Thumbnail
  • ავსტრიის ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე ჯგუფური ეტაპი პირველად დაძლია
  • პოსპორტს დინამო ბათუმის ავსტრიელი ლეგიონერი ლუკაშ გროცურეკი ესაუბრა
  • გროცურეკმა ავსტრიის ნაკრების გამოსვლა შეაფასა და მის ლიდერებზე ისაუბრა 

ავსტრიის ნაკრებმა უკრაინა დაამარცხა, ექვსი ქულა დააგროვა და ევრო 2020-ის ჯგუფური ეტაპი მეორე ადგილზე დაასრულა. პირველად ისტორიაში, ავსტრიელებმა ევროპის ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპი გადალახეს და პლეი ოფში გავიდნენ, სადაც იტალიას შეხვდებიან.

თანამემამულეების წარმატებაზე, ავსტრიის ნაკრების ლიდერებსა და გუნდის სამომავლო პერსპექტივაზე, პოპსპორტთან დინამო ბათუმის ავსტრიელმა ლეგიონერმა ლუკაშ გროცურეკმა ისაუბრა.

ლუკაშ გროცურეკი: პირველ რიგში, ძალიან ნასიამოვნები ვარ შედეგით. ევროპის ჩემპიონატის ისტორიაში ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც ავსტრიის ნაკრებმა ჯგუფური ეტაპის გადალახვა მოახერხა. ამ ნაკრების ყველაზე ძლიერი მხარე მისი ბრძოლისუნარიანობაა. ნიდერლანდების ნაკრებთან წაგებულ თამაშშიც კი, გუნდი ბოლო წუთამდე იბრძოდა. რაც შეეხება ჩრდილოეთ მაკედონიის და უკრაინის ეროვნული ნაკრებების წინააღმდეგ მატჩებს, ყველამ ნახა, რომ ავსტრიელები მეტოქეებს არაფერში ჩამოუვარდებოდნენ. მოგებულ შეხვედრებში გუნდის თავდადებულ ბრძოლას დაემატა მაქსიმალური კონცენტრაცია, მწვრთნელის დავალებების უმაღლეს დონეზე შესრულება და ამან განაპირობა ის, რომ გუნდმა ექვსი ქულა აიღო

POPSPORT: ჯგუფიდან გასვლა სენსაციაა?

გროცურეკი: თამაშამდე 'აზაც' (დინამო ბათუმის უკრაინელი ლეგიონერი ოლეკსანდრ აზაცკი) მეუბნებოდა, რომ უკრაინის ნაკრები მოიგებდა, მაგრამ საბედნიეროდ, მისი პროგნოზი არ გამართლდა. ჩემი აზრით, ავსტრიას უკრაინასა და ჩრდილოეთ მაკედონიაზე უკეთესი გუნდი ჰყავს. ამიტომაც, ჯგუფიდან გასვლას მოულოდნელობად არ მივიჩნევ. ეს არ ნიშნავს, რომ იგივე უკრაინის ნაკრებს ცუდი გუნდი ჰყავს, უბრალოდ, მათი დღე არ იყო.

POPSPORT: ავსტრიის ნაკრებს სხვებისგან აშკარად გამორჩეული სამი ფეხბურთელი ჰყავს. როგორ შეაფასებ არნაუტოვიჩის, ზაბიტცერის და ალაბას თამაშს?

გროცურეკი: არნაუტოვიჩი, რომელიც ახლა უკვე 32 წლისაა, ძალიან დიდი პოტენციალის მქონე მოთამაშეა. დარწმუნებული ვარ, რომ არა მისი ცოტა მძიმე ხასიათი, იგი გაცილებით დიდ კლუბებში შეძლებდა თამაშს. მარკო ავსტრიის ნაკრებისთვის შეუცვლელი ფიგურაა. ასევეა ალაბაც. მის გარეშე ეს გუნდი წარმოუდგენელია. წლების მანძილზე ითამაშო ბაიერნში, ნიშნავს, რომ ნამდვილი სუპერვარსკვლავი ხარ. ალაბა, ისევე როგორც არნაუტოვიჩი, ავსტრიის ნაკრების თამაშს განაპირობებს. ისინი მთელი გუნდისთვის მაგალითის მიმცემები არიან. ზაბიტცერი თითქმის ალაბას ტოლია. ის არ თამაშობს ისეთ გრანდში, როგორიც ბაიერნია, მაგრამ არის მოთამაშე, რომელიც შეტევაში იმავე არნაუტოვიჩს ძალიან ეხმარება. მარსელი ლაიპციგის წევრია და თუ მან პროგრესი გააგრძელა, სულ მალე რომელიმე გრანდის წევრი გახდება.

რა თქმა უნდა, ამ სამეულს ავსტრიის ნაკრების წარმატებაში უდიდესი როლი მიუძღვის, მაგრამ მათ რაც არ უნდა კარგად ეთამაშათ, გუნდის სხვა წევრების გარეშე, რომლებმაც გამარჯვებების მოსაპოვებლად ყველაფერი გაიღეს, ჯგუფურ ეტაპს ვერ გადავლახავდით. ჩვენი ეროვნული გუნდი თითქმის მთლიანად ბუნდესლიგაში მოთამაშე ფეხბურთელებითაა დაკომპლექტებული, რაც იმაზე მეტყველებს, რომ ამ ნაკრებს კიდევ შეუძლია გამარჯვებების მოპოვება, რისიც დიდი იმედი მაქვს.

ავსტრიის ნაკრები ევროპის ჩემპიონატის 1/8-ფინალში A ჯგუფის გამარჯვებულ იტალიის ეროვნულ გუნდს შეხვდება. ეს შეხვედრა  26 ივნისს, ლონდონში, "უემბლიზე" ჩატარდება.

კომენტარები

ბოლო ამბები