Thumbnail
  • ევროპის ჩემპიონატის ფინალის ჩატარება უემბლიზეა დაგეგმილი
  • იტალიის პრემიერ-მინისტრი მატჩის რომში ჩატარებას ითხოვს  

დიდ ბრიტანეთში კოვიდ-19-ის შემთხვევების ზრდის გამო, მედიაში ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ შესაძლებელი იყო, უეფას მიმდინარე ევროპის ჩემპიონატის ფინალი ლონდონიდან სხვა ქალაქში გადაეტანა.

ვარიანტად დასახელდა უნგრეთის დედაქალაქი ბუდაპეშტი და მისი "პუშკაშ არენა", რომელიც F ჯგუფის მასპინძელია და სტადიონზე მაყურებელთა 100 პროცენტს უშვებს. ის ფაქტი, რომ "პუშკაშ არენის" ტრიბუნები მთლიანად ივსება, პრესაში სერიოზულ არგუმენტს წარმოადგენდა.

ცოტა ხნის წინ კი იტალიის პრემიერ-მინისტრმა მარიო დრაგიმ განაცხადა, რომ ის არ დაუშვებდა ისეთ ქვეყანაში ფინალის ჩატარებას, სადაც პანდემია პროგრესირებს და დაინფიცირების მაღალი რისკია. ლონდონის სანაცვლოდ კი დრაგიმ უეფას ფინალის რომში გადატანა შესთავაზა.

იტალიის პრემიერ-მინისტრის განცხადებას მალევე მოყვა უეფას განცხადება, სადაც ნათქვამია, რომ უეფა ფინალის ლონდონიდან გადატანას არ გეგმავს.

ევროს ფინალი 11 ივლისს 'უემბლიზე' უნდა გაიმართოს

"ევრო 2020-ის ნახევარფინალებისა და ფინალის წარმატებით ჩასატარებლად, უეფა ინგლისის ფეხბურთის ასოციაციასა და ინგლისის მთავრობასთან მჭიდროდ თანამშრომლობს. ამ მატჩების ჩატარების ადგილის შეცვლა არ იგეგმება", - წერია უეფას განცხადებაში.

ევროპის ჩემპიონატის ფინალი 11 ივლისს ლონდონშია დაგეგმილი. "უემბლიზე" უნდა ჩატარდეს ტურნირის ნახევარფინალები და ორი მერვედფინალიც. უეფა თათბირობს, რომ ამ მატჩებს "უემბლიზე" 65 000 გულშემატკივარი (სულ 90 000 ეტევა) დაესწროს.

კომენტარები

ბოლო ამბები