Thumbnail

საფრანგეთის ეროვნულმა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის "სიკვდილის ჯგუფში" მეორე მატჩი ჩაატარა. "პუშაკაშ არენის" სავსე ტრიბუნები გახდა ერთ-ერთი მიზეზი იმისა, რის გამოც მოქმედმა მსოფლიოს ჩემპიონმა უნგრეთის ნაკრებთან ქულები დაკარგა. დიდიე დეშამის გუნდის თამაში პოპსპორტთან ბათუმის დინამოს ფრანგმა ფორვარდმა ვამარა სანოგომ შეაფასა.

ვამარა სანოგო: "საფრანგეთის ნაკრებისთვის ეს შედეგი ბოლომდე დამაკმაყოფილებელი, რა თქმა უნდა, არ არის, მაგრამ გასათვალისწინებელია ის, რომ უნგრეთის ეროვნული გუნდი ძალიან მოტივირებული იყო. მასპინძლებს მხარს სავსე ტრიბუნებიც უჭერდა, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. იმავე პორტუგალიის ნაკრებმა უნგრელებთან გადამწყვეტი უპირატესობა მხოლოდ მატჩის ბოლო წუთებში მოიპოვა. ამ ფორმაციის საფრანგეთის ნაკრებს თამაში ბევრად კარგად შეუძლია და მჯერა, ეს გუნდი თავისი პოტენციალის გამოვლენას უახლოეს მატჩებში შეძლებს.

POPSPORT: ბევრი მიიჩნევს, რომ საფრანგეთის ნაკრები ძალიან პრაგმატულად თამაშობს. არადა, გუნდს აქვს რესურსი, რომ გაცილებით სანახაობრივი ფეხბურთი აჩვენოს.

სანოგო: დეშამი აკეთებს ყველაფერს იმისთვის, რომ გუნდის შემტევი პოტენციალი უფრო ეფექტურად გამოვლინდეს. ამაზე ისიც მიანიშნებს, რომ მან ნაკრებში ბენზემა გამოიძახა. აქ საუბარი მარტო იმაზე არაა, რომ ბენზემა უმაღლესი კლასის თავდამსხმელია. ქარიმის ნაკრებში გამოძახებით და მისი სასტარტო შემადგენლობაში დაყენებით, დეშამმა უარი თქვა ე.წ. ტიპურ 9 ნომერზე - ფორვარდზე, რომელიც მეტოქის დაცვაში მაქსიმალურად ღრმად არის შეწეული და თანაგუნდელებთან შედარებით იშვიათად ეხება ბურთს. მისი ეს გადაწყვეტილება იმაზე მიუთითებს, რომ მთავარ მწვრთნელს სურს, ბურთზე კონტროლი კიდევ უფრო გაზარდოს, რაც გუნდის უპირატესობის გარკვეული გარანტი იქნება. დარწმუნებული ვარ, ტურნირის მსვლელობისას საფრანგეთის ნაკრები აუცილებლად მოუმატებს და მისი შეტევების სიმწვავეზე არანაკლები საუბარი იქნება, ვიდრე პრაგმატულობაზე.

ნაკრებში დარუნებულმა ბენზემამ ევროზე გოლის გატანა ჯერჯერობით ვერ მოახერხა

POPSPORT: ბენზემა თუ ჟირუ?

სანოგო: ჩემი აზრით, ბენზემა. ჟირუ ძალიან კარგი ფეხბურთელია, მაგრამ მიმაჩნია, რომ ბენზემა თავის თავში აერთიანებს ყველა იმ კარგ თვისებას, რომელიც ჟირუს გააჩნია და აქვს კიდევ რამდენიმე ისეთი პლუსი, რომელიც არ აქვს ჟირუს. ქარიმის მსგავსად, ჟირუც ძალიან კარგია ბურთისთვის ბრძოლაში, პარტნიორების პასებით მომარაგებისას, მაგრამ ბენზემა იმითი სჯობს, რომ უფრო მოძრავია, სულ ბურთს ითხოვს. რეალში მას ძალიან მაგარი სეზონი ჰქონდა. თუ საფრანგეთის ნაკრები ისევე შეძლებს ქარიმის გამოყენებას, როგორც ამას გასულ სეზონში რეალში აკეთებდნენ, დეშამის გუნდისთვის ეს შესაძლოა, მთავარ იარაღი გახდეს.

ჯგუფური ეტაპის ბოლო ტურში საფრანგეთის ეროვნული ნაკრები პორტუგალიას ეთამაშება. შეხვედრა 23 ივნისს, ბუდაპეშტში ჩატარდება და თბილისის დროით 23 საათზე დაიწყება.

კომენტარები

ბოლო ამბები