Thumbnail

ბუდაპეშტის გადავსებულმა "პუშკაშ არენამ" ევროპის ჩემპიონატის უმთავრეს ფავორიტად შერაცხულ საფრანგეთის ნაკრებს უმასპინძლა. დიდიე დეშამის გუნდმა გულშემატკივარს მოლოდინი ვერ გაამართლა - გულშემატკივრების მხარდაჭერით გამხნევებულმა უნგრეთის ნაკრებმა ბოლომდე იბრძოლა და ქულა მოიპოვა. 

მასპინძელთა იტალიელმა თავკაცმა მარკო როსიმ, პორტუგალიასთან წინა თამაშთან (0:3) შედარებით, ამჯერად სასტარტო შემადგენლობაში მხოლოდ ერთი ცვლილება განახორციელა - მარჯვენა გარემარბის პოზიციაზე ლოვრენჩიჩის ნაცვლად ლოიკ ნეგო გაამწა, რაც იმას ნიშნავდა, რომ პარიზში დაბადებულ უნგრელ ფეხბურთელს საფრანგეთის 19-წლამდელთა ნაკრებში ყოფილი თანაგუნდელების, მბაპესა და რაბიოს წინააღმდეგ მოუწევდა თამაში.

დიდიე დეშამმა კი გერმანიასთან მოგებული მატჩის (1:0) შემდეგ ცვლილება დაცვის ხაზში განახორციელა. ბუდაპეშტში სასტარტო შემადგენლობაში მარცხენა ფრთაზე ლუკა დინი დადგა, რომელმაც ლუკას ერნანდესი შეცვალა. ფრანგების შუა ხაზში კვლავაც პოგბა-კანტე-რაბიოს ტრიო განლაგდა, თავდასხმაში კი ქარიმ ბენზემას და კილიან მბაპეს ზურგსუკან ადგილი ანტუან გრიზმანმა დაიკავა.

ბუდაპეშტის არენაზე დასწრების მხრივ შეზღუდვა არ მოქმედებს

"პუშკაშ არენაზე" თამაში ფრანგების კარნახით წარიმართა და მსოფლიოს მოქმედმა ჩემპიონებმა, დიდი უპირატესობის ფონზე, თავიდანვე არაერთი სახიფათო მომენტი შექმნეს. პირველ ტაიმში გატანა მართებდათ ქარიმ ბენზემასაც და კილიან მბაპესაც, მაგრამ ფრანგ ფორვარდებს სულ ცოტა აკლდებოდთ.  უნგრელების მდგომარეობა კი კიდევ უფრო მას შემდეგ დამძიმდა, რაც კაპიტანმა და ლიდერმა ადამ სალაიმ ტრავმა მიიღო და თამაშის გაგრძელება ვეღარ შეძლო.

მაგრამ ტაიმის მიწურულს მასპინძელთა ერთ-ერთი უშვიათესი შეტევა გოლით დასრულდა. ატილა ფიოლამ მარცხენა ფრთაზე სწრაფი იერიში წამოიწყო, როლანდ შალაისთან კომბინაცია გაითამაშა, გაექცა ვარანს და ლორისს ახლო კუთხეში გაუტანა - 1:0.

ფეჰერვარის მცველის გოლმა უნგრელი ფანები გააბედნიერა 

უნგრეთის ნაკრებმა ანგარიშში უპირატესობის შენარჩუნება 66-ე წუთამდე მოახერხა, ფრანგებმა კი გათანარება კილიან მბაპეს იერიშისა და ანტუან გრიზმანის ზუსტი დარტყმის შემდეგ შეძლეს. აღსანიშნავია, რომ იმ ეპიზოდში შეცდომა უნგრელთა მცველმა ვილი ორბანმა დაუშვა, რომელმაც ბურთი კარგად ვერ მოიგერია - 1:1.

დარჩენილ დროში საფრანგეთის ნაკრებს ჰქონდა უპირატესობა და მომენტებიც, მაგრამ უნგრეთის ნაკრებმა ანგარიშის შენარჩუნება და ევროპის მიმდინარე ჩემპიონატზე ერთ-ერთი მთავარი სენსაციის მოხდენა მაინც მოახერხა.

