის მხრიდან, 20 000 ხორვატი ქომაგის შეხვედრაზე ყოფნის დასტური გვაქვს მიღებული. ხორვატიის ნაკრებისთვის მისი ფანები მე-12 მოთამაშის როლს ასრულებენ. აქედან გამომდინარე, 1/8 ფინალში ხორვატიის ნაკრების მეტოქეს ძალიან გაუჭირდება - ვინც არ უნდა იყოს.

1/8 ფინალში ხორვატიის ნაკრების მეტოქე E ჯგუფის მეორეადგილოსანი იქნება. შეხვედრა დანიის დედაქალაქ კოპენჰაგენში 28 ივნისს გაიმართება და თბილისის დროით 20 საათზე დაიწყება.

კომენტარები

ბოლო ამბები