Thumbnail

'საოცარი პროგრესი განიცადა' - ბეკოშვილმა ბრივთან კონტრაქტი გააგრძელა

დათო მანჯავიძე პროფილის ფოტო
დათო მანჯავიძე
  • ქართველი მორაგბე ფრანგულ კლუბში 2022 წლის ივნისამდე ითამაშებს
  • ის ბრივში 2016 წელს გადავიდა და მისი მაისურით 59 მატჩი აქვს ჩატარებული

საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრების წევრმა სოსო ბეკოშვილმა ფრანგულ ბრივთან კონტრაქტი 1 წლით გააგრძელა და მომავალ სეზონშიც TOP 14-ის კლუბში ითამაშებს. ამ ინფორმაციას ბრიველთა ოფიციალური ვებ-გვერდი ავრცელებს.

27 წლის ბეკოშვილი ბრივში 2016 წელს ასევე ფრანგული შამბერიდან გადავიდა და მას შემდეგ საგრძნობი პროგრესი განიცადა. მიმდინარე სეზონში მან ფრანგული კლუბის მაისური 14 მატჩში მოირგო, 8 შემთხვევაში კი ძირითად შემადგენლობაში იყო. სულ, ქართველ ბურჯს ბრივში 59 თამაში უგროვდება.

სოსო ბეკოშვილი: “ბრივში დარჩენით ძალიან გახარებული ვარ. კორეზის დეპარტამენტში უკვე 5 წელია ვცხოვრობ და აქაურები უკვე ჩემს ძმებად იქცნენ. ამ მორაგბეებთან ერთად დაუვიწყარი პერიოდი გავიარე და იმედი მაქვს, მომავალშიც ასე იქნება”.

ჯერემი დევიდსონი (ბრივის მწვრთნელი): “სოსომ თავის გამოჩენა მაშინვე მოახერხა, როდესაც ჩვენი გუნდის მაისური პირველად მოირგო. მისი უნარების წყალობით, სათამაშო წუთები მოიპოვა და საოცარი პროგრესიც განიცადა. მისი იმედი მომავალ სეზონშიც გვაქვს”.

ქსავიე რიკი (ბრივის გენერალური მენეჯერი): “სოსო ჩვენი კლუბის ფასეულობების განსახიერებაა და დიდი ერთგულებითაც გამოირჩევა. გვიხარია, რომ მას მომავალშიც ბრივის შავ-თეთრ მაისურში ვიხილავთ”.

ცნობისთვის, ბეკოშვილს “ბორჯღალოსნების” მაისურით 11 მატჩი აქვს ჩატარებული, თუმცა, მოახლოებული საზაფხულო ტესტებისთვის გამოძახებული არ არის. სამაგიეროდ, ბრივის საიტმაც დადასტურა, რომ ნაკრებში უხმეს ლუკა ჯაფარიძეს, ირაკლი ცხადაძეს, ვასილ ლობჟანიძესა და თედო აბჟანდაძეს და მათ წარმატება უსურვა.

კომენტარები

ბოლო ამბები