Thumbnail

ევროპის ჩემპიონატის მთავარ ფავორიტად მიჩნეულმა საფრანგეთის ნაკრებმა მეორე ტურში ‘სიკვდილის ჯგუფის’ აუტსაიდერის, უნგრეთის დამარცხება ვერ შეძლო (1:1). დიდიე დეშამის გუნდის თამაში L'Equipe-თან ინტერვიუში საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვილი სანიოლმა შეაფასა - მან ყველაზე მეტად ფრანგების მარჯვენა მცველი ბენჟამენ პავარი გააკრიტიკა. ლოგიკურია, რომ სანიოლი ყველაზე მეტად სწორედ პავარს აკვირდება, რადგან თვითონაც მარჯვენა მცველი იყო.

“სიმართლე გითხრათ, პავარმა იმედები გამიცრუა. საერთოდ, ის ისეთი ფეხბურთელია, რომელიც თითქმის არასდროს თამაშობს ცუდად. უმეტესად, ყოველთვის ძალიან კარგად გამოიყურება ხოლმე. ახლა კი აშკარად პრობლემები ჰქონდა,” - აცხადებს სანიოლი ინტერვიუში.

ის ფაქტი, რომ გერმანიასთან გამარჯვების შემდეგ საფრანგეთმა უნგრეთის დამარცხება ვერ შეძლო, სანიოლის აზრით, პირველ რიგში სამისადმი ზერელე მიდგომის ბრალია: “მატჩის დასაწყისშივე გამოჩნდა, რომ საფრანგეთის ნაკრების ფეხბურთელები ზედმეტად მშვიდად იყვნენ, თითქოს მეტოქეს არ აფასებდნენ, თვითკმაყოფილება ეტყობოდათ, - ამბობს საქართველოს ნაკრების 44 წლის მწვრთნელი, - შესაძლოა, გერმანიასთან მატჩის შემდეგ ზედმეტად ბევრი სტატია წაიკითხეს და ბევრი სიუჟეტი ნახეს იმის შესახებ, რომ ძალიან მაგრები არიან. როცა ფიქრობ, რომ ფეხბურთში მეტოქეს მხოლოდ ნიჭით დაამარცხებ, ეს თვითკმაყოფილებაა. თანამედროვე ფეხბურთში მხოლოდ ნიჭით ვერავის მოუგებ.”

ვილი სანიოლს საფრანგეთის ნაკრების თამაშში არც ის მოეწონა, რომ მატჩის პირველ 15 წუთში ფრანგები უნგრელების აგრესიულ თამაშს სათანადოდ არ პასუხობდნენ: “უმეტესად ფრანგები იყვნენ წაქცეულები. ამან უნგრელებს მოტივაცია მოუმატა. უნგრელები მაგრად იბრძოდნენ და საფრანგეთის ნაკრებმა ამაზე ფსიქოლოგიური რეაგირება არ მოახდინა. არადა, უნგრელების თამაშის ხისტი სტილი წესით, საფრანგეთისთვის კარგი მაგალითი უნდა ყოფილიყო - მათი დამარცხება ხომ პორტუგალიის ნაკრებსაც ძალიან გაუჭირდა.”


ორი ტურის შემდეგ საფრანგეთის ნაკრები ურთულეს F ჯგუფში მაინც პირველ ადგილზეა, ოღონდ გერმანიას და პორტუგალიას მხოლოდ თითო ქულით უსწრებს. ბოლო ტურის წინ, მერვედფინალში გასვლის შანსი უნგრეთის ნაკრებსაც გაუჩნდა - აუტსაიდერებს ბოლო ტურში გერმანიასთან გამარჯვება სჭირდებათ. დიდიე დეშამის გუნდი კი 23 ივნისს პორტუგალიას დაუპირისპირდება.

კომენტარები

ბოლო ამბები