Thumbnail

ევროპის ჩემპიონატის F ჯგუფში გერმანიის ნაკრებმა მიუნხენში პორტუგალიის ნაკრები 4:2 დაამარცხა და უმნიშვნელოვანესი გამარჯვება მოიპოვა, რითაც პლეი ოფისკენ დიდი ნაბიჯი გადადგა. მატჩის შემდეგ გერმანელთა მთავარმა მწვრთნელმა იოახიმ ლიოვმა და ფეხბურთელებმა კომენტარები გააკეთეს.

იოახიმ ლიოვი (გერმანიის ნაკრების მწვრთნელი): "გასულ დღეებში რამდენიმე საკითხზე ვისაუბრეთ. საფრანგეთთან თამაშის შემდეგ ბალანსს ვეძებდით და ვიცოდით, რომ საგოლე მომენტები უფრო მეტად უნდა შეგვექმნა. შესანიშნავად ვიბრძოლეთ და გუნდმა თავისი თავი წარმოაჩინა. ძალიან კარგად ვითამაშეთ შეტევაში ნამდვილად ძლიერი მეტოქის წინააღმდეგ".

კაი ჰავერტცი: "ჩემი აზრით, საფრანგეთთან არცთუ ისე ცუდად ვითამაშეთ. დღეს უფრო მეტი შანსი გვქონდა და უფრო შემტევი ფეხბურთი ვითამაშეთ. შეგვიძლია ბედნიერები ვიყოთ, მაგრამ ასე უნდა გავაგრძელოთ".

თომას მიულერი: "ჩვენ ძალიან გჭირდებოდა ეს 3 ქულა და ახლა ისევ ყველაფერი ჩვენს ხელშია. თუმცა, კონცენტრაცია არ უნდა დავკარგოთ და უნგრეთის წინააღმდეგ თამაში ძალიან უხერხულია. ჩვენი თამაშის რამდენიმე ასპექტი კარგი იყო, მაგრამ ასევე იყო რამდენიმე რამ, რაც მნიშვნელოვნად უნდა გავაუმჯობესოთ".

რობინ გოზენსი: "ეს გამარჯვება ჩემთვის ყველაფერს ნიშნავს. დღეს მთელი გუნდი ერთი მიმართულებით მიდიოდა და გუნდური სულისკვეთებით 3 ქულით დავჯილდოვდით".

შეგახსენებთ, რომ F ჯგუფში საფრანგეთის ნაკრები 4 ქულით ლიდერია, გერმანიას და პორტუგალიას 3-3 ქულა აქვთ, ხოლო უნგრეთი 1 ქულით ბოლო ადგილზეა. ბოლო ტურში საფრანგეთი-პორტუგალიას და გერმანია-უნგრეთს შეხვდება.

კომენტარები

ბოლო ამბები