Thumbnail

ინგლისის ეროვნულ ნაკრებს დანაკლისი აქვს. "სამ ლომს" ჩეხეთის წინააღმდეგ მეისონ მაუნტი და ბენ ჩილუელი ვერ დაეხმარებიან. ორივე ფეხბურთელს კონტაქტი ჰქონდა ბილი გილმორთან, რომელსაც ცოტა ხნის წინ კოვიდ-19 დაუდასტურდა.

ინგლისის საზოგადოებრივი ჯანდაცვის რეკომენდაციის თანახმად, მაუნტი და ჩილუელი იზოლაციაში 28 ივნისამდე დარჩებიან. ორივე ფეხბურთელი საწვრთნელ პროცესს გუნდისგან მოშორებით ჩაატარებს.

ბილი გილმორს კორონავირუსი ინგლისი-შოტლანდიის მატჩის შემდეგ დაუდასტურდა, რომელიც ფრედ 0:0 დასრულდა. შეხვედრის შემდეგ მაუნტი და ჩილუელი გილმორს (სამივე ჩელსის ფეხბურთელია) ჯერ მოედანზე შეხვდნენ და ესაუბრნენ, ხოლო შემდეგ სტადიონის გვირაბში ერთად 25 წუთი გაატარეს, რაც ინფიცირებულთან ახლო კონტაქტად შეფასდა.

ახალგაზრდა შოტლანდიელი ფეხბურთელის ინფიცირების შემდეგ, ინგლისის ნაკრების ყველა წევრმა კოვიდ-19-ის ტესტი ჩაიტარა და ყველა მათგანს უარყოფითი პასუხი მოუვიდა. მიუხედავად ამისა, ინფიცირებულთან ახლო კონტაქტის გამო, მეისონ მაუნტს და ბენ ჩილუელს იზოლაციაში გადასვლა მოუხდათ. ამ დროისთვის ორივე ფეხბურთელზე დაკვირვება მიმდინარეობს.

კომენტარები

ბოლო ამბები