Thumbnail
  • გურამ კაშია და ჯაბა კანკავა სლოვაკეთის ჩემპიონში გადავიდნენ
  • სლოვაკური კლუბის მთავარი მწვრთნელი ვლადიმირ ვაისია

საქართველოს ნაკრების კაპიტანი ჯაბა კანკავა და ვიცე-კაპიტანი გურამ კაშია კარიერას სლოვაკეთის ჩემპიონ სლოვანში გააგრძელებენ. ამის შესახებ ინფორმაცია ბრატისლავურმა კლუბმა ოფიციალურად დაადასტურა. ორივე ფეხბურთელი უკვე სლოვაკეთშია - ჯაბამ და გურამმა კონტრაქტები გააფორმეს.

სლოვანის მთავარი მწვრთნელი საქართველოს ნაკრების ყოფილი დამრიგებელი ვლადიმირ ვაისია, რომელმაც კაშია თავისთან მიიწვია. ბრატისლავური კლუბი სლოვაკეთის მოქმედი ჩემპიონია და სულ მალე ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე ითამაშებს, სადაც მისი მეტოქე ირლანდიური შემროკ როვერსი იქნება.

ჯაბა კანკავა: "სლოვანი ტრადიციული და დიდი კლუბია. აქ თამაშს მოუთმენლად ველოდები. მინდა ყველაფერი გავაკეთო და ჩემი თვისებები მოედანზე ვაჩვენო. ვენდობი მწვრთნელ ვაისს და მის ხედვას, მსურს, მას დავეხმარო ისევე, როგორც მანამდე ის დამეხმარა."

გურამ კაშია: "ძალიან ბედნიერი ვარ. ვიცი, რა მიზნები აქვს სლოვანს და ჩემგან რა მოლოდინი აქვთ. სტადიონი მშვენიერია, საფეხბურთო სულისკვეთება იგრძნობა. კარგად ვიცნობ ვლადიმირ ვაისს, ის ერთ-ერთი საუკეთესო მწვრთნელია, ვისთანაც ოდესმე მიმუშავია და ასევე შესანიშნავი ადამიანია. ახლა მინდა, კარგად მოვემზადო და შემდეგ შევეცდები, ამ კლუბისთვის და გულშემატკივრებისთვის დავიხარჯო."

ვლადიმირ ვაისი: "სრულად ვენდობი ორივე ფეხბურთელს. მათ ნაკრებში თითქმის 100-100 მატჩი აქვთ ჩატარებული. ვეტერანები არიან, მაგრამ დიდი გამოცდილება აქვთ და ამიტომ დავიმატეთ. დღეს საღამოს ჩვენთან ერთად ივარჯიშებენ."

შეგახსენებთ, რომ გურამ კაშიას კარიერის განმავლობაში დინამო თბილისში 2006-2010 წლებში (108 მატჩი, 14 გოლი), არნემის ვიტესში 2010-2018 წლებში (292 მატჩი, 24 გოლი), სან ხოსეში 2018-2020 წლებში (42 მატჩი, 0 გოლი) და თბილისის ლოკომოტივში (17 მატჩი, 4 გოლი) უთამაშია. საქართველოს ნაკრებში გურამმა 87 შეხვედრაში 2 გოლის გატანა შეძლო. კაშია საქართველოს ჩემპიონი (2008), თასისა (2009) და სუპერთასის მფლობელია (2009), ასევე მოიგო ნიდერლანდების თასი 2017 წელს, ხოლო 2012 და 2013 წლებში საქართველოს საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა.

ჯაბა კანკავა ბოლოს ფრანგულ ვალანსიენში თამაშობდა, რომლის რიგებში 9 თამაში ჩაატარა. მანამდე ის დინამო თბილისში, ალანიაში, კიევის არსენალში, დნიპროში, კრივაბში, რეიმსსა და ტობოლში თამაშობდა.

კომენტარები

ბოლო ამბები