Thumbnail

უიმბლდონის 2021 წლის გათამაშების ქალთა ძირითად ბადეში გასასვლელად 2 ქართველი ჩოგბურთელი იბრძოლებს. ესენი მარიამ ბოლქვაძე და ეკატერინე გორგოძე არიან, რომელთაც დღეს გამართული წილისყრის შემდეგ, მეტოქეთა ვინაობაც შეიტყვეს.

23 წლის ბოლქვაძე კვალიფიკაციის საწყის რაუნდში 24 წლის რუს ვარვარა ფლინკს ეთამაშება, რომელიც მსოფლიოს 190-ე ჩოგანია. შეგახსენებთ, რომ თავად მარიამი 208-ე ადგილზეა. თუკი ბოლქვაძემ რუსს აჯობა, მე-2 წრეში 23-ე განთესვის მქონე ხორვატ ანა კონიუხსა და “უაილდ ქარდის” მქონე ბრიტანელ მატილდა მუტავჯიჩს შორის უმჯობესს ეთამაშება. სულ ძირითად ბადეში მოსახვედრად 3 თამაშის მოგებაა საჭირო.

წესით, საწყისი ბარიერის დაძლევა არ უნდა გაუჭირდეს ეკატერინე გორგოძეს, რომლის მეტოქეც ასევე “უაილდ ქარდის” პატრონი ევა შოუ (დიდი ბრიტანეთი) იქნება. ეს უკანასკნელი რეიტინგში საერთოდ არ ფიგურირებს, 29 წლის ქართველი ჩოგბურთელი კი კლასიფიკაციაში 206-ეა. წარმატების შემთხვევაში, ეკოს ამერიკელი ჩოგბურთელების – კრისტინი ანისა (მე-13 განთესვა) კაროლაინ დოლეჰაიდის წყვილში გამარჯვებული ელის.

შეგახსენებთ, რომ კაცების ძირითად ბადეში განთესილი იქნება ნიკოლოზ ბასილაშვილი, რომლის მოწინააღმდეგის ვინაობაც მოგვიანებით გაირკვევა. ტრადიციულად წყვილთა გათამაშებაში სცდის ძალებს ოქსანა კალაშნიკოვა. ცნობისთვის, კაცების კვალიფიკაციაში პირველი თამაშები დღეს უნდა ჩატარებულიყო, თუმცა, წვიმის გამო, ყველა თამაში გადაიდო.

კომენტარები

ბოლო ამბები