Thumbnail

8points9seconds-მა ინდიანა პეისერსის ქართველი ცენტრის გოგა ბითაძის გასული სეზონი შეაჯამა და მას საერთო ჯამში, წარმატებული უწოდა. ამერიკულმა ვებ-გვერდმა იმის იმედიც გამოთქვა, რომ 21 წლის კალათბურთელი პროგრესს მომავალშიც განაგრძობს:

“გოგა ბითაძემ ინდიანა პეისერსში მე-2 სეზონი დაასრულა. შეიძლება ითქვას, რომ მან დიდი გზა გაიარა იმ ცნობილი ფოტოს შემდეგ, რომელიც 2019-20 წლების დრაფტის პერიოდში გადაუღეს. რა შეიცვალა გოგას პირველი წლის შემდეგ? მისთვის სადებიუტო სეზონში ბითაძის გაცილებით მეტის გადალახვა მოუხდა, ვიდრე სტანდარტულად იმ კალათბურთელებს, ვინც NBA-ში კარიერას იწყებს. რომ არაფერი ვთქვათ უცხო ქვეყანაში გადასვლასა და ოჯახისგან მოშორებით ცხოვრებაზე, ხშირად საქმეში ხომ ფსიქოლოგიური პრობლემებიც ერთვება.

გოგა ბითაძეს NBA-ში დებიუტი 2019-20 წლების სეზონში უკვე მე-2 მატჩშივე ჰქონდა და ოთხ წუთამდე დროში პირველი ქულებიც მიითვალა. იმ სეზონში მან 54 შეხვედრა ჩაატარა, სანამ ლიგამ სეზონი კოვიდ-პანდემიის გამო შეაჩერა. ბითაძის საშუალო მონაგარი 3.2 ქულა და 2.0 მოხსნა იყო, თამაშიდან 46%-იანი სიზუსტით ესროდა, სამქულიანებს კი – 19%-ით. სათქმელია ისიც, რომ ის მხოლოდ 8.7 წუთს თამაშობდა და ეს, ინდიანას მაშინდელი მთავარი მწვრთნელის ნეიტ მაკმილანის აზრით, სრულიად ნორმალური იყო. სათქმელია ისიც, რომ გოგას “სქრინების” დაყენება და სწორად გადაადგილებაც უჭირდა.

გასულ სეზონში ბითაძის პროგრესი შესამჩნევია. ეს, განსაკუთრებით ნათლად ბლოკ-შოტებში აისახა. 21 წლის ცენტრმა ამ მხრივ მაჩვენებელი ლამის გააორმაგა: 60 დაფარება 37-ის ნაცვლად. მათ შორის იყო ბლოკ-შოტი მედია-დღის გმირ ზაიონ უილიამსონის წინააღმდეგ. გოგა კვლავაც ძალიან ცდილობდა პერიმეტრეზე თამაშის გაუმჯობესებას. თამაშში 1.8 სამქულიანი 25%-იანი სიზუსტით საუკეთესო მაჩვენებელი ნამდვილად არაა, თუმცა, ეს ნამდვილად უკეთესია, ვიდრე – 19% პირველ სეზონში. ხშირად მას სამქულიანის სროლისთვის შესაფერისი მომენტის შერჩევა უჭირდა, თუმცა, ეს გამოსწორებადია.

თუკი გოგა მომავალ სეზონში ზუსტი სროლების პროცენტული მაჩვენებლის გაუმჯობესებას მოახერხებს, ეს, შემდგომი წინსვლის კარგი წინაპირობა იქნება. ყველაფრის მიუხედავად, მისი როლი გასულ სეზონშიც იზრდებოდა და ის თამაშში საშუალოდ 12.5 წუთს გაუთანაბრდა. იყო პროგრესი მოხსნების კუთხითაც. ამ სეზონში ბითაძე ბურთს საშუალოდ 3.3-ჯერ ხსნიდა და ჯამში 150 მოხსნაზე ავიდა პირველი სეზონის 106 მოხსნის საპირისპიროდ. გოგა ფარქვეშ უფრო დამაჯერებლად გამოიყურებოდა და უფრო ფოკუსირებულიც სჩანდა. რამდენიმე მატჩში მისთვის პრობლემად პერსონალური ფოლები იქცა, თუმცა, ამაზე გამოკიდება არ ღირს”.

შეგახსენებთ, რომ გოგა ბითაძეს ინდიანასთან 4-წლიანი კონტრაქტი აკავშირებს, ორი სეზონი უკვე გავიდა, მესამე გარანტირებულია, მეოთხის ბედი კი კლუბმა ახალი სეზონის წინ უნდა გადაწყვიტოს. გასულ სეზონში გოგამ 45 მატჩი ჩაატარა და ასეთი საშუალო მაჩვენებლები ჰქონდა: 12.5 წუთი, 5.1 ქულა, 3.3 მოხსნა, 1.3 დაფარება, 2.1 პერსონალური ფოლი.

კომენტარები

ბოლო ამბები