Thumbnail
  • უეფამ გერმანიის ნაკრების კაპიტნის სამკლაურის საკითხი განიხილა
  • სამკლაური შეფასდა როგორც მრავალფეროვნების ნიშანი

კვირას, უეფა გერმანიის ნაკრების კაპიტნის, მანუელ ნოიერის კაპიტნის სამკლაურის საკითხს იკვლევდა.

ბუნდესგუნდის მეკარეს ევროპის ჩემპიონატის პირველ ორ თამაშში, ასევე ბოლო ტესტ-მატჩში ლატვიასთან, ცისარტყელის ფერებში გადაწყვეტილი სამკლაური ეკეთა. მიზეზი ივნისის “Pride Month” გახლავთ, რომლის ფარგლებში LGBTI-საზოგადოება მთელი მსოფლიოს მასშტაბით საკუთარ უფლებებს იცავს. ცისარტყელის ფერებში გადაწყვეტილი სამკლაური თანასწორობის სიმბოლოა.

კვირას ნაშუადღევს, გერმანულმა ტელეკომპანიებმა RTL-მა და ntv.de-მ გაავრცელეს ინფორმაცია იმის შესახებ, რომ უეფაში ნოიერის საკითხის მოკვლევა დაიწყო. მოგვიანებით, გერმანიის საფეხბურთო კავშირმა (DFB) ეს ინფორმაცია დაადასტურა. საღამოს, ყველაფერი გაირკვა.

“დიახ, მართალია, რომ კაპიტნის სამკლაურის საკითხი გადამოწმდა,” - განუცხადა “კიკერს” DFB-ს პრესსამსახურის უფროსმა იენს გრიტნერმა, - რეგულაციებში წერია, რომ ევროპის ჩემპიონატზე გუნდის კაპიტანმა უეფას მხრიდან შემოთავაზებული სამკლაური უნდა გაიკეთოს.”

როგორც ირკვევა, უეფაში არკვევდნენ, ხომ არ შეიცავდა დისკრიმინაციის წინააღმდეგ ნოიერის აქცია პოლიტიკურ ნიშანს. აქვე აღსანიშნავია, თვითონ უეფაც ხშირად ახორციელებს კამპანიებს დისკრიმინაციის წინააღმდეგ.

საღამოს, გერმანიის საფეხბურთო კავშირმა გამოაქვეყნა პოსტი, სადაც ვკითხულობთ, რომ უეფამ მოკვლევა დაასრულა: "დასკვნაში ვკითხულობთ, რომ ცისარტყელის ფერებში გადაწყვეტილი სამკლაური შეფასდა როგორც მრავალფეროვნების ნიშანი და ე.წ. 'good cause'."

ევროპის ჩემპიონატის მონაწილე ყველა სხვა გუნდის კაპიტნები უეფას ლოგოიან სამკლაურს ატარებენ, რომლებზეც დაწერილია სიტყვა Respect. სხვათა შორის, მიუნხენის მერის, დიტერ რაიტერის ინიციატივაა, ოთხშაბათს, მიუნხენში დაგეგმილი მატჩის ფარგლებში, რომელშიც გერმანია უნგრეთს დაუპირისპირდება, სტადიონი ცისარტყელის ფერებში განათდეს.

კომენტარები

ბოლო ამბები