Thumbnail

30 მილიონი და ნიჭიერი მცველი - იუვენტუსი ლოკატელის ტრანსფერზე მუშაობს

ქეთო რაზმაძე პროფილის ფოტო
ქეთო რაზმაძე
  • მანუელ ლოკატელი იუვენტუსის მთავარი სამიზნეა
  • კლუბებს შორის მოლაპარაკებები მიმდინარეობს
  • ლოკატელი იტალიაში ერთ-ერთი გამორჩეული ტალანტია

იტალიის ნაკრებისა და სასუოლოს ნახევარმცველმა მანუელ ლოკატელიმ შესაძლოა, კარიერა იუვენტუსში გააგრძელოს. 23 წლის ფეხბურთელით ტურინული გრანდი სერიოზულადაა დაინტერესებული და პირველი შეთავაზებაც მოამზადა.

იტალიური პრესის ინფორმაციით, იუვემ აქტიურად დაიწყო ტრანსფერზე მუშაობა და სასუოლოს 30 მილიონ ევროსთან ერთად ფეხბურთელსაც სთავაზობს - რადუ დრაგუშინს. 18 წლის რუმინელი მცველი იუვენტუსის 23-წლამდე გუნდის წევრია და გასულ სეზონში მთავარ გუნდშიც ჰქონდა დებიუტი. აღსანიშნავია, რომ დრაგუშინის მიმართ ინტერესი სასუოლოსაც აქვს.

"ნეროვერდი" ლოკატელის სანაცვლოდ 40 მილიონ ევროს ითხოვს, მაგრამ ტურინელებს სურთ, რომ ფასი შეამცირონ და ამიტომაც რთავენ გარიგებაში ნიჭიერ მცველს, რომელსაც 2 თვის წინ კონტრაქტი გაუხანგრძლივეს. აღსანიშნავია, რომ ლოკატელი ტურინელთა მთავარი სატრანსფერო მიზანია და ახალი მწვრთნელი მასიმილიანო ალეგრი მისი ტრანსფერის მომხრეა.

ლოკატელი და ბონუჩი შესაძლოა თანაგუნდელები გახდნენ

საგულისხმოა ის გარემოებაც, რომ ლოკატელის წინადადებები სხვა გუნდებისგანაც აქვს, მაგრამ თვითონ იუვენტუსში გადასვლის სურვილს გამოთქვამს. კლუბებს შორის საკმაოდ კარგი ურთიერთობაა, რამაც შესაძლოა, შეთანხმების მიღწევა გააიოლოს. სავარაუდოდ, ყველაფერი ევროპის ჩემპიონატის დასრულების შემდეგ გაირკვევა.

გასულ სეზონში მანუელ ლოკატელიმ სასუოლოს რიგებში 34 მატჩში 4 გოლი გაიტანა და 3 საგოლე პასი შეასრულა. ის "ნეროვერდიში" 2018 წლიდან თამაშობს, ხოლო მანამდე საფეხბურთო კარიერა მილანში დაიწყო, რომლის მაისურით 2 გოლი გაიტანა - ერთი იუვენტუსთან და მეორე სასუოლოსთან. იტალიის ნაკრებში მანუელს 12 თამაშში 3-ჯერ აქვს თავი გამოჩენილი, მათ შორის 2 გოლი ევრო 2020-ზე შვეიცარიის წინააღმდეგ გაიტანა.

კომენტარები

ბოლო ამბები