Thumbnail

'დე ბრუინის კლასმა ყველაფერი შემოატრიალა' - რევაზ არველაძე ბელგიის ნაკრებზე

სანდრო ცნობილაძე პროფილის ფოტო
სანდრო ცნობილაძე

ბელგია კიდევ ერთი გუნდია, რომელმაც ორივე სასტარტო მატჩი მოიგო და ჯგუფიდან გასვლის გარანტია მიიღო. "პარკენზე" დანიელების წინააღმდეგ რობერტო მარტინესის გუნდს გაუჭირდა, მაგრამ პირველ რიგში, დე ბრუინის შესანიშნავი თამაშის წყალობით, გამარჯვება მაინც მოიპოვა.

"წითელ ეშმაკებზე", მათ ლიდერ კევინ დე ბრუინსა და სამწვრთნელო შტაბში ტიერი ანრის როლზე პოპსპორტს საქართველოს ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი რევაზ არველაძე ესაუბრა

რევაზ არველაძე: "ემოციური თვალსაზრისით, ბელგიელებმა შესაძლოა ამ ჩემპიონატზე ყველაზე რთული თუ არა, ერთ-ერთი ყველაზე რთული მატჩი ჩაატარეს. ერიკსენის შემთხვევა, დამუხტული დანიელები, რომლებსაც მხარს ტრიბუნები უჭერდნენ... ყველაფერმა ამან ბელგიელებისთვის არაორდინალური ვითარება შექმნა. თან, სტუმრებისთვის მატჩი, ფაქტობრივად, გაშვებული გოლით დაიწყო. ადრეულმა გოლმა დანიელების მუხტი კიდევ უფრო გაზარდა, ხოლო "წითელ ეშმაკებს" საქმე მაქსიმალურად გაურთულა.

მნიშვნელოვანი იყო ის ფაქტიც, რომ გატანილი გოლის შემდეგ, დანიელებს ანგარიშის შენარჩუნებაზე ფიქრი არ დაუწყიათ. თუ ჩავხედავთ სტატისტიკას, ვნახავთ რომ, მათ კარში ძალიან ბევრი დარტყმა ჰქონდათ და ზოგადად, აგრესიულ შემტევ ფეხბურთს თამაშობენ. ერთი პერიოდი დანიის ნაკრების უპირატესობა იმდენად დიდი იყო, რომ ბელგიელების არა თუ მოგება, ქულის აღებაც კი თითქმის წარმოუდგენელი ჩანდა. მთლიანობაში, "წითელი ეშმაკებისთვის" ეს საუკეთესო მატჩი ნამდვილად არ იყო, მაგრამ ბელგიის ნაკრებს ჰყავს ფეხბურთელი, რომლის კლასმაც ყველაფერი შემოატრიალა.

მოედანზე მეორე ტაიმში შესულმა დე ბრუინმა გოლი და საგოლე პასი მიითვალა

ბელგია ჩემი საყვარელი ნაკრები არაა, მაგრამ დე ბრუინი ის ფეხბურთელია, რომელიც ამ გუნდისადმი გულგრილს ვერავის დატოვებს. მოედანზე მისმა გამოსვლამ, მიუხედავად იმისა, რომ ტრავმის შემდეგ პაუზა ჰქონდა, ყველაფერი გადაწყვიტა. პირველი გოლისას ზღაპრული ასისტი გააკეთა. მთლიანობაში, ორივე ბურთი ულამაზესი კომბინაციით გავიდა. ეს არის ფეხბურთელი, რომელსაც ორივე ფეხით შეუძლია უზუსტესი დარტყმების შესრულება, ულამაზესი პასების დარიგება... 

დღეს ვერ ვნახეთ ის ბელგია, რომელზეც დაბეჯითებით შეიძლება თქმა: "ეს გუნდი ჩემპიონობისთვის იბრძოლებს", თუმცა, რობერტო მარტინესს იმდენად დიდი რესურსი აქვს, რომ დარწმუნებული ვარ, ბელგიელები თამაშს გააუმჯობესებენ. ეს არის უაღრესად დაბალანსებული გუნდი, რომელსაც სუპერვარსკვლავებიც ჰყავს. ჩემი დაკვირვებით, ეს გუნდი იმ ფორმაციის ბელგიის ნაკრებზე ძლიერია, რომელმაც 1986 წელს მსოფლიო ჩემპიონატის 1/2-ფინალი ითამაშა.

ბელგიელთა სამწვრთნელო შტაბში ტიერი ანრის როლი განსაკუთრებულია

POPSPORT:  რობერტო მარტინესს კიდევ ერთი უპირატესობა აქვს. მის სამწვრთნელო შტაბში ტიერი ანრია. რას ნიშნავს თუნდაც იმ სუპერვარსკვლავებისთვის გასახდელში ანრის ყოფნა?

რევაზ არველაძე: ანრის სამწვრთნელო შტაბში ყოფნა გააზრებული ნაბიჯია. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, დარწმუნებული ვარ, ის ესპანელ რობერტო მარტინესს ფეხბურთელებთან კომუნიკაციას უადვილებს. ვფიქრობ, რობერტო მარტინესი ისედაც ძალიან კარგი მწვრთნელია, მაგრამ ანრის კონკრეტული ფეხბურთელისთვის დამატებით ისეთი რამის თქმა შეუძლია, რასაც ვერცერთი მწვრთნელი ეტყვის. აქ ერთობლიობაა მნიშვნელოვანი. ცალკე ანრი, როგორც მთავარი მწვრთნელი, იგივე მონაკოს გამოცდილებიდან, ჯერ ვერ შედგა, მაგრამ მარტინესთან დუეტმა შესაძლოა ძალიან მაგარი შედეგი მოიტანოს. ვისაც ფეხბურთი ნათამაშები აქვს, იცის, რომ ვარსკვლავები ცოტა ჭირვეული ხალხია. ანრის ყოფნა კი ერთგვარი დამაბალანსებელი ფაქტორიცაა. მასთან ხომ ვერავინ მივა და ეტყვის: "შენზე დიდი ფეხბურთი მაქვს ნათამაშები".  

21 ივნისს ბელგიელები ჯგუფის უკანასკნელ შეხვედრაში ფინელებს ეთამშებიან, ხოლო დანიელები კი მათთვის გადამწყვეტ შეხვედრაში "პარკენზე" რუსეთის ნაკრებს უმასპინძლებენ.

კომენტარები

ბოლო ამბები