მსოფლიოს ჩემპიონი წაგებისგან ანტუან გრიზმანმა გადაარჩინა

F ჯგუფში მეორე ტურის მატჩს მოგვიანებით ჩაატარებენ პორტუგალია და გერმანია. მესამე ტურში კი საფრანგეთის ნაკრები 23 ივნისს პორტუგალიას დაუპირისპირდება, უნგრელები კი გერმანიას ეთამაშებიან.

TOP - ატილა ფიოლა (უნგრეთი)

ფეჰერვარში ბუდუ ზივზივაძის 31 წლის თანაგუნდელი მთელი მატჩის განმავლობაში ნამდვილად არ ყოფილა მოედანზე ყველაზე შესამჩნევი ფიგურა, მაგრამ უნგრელთა მცველმა პირველ ტაიმში მიღებული შანსი გამოიყენა და ბოლომდე შევსებული 56-იანი “პუკშაშ არენა” დაადუმა. 

ატილა ფიოლამ პირველი ტაიმის მიწურულს ფლანგზე ჯერ ბენჯამინ პავარს აჯობა, შემდეგ კი უგო ლორისს ახლო კუთხეში მარცხენა ფეხით ისე ცისისხლიანად გაუტანა, მსგავსი გილით თვით კილიან მბაპეც იამაყებდა. რაც მთავარია, ფიოლას გოლმა უნგრეთს ქულა მოაპოვებინა, რომელიც გუნდს "სიკვდილის ჯგუფიდან" პლეი ოფში გასვლის შანსს უნარჩუნებს.

FLOP - ვილი ორბანი (უნგრეთი)

ლაიპციგის მცველი 66-ე წუთამდე, ავად თუ კარგად, ახერხებდა ფრანგი შემტევების იერიშების მოგერიებას, მაგრამ ანტუან გრიზმანის გოლის ეპიზოდში უნგრელთა რიგებში თუ ვინმეს დადანაშაულება შეიძლება, სწორედ ისაა. მბაპეს ჩაწოდების შემდეგ, უნგრელმა ფეხბურთელმა თავისი საჯარიმოდან ბურთი კარგად ვერ მოიგერია და გრიზმანს დასარტყმელად დაუგორა, ამ უკანასკნელმა კი თავის გუნდს ქულა გადაურჩინა.     

საინტერესო ფაქტები

📌 დიდიე დეშამის გუნდმა ბოლო ექვსი მატჩიდან პირველად ვერ მოიგო და გოლიც პირველად გაუშვა.

📌 ევრო 2020-ზე გამართულ შეხვედრამდე, უნგრეთის ნაკრებს საფრანგეთთან ზედიზედ ბოლო ხუთი შეხვედრა წაგებული ჰქონდა.

📌 ანტუან გრიზმანმა საფრანგეთის ნაკრების მაისურით ევროპის ჩემპიონატზე მე-7 გოლი შეაგდო. ტურნირში მეტი გოლი მხოლოდ კრიშტიანო რონალდოსა (11) და მიშელ პლატინის (9) გაუტანიათ.

📌 უნგრეთის ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატებზე არასდროს წააგო ის შეხვედრა, რომელშიც ანგარიში გახსნა - 5 მატჩი, 3 მოგება, 2 ფრე.

უნგრეთი 1:1 საფრანგეთი

გოლები: 1:0 ფიოლა (45+2), 1:1 გრიზმანი (66')

უნგრეთი (3-1-4-2): გულაჩი - ბოტკა, ორბანი, ატ.სალაი - ნადი - ნეგო, კლიაინჰაისლერი (84' ლოვრენჩიჩი), შეფერი (75' ჩერი), ფიოლა - შალაი, ად.სალაი (26’ ნიკოლიჩი).

საფრანგეთი (4-3-1-2): ლორისი - პავარი, ვარანი, კიმპემბე, დინი - პოგბა (76' ტოლისო), კანტე, რაბიო (57' დემბელე, 87' ლემარი) - გრიზმანი - ბენზემა (76' ჟირუ), მბაპე.

კომენტარები

ბოლო ამბები