Thumbnail

მას მერე, რაც B ჯგუფში თამაშები დასრულდა, დანიის ნაკრები, რომელმაც 4:1 გაანაგდურა რუსეთი, ერთადერთი გუნდი არ არის, რომელმაც 1/8-ფინალის საგზური გაინაღდა ევრო 2020-ზე და აქამდე გასულებს: იტალიას, ნიდერლანდებს, ბელგიას, უელსსა და ავსტრიას შეუერთდა. 

სინამდვილეში მათემატიკურად კიდევ 5 გუნდი გავიდა პლეი ოფში, თანაც ისე, რომ დღეს არ უთამაშიათ. დავიწყოთ შვეიცარიით. ამ ნაკრებმა A ჯგუფში 4 ქულა დააგროვა და მესამე პოზიციაზე დაასრულა ჯგუფური ეტაპი. შვეიცარია უკვე გასულია, რადგან 6-დან 4 საუკეთესო მესამეადგილოსანი გადის და ის უკვე გარანტირებულად არის ამ ოთხეულში, რადგან უკვე აჯობა უკრაინას და ფინეთს. 

დანიამ საგზური ბრძოლით მოიპოვა

დღის ასე ჩამთავრებამ კიდევ ოთხი საგზურის ბედი გაარკვია - D ჯგუფში 21 ივნისს ითამაშებენ ბოლო ტურს, მაგრამ 4-ქულიანები, ჩეხეთი და ინგლისი, რომლებიც ერთმანეთს "უემბლიზე" დაუპირისპირდებიან, უკვე გასულები არიან, რადგან სულ მცირე, ისეთ მე-3 ადგილს იკავებენ, რომელიც პლეი ოფში გასვლის გარანტიას იძლევა. ამავე ჯგუფში ხორვატია-შოტლანდიის ფრე უკრაინას პლეი ოფში გაიყვანს. 

E ჯგუფიდან პლეი ოფი შვედეთმა გაინაღდა, რომელიც ორი თამაშიდან 4 ქულით ლიდერობს და, სულ მცირე, მე-3 ადგილი გარანტირებული აქვს. F ჯგუფიდან საფრანგეთმაც გაინაღდა 1/8 ფინალი, რადგან 4 ქულა აქვს და, სულ მცირე, მე-3 ადგილი გარანტირებული აქვს. შვეიცარიისგან განსხვავებით, ჯერ უცნობია, რა პოზიციით გავლენ პლეი ოფში ჩეხეთი, ინგლისი, შვედეთი და საფრანგეთი. 

ჩეხებმა სასიხარულო ამბავი ვარჯიშზე შეიტყვეს

შეგახსენებთ, რომ ევრო 2020-ის ორი მერვედფინალური წყვილი ცნობილია: 26 ივნისს ბუქარესტში იტალია ავსტრიას დაუპირისპირდება, იმავე დღეს ამსტერდამში უელსი და დანია ითამაშებენ. ისიც გაირკვა, რომ გამარჯვების შემთხვევაში, იტალია და ბელგია ერთმანეთს 1/4 ფინალში (მიუნხენში) დაუპირისპირდებიან. ასევე 1/4 ფინალში (ბაქოში) ითამაშებენ ნიდერლანდები და დანია (ან უელსი) თუ პირველ ეტაპს დაძლევენ.  

კომენტარები

ბოლო ამბები