Thumbnail

მოძალადე, რასისტი და ჰომოფობი? გატუზოს დანიშვნა ფანებმა არ დაუშვეს

სანდრო მისირელი პროფილის ფოტო
სანდრო მისირელი
  • ჯენარო გატუზო ბოლო დღეებში ყურადღების ცენტრშია
  • ტოტენჰემთან მოლაპარაკებები ფანების გამო შეწყდა
  • იტალიელი ქალი ექს-ფეხბურთელი რინოს იცავს

ჯენარო გატუზოს 1 ივლისიდან ფლორენციის ფიორენტინას მთავარ მწვრთნელად მუშაობა უნდა დაეწყო, მაგრამ ამ საქმიდან არაფერი გამოვიდა. მოგვიანებით გავრცელდა ცნობები, რომ იტალიის ნაკრების ყოფილი ნახევარმცველი ტოტენჰემთან აწარმოებდა მოლაპარაკებებს, მაგრამ ‘რინოს’ ეს ამბავიც ჩაეშალა, ინგლისური კლუბი კი ახალი დამრიგებლის ძებნას აგრძელებს.

როგორც ირკვევა, გატუზოს ტოტენჰემში დანიშვნის ამბავი იმის გამო არ გამოვიდა, რომ ინგლისური კლუბის გულშემატკივრებმა სიციალურ ქსელებში დიდი ამბავი ატეხეს და იტალიელის დანიშვნის წინააღმდეგ მასშტაბური აქცია წამოიწყეს.

ტოტენჰემის გულშემატკივრები სხვადასხვა სოცქსელებში ამტკიცებდნენ, რომ გატუზო მოძალადე, რასისტი, ქალების მტერი და ჰომოფობია. ჰეშთეგით #NoToGattuso ტოტენჰემის ფანებმა კლუბის შეფ დენიელ ლევის გააგებინეს, რომ გატუზოს მთავარ მწვრთნელად დანიშვნის სასტიკი წინააღმდეგები იყვნენ. როგორც ჩანს, ლევიმ მათ დაუჯერა და იტალიელთან მოლაპარაკებები შეწყვიტა.

რატომ უყენებენ ინგლისელი ფანები გატუზოს ასეთ ბრალდებებს? კომენტარებში ისინი ‘რინოს’ ძველ გამონათქვამებს და სხვადასხა საქციელებს იხსენებდნენ. ტოტენჰემში არავის დავიწყებია 2011 წელს მომხდარი ამბავიც, როცა გატუზომ მილანისა და ტოტენჰემის მატჩის დროს, ინგლისური კლუბის მწვრთნელის ასისტენტ ჯო ჯორდანს შეუტია და მას ყელშიც სწვდა. მიუხედავად იმისა, რომ იტალიელმა მალევე მოიხადა ბოდიში, ლონდონში ეს ამბავი დღემდე ახსოვთ.

გარდა ამისა, ტოტენჰემის ფანებმა მას 2013 წლის კომენტარიც გაუხსენეს, როცა გატუზომ თქვა: “ფეხბურთში ქალების წარმოდგენა მიჭირს. ამას სიამოვნებით ნამდვილად არ ვამბობ, მაგრამ ასეა.”

იმავე წელს, ჩემპიონთა ლიგის ორგზის გამარჯვებული და მსოფლიოს 2006 წლის ჩემპიონი ისევ ნეგატიური მოვლენით გამოირჩა. იმ დროს, როცა კევინ-პრინს ბოატენგი რასისტული ხასიათის შეტევების მსხვერპლი იყო, 43 წლის გატუზომ თქვა: “რამდენჯერ მოგვისმენია თეთრი ფეხბურთელების გინება? მეც მაგინებდნენ და მლანძღავდნენ, მაგრამ ამას ყურადღებას არ ვაქცევდი. ბოატენგი, რა თქმა უნდა, ნაწყენი და შეურაცხყოფილია, მაგრამ მე აქ მაინც ვერ ვხედავ რასიზმს. ეს უბრალოდ მცირერიცხოვანი იდიოტების საქციელია და არა რასიზმი.”

2011 წლის სკანდალური მომენტი მილანისა და ტოტენჰემის მატჩის დროს

მიუხედავად იმისა, რომ ამის შემდეგ გატუზომ ბევრჯერ თქვა, რომ რასიზმის სასტიკი წინააღმდეგია, ტოტენჰემის გულშემატკივრები მის ამბებს არ ივიწყებენ.

აღსანიშნავია, რომ ჯენარო გატუზო ამჯერად ცნობილმა იტალიელმა ექს-ფეხბურთელმა ქალმა, კაროლინა მორაჩემ დაიცვა. ეს უკანასკნელი მილანში გატუზოს სამწვრთნელო შტაბში მუშაობდა და ამბობს: “დამიჯერეთ, რინო გატუზო დისკრიმინაციის ნებისმიერი ფორმის წინააღმდეგია. ის კარგი ადამიანია იშვიათი ხასიათით. არ ვიცნობ არავის, ვინც მასზე რაიმე ცუდს იტყვის,” - დაწერა ტვიტერში გამოქვეყნებულ პოსტში მან.

ტოტენჰემში რომ აღარ დანიშნავენ, ეს უკვე ცხადია. სად იმუშავებს გატუზო, ჯერჯერობით უცნობია.

კომენტარები

ბოლო ამბები