Thumbnail

პირველ შეხვედრაში უნგრელების დიდი ანგარიშით დამარცხების შემდეგ, პორტუგალიის ნაკრებმა გერმანიის ეროვნულ ნაკრებთან მტკივნეული მარცხი განიცადა - 2:4. ფერნანდო სანტუშის გუნდმა მეტოქისგან ოთხი გოლი გაუშვა. პორტუგალიელების მარცხმა "სიკვდილის ჯგუფში" ბოლო ტურის სუპერდაპირისპირება განაპირობა - ევროპის ჩემპიონი მსოფლიოს ჩემპიონს ეთამაშება. გერმანელებთან პორტუგალიის ნაკრების დამარცხების მიზეზებზე "პოპსპორტთან"  საქართველოს ნაკრების მცველმა, ლაშა დვალმა ისაუბრა.

ლაშა დვალი: ტურნირის დაწყებამდე პორტუგალიის ნაკრები ერთ-ერთ ფავორიტად მიმაჩნდა. აზრი არც ახლა შემცვლია, უბრალოდ, აუცილებლად უნდა აღვნიშნო, რომ ნახევარდაცვის ამ ცენტრით, პორტუგალიას ევროპის ჩემპიონატის მოგება ძალიან გაუჭირდება. ვილიამ კარვალიო და დანილო პერეირა, რა თქმა უნდა, ძალიან კარგი ფეხბურთელები არიან, მაგრამ ევროპის ჩემპიონობისთვის ეს საკმარისი არაა. გუნდში აშკარა დისბალანსი იგრძნობა. პორტუგალიის ნაკრებს შესანიშნავი შემტევები ჰყავს, მაგრამ ცენტრალური ნახევარმცველები ასეთივე ძლიერები ვერ არიან. 

გოზენსი ერთ-ერთი საუკეთესო იყო

გერმანიამ მეტოქე ტაქტიკურად ძალიან დაჯაბნა. ჰავერტცი, გნაბრი, მიულერი მცველებსა და ნახევარმცველებს შორის ზონაში ბურთს ძალიან ადვილად იღებდნენ. სწორედ ამან განაპირობა ლიოვის გუნდის ასეთი დიდი უპირატესობა. როდესაც გუნდი ოთხ გოლს უშვებს, ბუნებრივია, რომ კრიტიკის მთავარი ობიექტები მცველები და მეკარე არიან. ამ შემთხვევაში რუი პატრისიოს დადანაშაულება ყველაზე ნაკლებად შეიძლება, ხოლო წაგებაზე პასუხისმგებლობა მცველების ოთხეულთან ერთად, აუცილებლად ნახევარმცველებმაც უნდა აიღონ. ამით იმის თქმა არ მინდა, რომ პორტუგალია დაცვის ხაზში გამართულად მოქმედებდა, მაგრამ გერმანიის ნაკრებს შეტევაში ბევრი რამ რომ გამოსდიოდა, მარტო დაცვის კვარტეტის ბრალი ნამდვილად არაა.

ცალკე შეიძლება საუბარი გოზენსისა და კიმიხის თამაშზე. როგორც ერთმა, ისე მეორემ, თავის ოპონენტებს აშკარად აჯობეს, მაგრამ აქაც ერთი მნიშვნელოვანი დეტალია საგულისხმო: ერთი-ერთზე ბრძოლებში მათ თავისი ოპონენტები არ დაუჯაბნიათ. რაფაელ გერეირო და ნელსონ სემედუ პირველ რიგში იმიტომ დაიჩაგრნენ, რომ ისინი თავისი ზონების გაკონტროლებას ვერ ასწრებდნენ. ამის მიზეზი კი ისაა, რომ მოედნის ცენტრში პორტუგალია მეტოქის შეტევებისას ძალიან ინერტული იყო. არ შეიძლებოდა, რომ ფლანგებზე მოთამაშე გერმანელებს, ბურთი ასე ხშირად და ასე თავისუფლად მისვლოდათ, შესაბამისად, გამოვიდა რომ საჯარიმო მოედანში თითქმის ყველა ჩაწოდება, სახიფათო იყო

POPSPORT: კიმიხი და გოზენსი საუკეთესოები იყვნენ?

ლაშა დვალი: უდავოდ! ორივემ ძალიან მაგარი მატჩი ჩაატარა. საერთოდ, კიმიხი თავის პოზიციაზე მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესოა. ამ ფეხბურთელს თამაშის რიტმის არაჩვეულებრივი გრძნობა გააჩნია, ტაქტიკურად სრულყოფილადაა მომზადებული, აღარაფერს ვამბობ ფიზიკურ მომზადებაზე. რაც შეეხება გოზენსს, ერთს ვიტყვი, როდესაც სემედუს კლასის მცველს ასე აჯობებ, ბევრი შეფასება შენს მოქმედებებს აღარ სჭირდება.

ჯგუფური ეტაპის ბოლო შეხვედრას პორტუგალიის ნაკრები საფრანგეთის ეროვნული ნაკრების წინააღმდეგ გამართავს. 2016 წლის ევროპის ჩემპიონატის ფინალისტების მატჩი შეხვედრა 23 ივნისს ბუდაპეშტში გაიმართება.

კომენტარები

ბოლო ამბები