Thumbnail
  • გენო პეტრიაშვილი ოლიმპიადის ერთ-ერთი უმთავრესი ფავორიტი იქნება
  • მსოფლიო ჭიდაობის გაერთიანებამ წინასწარი განთესვა გამოაქვეყნა

მსოფლიო ჭიდაობის გაერთიანებამ (UWW) ტოკიოს ოლიმპიური თამაშებისთვის თავისუფალ ჭიდაობაში წინასწარი განთესვა გამოაქვეყნა, რომლის თანახმადაც მძიმე წონით კატეგორიაში პირველი ადგილი საქართველოს ნაკრების ლიდერ გენო პეტრიაშვილს (125 კგ.) ერგო.

შეგახსენებთ, რომ ოლიმპიადაზე მედლები მხოლოდ ექვს წონით კატეგორიაში გათამაშდება და პეტრიაშვილი ქართველთაგან ერთადერთია, ვინც საუკეთესო ოთხეულში მოხვდა. გენოს წონაში მე-2 ყაზახი იუსუპ ბატირმურზაევია, მე-3 – თურქი ტაჰა აკგული, მე-4 კი – უკრაინელი ოლეკსანდრ ხოციანოვსკი.

გენო პეტრიაშვილი მძიმე წონაში პირველ ნომრადაა განთესილი

ამგვარად, პეტრიაშვილი, შესაძლოა, ფინალამდე გადაეყაროს უმთავრეს კონკურენტ აკგულს, რომელიც მისთვის ყველაზე უხერხული მეტოქეა. შეგახსენებთ, რომ ტაჰა 2016 წლის რიოს ოლიმპიური თამაშების გამარჯვებული, მსოფლიოს 2-გზის და ევროპის 8-გზის ჩემპიონია.

გასულ ოლიმპიურ თამაშებზე პეტრიაშვილმა ნახევარფინალში ირანელ კომეილ გასემისთან წააგო და რეპეშაჟში გადაერთო, სადაც კანადელ კორი ჯერვისსა და ამერიკელ ტერველ დლაგნევს აჯობა და ბრინჯაოს მედალს დაეუფლა. ქართველ მძიმეწონოსანს მსოფლიოს ჩემპიონატი 3-ჯერ აქვს მოგებული, ევროპის პირველობა კი – 2-ჯერ. შეგახსენებთ, რომ საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრების წევრთაგან ოლიმპიადაზე, პეტრიაშვილის გარდა, ავთანდილ კენჭაძე (74 კგ.) და ელიზბარ ოდიკაძე (97 კგ.) იასპარეზებენ.

ზაფხულის XXXII ოლიმპიური თამაშები იაპონიის დედაქალაქ ტოკიოში 23 ივლისიდან 8 აგვისტომდე პერიოდში ჩატარდება და მოსალოდნელია, რომ მასში მონაწილეობას 205-მდე ქვეყნის დაახლოებით 11 ათასი სპორტსმენი მიიღებს. ოლიმპიურ თამაშებზე საქართველოს დელეგაციის გაცილების და ოლიმპიელთა ფიცის დადების ცერემონია 2021 წლის 14 ივლისს გაიმართება.

კომენტარები

ბოლო ამბები