Thumbnail
  • 📅 22 ივნისი | ⌚ 23:00 | ⚽ ხორვატია V შოტლანდია
  • D ჯგუფის აუტსაიდერების შეხვედრა
  • ფრე ორივე გუნდს ჯგუფში ჩატოვებს
  • ყველაფერი რაც ამ თამაშზე უნდა იცოდეთ

გლაზგოში გასამართი ეს შეხვედრა, როგორც მასპინძლებისთვის, ასევე ბალკანელებისთვის, ფინალის ტოლფასია. ორ-ორი ჩატარებული მატჩის შემდეგ მეტოქეებს თითო ქულა აქვთ.

ბურთების უკეთესი შეფარდების წყალობით, სატურნირო ცხრილში უფრო მაღლა ხორვატიის ნაკრებია. როგორც შოტლანდიელებისთვის, ისე ბოლო მუნდიალის ფინალისტებისთვის, ამოცანა ნათელია - მხოლოდ გამარჯვება, რადგან მოგების გარდა, ყველა სხვა შედეგი ჯგუფში ტოვებს.

ბალკანელები ხორვატიაში, ქალაქ როვინში მდებარე ბაზაზე ვარჯიშობენ. ზლატკო დალიჩის გადაწყვეტილებით, გადამწყვეტი მატჩის მზადების პროცესი ისე დაგეგმა, რომ ხორვატები არ იყენებენ "ჰემპდენ პარკზე" ვარჯიშის შესაძლებლობას.

უკანასკნელ საწვრთნელ პროცესზე ბალკანელებმა დიდი დრო სტანდარტების შესრულებას დაუთმეს. მნიშვნელოვანია, რომ ზლატკო დალიჩს, ვიზავისგან განსხვავებით, ყველა ფეხბურთელი მწყობრში ჰყავს.

ბრუნო პეტკოვიჩი (ხორვატიის ნაკრების თავდამსხმელი): "არ მიყვარს სტატისტიკურ მონაცემებზე დაყრდნობით საუბარი. ფაქტია, რომ ისტორიულად, შოტლანდიის ნაკრებთან დაპირისპირებებში უარყოფითი შედეგი გვაქვს. შოტლანდია ძალიან კარგი გუნდია, მაგრამ მეტოქის სიძლიერეზე ფანებთან საუბარი არ შეიძლება. გულშემატკივარი ჩვენგან ყოველთვის მაქსიმუმს ითხოვს და მით უფრო ვერ გაგვიგებს, თუ იმ მეტოქესთან ვერ მოვიგებთ, რომელთანაც "ქაღალდზე" ფავორიტები ვართ".

შოტლანდიელები უმნიშვნელოვანეს შეხვედრას დიდი დანაკლისით ხვდებიან. სტივ კლარკს COVID-19-ის გამო ინგლისელებთან მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელებული ბილი გილმორი დააკლდება. 

საინტერესო ფაქტები   

⚽ ეს გუნდები ერთმანეთს მეექვსედ ხვდებიან. აქამდე ჩატარებული ხუთი შეხვედრიდან შოტლანდიელებს წაგებული არცერთი აქვთ.

⚽ ხორვატიის ნაკრებმა შოტლანდიასთან ბოლო ორი შეხვედრა მშრალი ანგარიშით წააგო. 

⚽ ხორვატიის ნაკრებისთვის ეს მეექვსე ევროპის ჩემპიონატია. ტურნირი ბალკანელებს მხოლოდ ერთხელ - 2000 წელს აქვთ გამოტოვებული.

⚽ 1998 წლის მუნდიალის შემდეგ, მიმდინარე ევრო პირველი დიდი ტურნირია, რომელშიც შოტლანდიის ნაკრები მონაწილეობს.

⚽ შოტლანდიის ნაკრებს მსოფლიოს და ევროპის ჩემპიონატებზე ჯგუფური ეტაპი არასდროს დაუძლევია.

ხორვატები გლაზგოში გასამართ მატჩს კარგ ხასიათზე ხვდებიან

სავარაუდო შემადგენლობები

ხორვატია (4-3-2-1): ლივაკოვიჩი - ვრსალკო, ლოვრენი, ვიდა, გვარდიოლი - მოდრიჩი, ბროზოვიჩი, კოვაჩიჩი - ივანუშეჩი, პერიშიჩი - პეტკოვიჩი.

შოტლანდია (3-5-2): მარშალი - ჰენდრი, ჰენლი, ტირნი - ო ‘დონელი, მაკტომინეი, მაკგრეგორი, რობერტსონი, მაკგინი - დაიკსი, ადამსი.

კომენტარები

ბოლო ამბები